გერმანიის ეკონომიკური "სასწაული"

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა პრაქტიკულად დანგრეული იყო. ომმა, ჰიტლერის დედამიწის გადაწვის პოლიტიკის მიხედვით,  შენობების 20 პროცენტი გაანადგურა.

1947 წელს ერთეულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის რაოდენობა 1938 წლის დონის მხოლოდ 51 პროცენტი იყო. საოკუპაციო ძალების მიერ დაწესებული საკვების ოფიციალური რაციონი დღეში 1,040 და 1,550 კალორიას შეადგენდა. 1947 წელს სამრეწველო წარმოების შედეგები 1938 წლის მაჩვენებლის მხოლოდ მესამედი იყო. გარდა ამისა, შრომისუნარიანი გერმანელი მამაკაცების დიდი ნაწილი დაიხოცა. ექსპერტებს კი მიაჩნდათ, რომ გერმანია აშშ-ის კეთილდღეობის სახელმწიფოს სარჩენი გახდებოდა. მაგრამ, ოცი წლის შემდეგ გერმანიის ეკონომიკა მსოფლიოს უდიდესი ნაწილის შურს იწვევდა. ხოლო ომიდან ათ წელზე უფრო ნაკლები დროის შემდეგ ხალხი უკვე გერმანიის ეკონომიკურ სასწაულზე ლაპარაკობდა.

რამ გამოიწვია ეს ე.წ. სასწაული? ამის მიზეზი ორი ძირითადი ფაქტორი გახდა: სავალუტო რეფორმა და ფასების კონტროლის გაუქმება. შემდეგი ფაქტორი 1948 და 1949 წლებში გადასახადების ზღვრული დონის მნიშვნელოვანი დაწევა იყო.

ცვლილებებამდე

1948 წლამდე, 12 წლის განმავლობაში, გერმანელი ხალხი ფასების კონტროლის პირობებში ცხოვრობდა. ასეთი რეჟიმი მათ 1936 წელს ადოლფ ჰიტლერმა დაუწესა, ამ გზით მის მთავრობას საბრძოლო მასალების ხელოვნურად დაბალ ფასებში შეძენა შეეძლო (რუზველტმა და ჩერჩილმა ასევე დააწესეს ფასებზე კონტროლი). 1945 წლის ნოემბერში მოკავშირეთა საოკუპაციო ადმინისტრაციამ, რომელიც შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის და საბჭოთა კავშირისაგან იყო დაკომპლექტებული, ჰიტლერის მიერ დაწესებული ფასების კონტროლის შენარჩუნება გადაწყვიტა.

ყოველი მოკავშირე სახელმწიფო გერმანიის ტერიტორიის განსაზღვრულ "ზონას" აკონტროლებდა. 1948 წელს შეერთებული შტატების ზონაში კონტროლირებულ ფასებში დათვლილი ცხოვრების ღირებულების ინდექსი 1938 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 31 პროცენტი იყო. ჯერ კიდევ 1947 წელს, გერმანიის ეკონომიკაში არსებული ფულის რაოდენობა - ნაღდ ვალუტას დამატებული დანაზოგები მოთხოვნაზე - 1936 წლის მაჩვენებელთან შედარებით ხუთჯერ იყო გაზრდილი. ფულის მასის მკვეთრი ზრდა, ნაწილობრივ გაზრდილ ფასებთან ერთად, დეფიციტის მიზეზი გახდა.

საკვებზე ფასების კონტროლმა წარმოქმნა დეფიციტი, შედეგად ქალაქებში მცხოვრებთა გარკვეულმა ნაწილმა თავად დაიწყო საკვების მოყვანა, ხოლო ნაწილი დასვენების დღეებში სოფლებისკენ მიეშურებოდა, რომ ბარტერული გაცვლის გზით პროდუქტები მოეპოვებინა.

ცვლილებები

მას შემდეგ, რაც რუსეთი მოკავშირეთა მაკონტროლებელი საბჭოდან გამოვიდა, აშშ-ის ზონის სამხედრო მმართვალმა, გენერალმა ლუციუს დ. კლეიმ, მის ფრანგ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთად, 1948 წლის 20 ივნისს ფულადი რეფორმა გაატარა. ძირითადი იდეა რაიხს მარკის უფრო ცოტა რაოდენობის სხვა ლეგალური ვალუტით შეცვლაში მდგომარეობდა - ახალ ვალუტას გერმანული მარკა ეწოდებოდა. ამის შემდეგ, ფულის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდებოდა და კონტროლირებული ფასების პირობებშიც კი, გერმანულ მარკებში ნაკლები დეფიციტი იყო მოსალოდნელი. ფულადი რეფორმა უაღრესად კომპლექსური იყო. უამრავ ადამიანს, რომელსაც ის შეეხო, წმინდა აქტივები მნიშვნელოვნად შეუმცირდა. საერთო მასშტაბით ფულის მიწოდება დაახლოებით 93 პროცენტით შეიზღუდა.

