”თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება”

”ნაცვლად იმისა, რომ ესტაკადას 20-30 წელი ემუშავა, უკვე დასანგრევი და სარეკონსტრუქციოა”

მთავრობა სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლის, თბილისი კი დაღუპულებს გლოვობს. 13 ივნისს მოვარდნილი წვიმის შედეგად მდინარე ვერე ადიდდა, ხოლო წყნეთი-ბეთანიის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მდინარე ვერეს ხეობაში ღვარცოფი ჩამოიქცა. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, ხოლო 10-მდე დაკარგულს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. გმირთა მოედნისა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზა დაიტბორა. ასევე, დაიტბორა ზოოპარკი - ცხოველების დიდი ნაწილი დაიხრჩო. 14 მაისს, გვიან ღამით კი ვაკეში, მელიქიშვილისა და ჭავჭვაძის გამზირებზე სავალი გზის მონაკვეთი ჩაინგრა.

ქალაქში გაწმენდითი სამუშოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ქალაქს რიგითი მოქალაქეები და ჯარისკაცები ასუფთავებენ. სტიქიის შემდეგ განსაკუთრებით შემზარავი სურათია გმირთა მოედანზე, ზოოპარკის ტერიტორიასა და ახალ გზაზე.

მართალია, სტიქიის მომდევნო დღეს გამოიდარა, რამაც მოსალოდნელი ზარალი მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ სინოპტიკოსები კვლავ ნალექიან ამინდს ვარაუდობენ. რისკის ზონაში მცხოვრები მოსახლეობა პანიკაშია. მოსალოდნელია თუ არა მსგავსი ტრაგედიის განმეორება? შესაძლებელი იყო თუ არა ეკოკატასტროფის თავიდან არიდება და როგორ აფასებენ სპეციალისტები არსებულ მდგომარეობას და რა რეკომენდაციებით მიმართავენ ხელისუფლებას?

უჩა ზვიადაძე, გეოლოგი, პროფესორი: ”ეს უსახური მშენებლობები უნდა დასრულდეს. რაც კი ახალი კორპუსები აშენდა, ყველა მათგანი უკვე არსებულ, ძველ მიწისქვეშა კომუნიკაციებს შეუერთეს. ამდენ დატვრითვას ვეღარ უძლებს. ნახეთ რა მდგომარეობაა ფალიაშვილზე, ბარნოვზე, ატენზე, მეტი შედეგი რა გინდათ? აღარაფერს ვამბობს ადამიანის ჯანმრთელობისთვის შექმნილ ზიანზე.”

საგულისხმოა, რომ სტიქიით გამოწვეული ზარალის მიუხედავად, თბილისში მშენებლობებზე უკვე გაცემული ნებართვების გადახედვა არ მოხდება. ამის შესახებ bpn.ge-ს დედაქალის ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა - ”რატომ უნდა მოხდეს გაცემული ნებართვების გადახედვა? სადაც შესაბამისი გეოლოგიური დასკვნები არსებობს, იქ მშენებლობები გაგრძელდება.” - აღნიშნა ქუმსიშვილმა. თუმცა, არქიტექტორები და გეოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ. მათი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ თბილისში მშენებლობების ბუმი არ შეჩერდება, სავალალო შედეგი გარდაუვალი იქნება.

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა ექსპერტებმა თბილისში მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ ხელისუფლება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გააფრთხილეს, როცა საცობის განტვირთვის მიზნით, გმირთა მოედანზე ესტაკადა ააშენეს და მდინარე ვერეს ხეობის გასწვრივ ვაკე-საბურთალოსთან დამაკავშირებელი ახალი გზა გაიყვანეს. საცობის განმუხტვა ვერ მოხდა, ხოლო სავალალო შედეგი სახეზეა.

”გმირთა მოედნის დაკავშირება თამარაშვილის ქუჩასთან, მდინარე ვერეს მარცხენა ფერდობის გასწვრივ არ შეიძლება. ერთი შეხედვით პატარა მდინარის არტახებში მოქცევა არაფრით შეიძლებოდა. ფერდობი, სადაც ე.წ. ახალი გზა გადის, სამხრეთის ექსპოზიციის არის, მთელი დღის განმავლობაში მზე აცხუნებს და ფართოვდება. მზის ჩასვლის შემდეგ კი, როცა შუაღამეზე ტემპერატურა იკლებს, ფერდობი იკუმშება. შედეგად, ნაპრალი წარმოიქმნება, ჩნდება დიდი, პატარა ბლოკები, რომელიც როდის ჩამოცვივდება, არავინ იცის. ასეთ დროს ბუნებაში ჩარევა არ შეიძლება. იმ ხევში გზის გაჭრა დაუშვებელი იყო, მაქსიმუმ ერთი კილომეტრზე გაეყვანათ, დანარჩენ ტერიტორიაზე კი ესტაკადა უნდა გადაეტარებინათ. ასეთ შემთხვევაში ქანებს არ შეეხებოდნენ. ხოლო წყალიდობის შემთხვევაში ესტაკადას საშიშროება არ შეექმნებოდა. მაგრამ, ვინმემ აზრი გვკითხა, როცა ამ პროექტის განხორციელება დაიწყეს? რაც შეიძლება სწრაფად და იაფად გააკეთეს, შედეგი ბოლოს ცუდია...”, -ამბობს ზვიადაძე.