იმავე კვირა დღეს გერმანული ბრიტანულ-ამერიკული ეკონომიკის საბჭომ, ლუდვიგ ერჰარდის დაჟინებული თხოვნითა და სოციალდემოკრატების წევრების საწინააღმდეგოდ, ფასების გათავისუფლების დადგენილება გამოსცა. ეს კანონი ერჰარდს ფასებზე კონტროლის გაუქმების უფლებას აძლევდა.

ფულად რეფორმასა და ფასების გამოთავისუფლებასთან ერთად, მთავრობამ ასევე საგრძნობლად შეამცირა საგადასახადო განაკვეთი. ახალგაზრდა ეკონომისტმა ვოლტერ ჰელერმა, რომელიც იმ დროს გერმანიაში აშშ-ის სამხედრო შტაბში მუშაობდა, ხოლო შემდეგ პრეზიდენტ კენედის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა, 1949 წლის რეფორმებს სტატია მიუძღვნა. იგი წერდა: ექსტრემალურად მაღალი განაკვეთების დამთრგუნველი ეფექტის აღსაკვეთად, სამხედრო მთავრობის 164-ე დადგენილებამ, ფულადი რეფორმის პარალელურად, გერმანიაში არსებული გადასახადების დიდი ნაწილი გააუქმა. კორპორატიული საშემოსავლო გადასახადი (მოგების გადასახადი), რომელიც პროგრესული იყო და 35-დან 65 პროცენტამდე იცვლებოდა, წრფივი გახდა და 50 პროცენტს გაუტოლდა. მიუხედავად იმისა, რომ ინდივიდუალური საშემოსავლო გადასახადის უმაღლესი განაკვეთი 95 პროცენტი დარჩა, იგი მხოლოდ 250 000 გერმანული მარკის ზემოთ წლიურ შემოსავალზე ვრცელდებოდა. კონტრასტისთვის, 1946 წელს მოკავშირეებმა 60 000 რაიხს მარკის ზემოთ (დაახლოებით 6 000 გერმანული მარკა) შემოსავლები 95 პროცენტით დაბეგრეს. 1950 წელს საშუალო შემოსავლების მქონე გერმანელისთვის, რომლის წლიური შემოსავალი 2 400 გერმანულ მარკაზე ოდნავ მეტი იყო, ზღვრული საშემოსავლო გადასახადი 18 პროცენტი იყო. იგივე ადამიანი, რომელიც 1948 წელს ეკვივალენტ თანხას რაიხს მარკებში იღებდა, 85-პროცენტიანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა.

ცვლილებების შემდეგ

ამ ყველაფერმა გერმანიის ეკონომიკაზე კატალიზატორის ეფექტი მოახდინა. ვოლიში წერდა: "ქვეყნის სული უეცრად შეიცვალა. უღიმღამო, მშიერი, მკვდრების მსგავსი ფიგურები, რომლებიც ქუჩაში ლუკმაპურის მოსაპოვებლად მათხოვრობდნენ - ცხოვრებას დაუბრუნდნენ".

21 ივნისს მაღაზიების დახლები სავსე იყო პროდუქციით და ხალხი მიხვდა, რომ ახალ ფულს ბევრად უფრო მეტი ღირებულება გააჩნდა, ვიდრე ძველს. ვოლტერ ჰელერი წერდა: რეფორმებმა "სწრაფად აღადგინეს ფული, როგორც გადახდის უპირატესი საშუალება და სავალუტო სტიმულები, როგორც ეკონომიკური აქტივობის წარმმართველი ძალა".