სპეციალისტების განმარტებით, 70-იან წლებში, როცა ეს გვირაბი დაპროექტდა, იგი სანაპირომდე თანაბარი დახრილობით ჩადიოდა, ამიტომ მასში წვიმის წყლის დაგროვების საფრთხე არ იდგა, თუმცა სამუშაოს მოცულობის შესამცირებლად, გვირაბი ჩაზნექილ მრუდად გარდაიქმნა და გაზაფხულზე, დიდი წვიმების დროს, როცა წყლის დონე ზოგჯერ ერთ მეტრამდე აღწევს, ამ გვირაბს დატბორვისგან გაუმართავი წყალმიმღები ცხაური იცავს. ნაცვლად იმისა, რომ ესტაკადას 20-30 წელი ემუშავა, უკვე დასანგრევი და სარეკონსტრუქციოა. სპეციალისტების შეფასებით, შექმნილი ვითარებიდან საუკეთესო გამოსავალი გმირთა მოედნისა და მისი მეზობელი კვანძების ხელახალი რეკონსტრუქციაა. თუმცა, ეს დიდ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს, – ”ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, ეს ნაბიჯი გადადგან,”- ვარაუდობს უჩა ზვიადაძე.

ემილ წერეთელი, გეოლოგი:”გმირთა მოედანზე გაკეთებული ესტაკადა სტიქიასთან კავშირში არ არის. ბეთანიასა და ვერეს ხეობას შორის მეწყერი ჩამოწვა, ხეობა ჩაკეტა. წამოვიდა ღვარცოფი და წამოიღო დიდი რაოდენობის ქვა, ტალახი, ხეები. ვერე ადიდდა, რაც გვირაბში მოხვდა, ვერ გაატარა და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ მოსალოდნელი შედეგები გათვლილი არ იყო. როცა რაღაცას აშენებ, არა მხოლოდ იმ ტერიტორიის, არამედ იმ ადგილის შესწავლაც უნდა მოხდეს, რომელსაც ტერიტორია უკავშირდება. მდინარე ვერე წინა წლებშიც ადიდებულა, მაგრამ ასეთი შედეგი არ ყოფილა. გახსოვთ, ორი კვირის წინ, თბილისში მოსული ნალექის შედეგად, ელიზბარაშვილის ცხოველთა თავშესაფარი დაიტბორა, ცხოველები დაიღუპა, ეს შემთხვევა იმაზე მიანიშნებდა, რომ ამ ადგილას პრობლემაა. ყველა სპეციალისტმა იცოდა, რომ ვერეს ხეობა ღვარცოფულია. მთელი ეს ფერდობი და მამა დავითის მთა, სუსტი ქანებითაა აგებული, თბილისისკენ დახრილია, ეს მის მდგრადობას ასუსტებს. ასევე, დახრილია ვერე ხეობაც. საკმარისია მცირე გართულება, რომ ეს ფერდობი მოსწყდეს და შრეები წავიდეს. ამიტომ ეს ტერიტორია საშიშ ზონად ითვლება. ვერეს გვირაბში მოქცევა არ შეიძლებოდა.”

bpn.ge-თან საუბარში არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი გზების განმეორებით ჩანგრევას არ გამორიცხავს:” დაზღვეული არაფრისგან ვართ. ჩვენ არ ვიცით რა მდგომარეობაშია მიწისქვეშა კომუნიკაციები. რაც შეეხება გმირთა მოედანს, საჭირო იყო კი ასეთი ნაგებობის მშენებლობა? იქნებ ამ ზონის საცობისგან განტვირთვა სხვა მეთოდით სჯობდა? ესტაკადა იმისთვის აშენდა, რომ მოძრაობა განტვირთულიყო. სინამდვილეში, პირიქით მოხდა. ესტაკადებმა ადგილი დაიკავეს და განტვირთვის ერთადაერთი შანსიც მოისპო.”

დიდი ნალექის შემთხვევაში მოსალოდნელია თუ არა განმეორებით მეწყერის ჩამოწოლა? - ამ შეკითხვაზე უჩა ზვიადაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია: ”მოსახდენი უკვე მოხდა. ახლა საჭიროა ამ ფერდობის შესწავლა. ძირთადი მასა მოწყვეტილია, თუ ფერდობმა თავისი სასურველი წონასწორული კონფიგურაცია მიიღო, იქ არაფერი მოხდება. გააჩნია, რა მასშტაბის ჩამოქცევა იყო,” - დასძენს ზვიადაძე.

წინასწარი მონაცემებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 40 მილიონ ლარს აჭარბებს.

სალომე გოგოხია