აბსენტიზმი (უარის თქმა ვალდებულებების შესრულებაზე) ასევე დაძლეული იყო. 1948 წლის მაისში მუშები სამსახურს კვირის განმავლობაში საშუალოდ 9,5 საათით აცდენდნენ, რაც ნაწილობრივ იმით იყო გამოწვეული, რომ ისინი მეტად არ აფასებდნენ მათ მიერ გამომუშავებულ ფულს და ნაწილობრივ იმითაც, რომ მათ პროდუქტის საშოვნელად ან ბარტერით გასაცვლელად უწევდათ გასვლა. ოქტომბრისთვის აბსენტიზმმა კვირის განმავლობაში საშუალოდ 4,2 საათამდე დაიწია. 1948 წლის ივნისში ბრიტანულ-ამერიკული ზონის ინდუსტრიული პროდუქციის ინდექსი 1936 წლის ანალოგიური მაჩვენებლის მხოლოდ 51 პროცენტი იყო. დეკემბრისთვის ინდექსი გაიზარდა 78 პროცენტმდე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ინდუსტრიული პროდუქცია 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა.

1948 წლის შემდეგ წარმოება განაგრძობდა ნახტომისებურად ზრდას. 1958 წლისთვის სამრეწველო წარმოების წლიური მაჩვენებელი ოთხჯერ გაიზარდა 1948 წელს ჩატარებული ფულის რეფორმამდე ექვსი თვის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, საწარმოო პროდუქცია ერთ სულ მოსახლეზე სამჯერ გაიზარდა.

რადგან ერჰარდის იდეები მუშაობდა, ახალი გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პირველმა კანცლერმა კონრად ადენაუერმა ის გერმანიის ეკონომიკის მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობაზე ერჰარდი 1963 წლამდე იყო, ვიდრე თავად არ დაიკავა კანცლერის პოსტი, რომელზეც 1966 წლამდე იმყოფებოდა.

მარშალის გეგმა

აღნიშნულ ანგარიშში ჯერ არ იყო ნახსენები მარშალის გეგმა. შეიძლება გერმანიის აღორძინება ძირითადად მას რომ მივაწეროთ? პასუხია - არა. მიზეზი მარტივია: მარშალის გეგმის მიხედვით, გერმანიისთვის გაწეული ფინანსური დახმარება არცთუ ისე დიდი იყო. 1954 წლის ოქტომბრამდე ჯამური დახმარება მარშალის გეგმიდან და სხვა დახმარების პროგრამებიდან 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 1948 და 1949 წლებშიც კი, როცა დახმარებების რაოდენობა პიკს აღწევდა, მარშალის გეგმის დახმარება გერმანიის ნაციონალური შემოსავლის 5 პროცენტზე ნაკლებ თანხას შეადგენდა. სხვა ქვეყნებს, რომლებმაც მარშალის გეგმის მიხედვით დახმარების უფრო დიდი წილი მიიღეს, უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდა ჰქონდათ, ვიდრე გერმანიას.

გარდა ამისა, როდესაც გერმანია დახმარებებს იღებდა, იგი იხდიდა რეპარაციულ და აღდგენით გადასახდელებს, რომლებიც 1 მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენდა. დასასრულ, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ მოკავშირეებმა გერმანელებს ყოველწლიურად 7,2 მილიარდი გერმანული მარკის ოდენობით (2,4 მილიარდი დოლარი) გადასახადი დაუწესეს, მათ მიერ გერმანიაში განლაგებული საოკუპაციო ძალების ხარჯის ანაზღაურების სახით (რა თქმა უნდა, ეს საოკუპაციო ხარჯები გულისხმობდა იმას, რომ გერმანიას საკუთარ თავდაცვაზე ხარჯები არ ესაჭიროებოდა).

დასკვნა

ის, რაც ზოგიერთ ექსპერტს სასწაულად მიაჩნია, ნამდვილად არ იყო სასწაული. ასეთ შედეგს ლუდვიგ ერჰარდი და ფრაიბურგის სკოლის სხვა წარმომადგენლებიც ელოდნენ. მათ ესმოდათ, რომ ინფლაციას, ფასების კონტროლსა და მაღალ გადასახადებს დიდი ზიანის მოტანა შეუძლია, ხოლო მაღალი პროდუქტიულობის მიღწევა ინფლაციის შეჩერებით, ფასების კონტროლის აღკვეთით და მაღალი გადასახადების ზღვრული განაკვეთის შემცირებითაა შესაძლებელი.

დევიდ რ. ჰენდერსონი

კალიფორნიის ქ. სტენფორდის უნივერსიტეტის ჰუვერის ინსტიტუტის მეცნიერ- თანამშრომელი და ქ.მონტერეიში არსებული უმაღლესი საზღვაო სკოლის ეკონომიკის ასოცირებული პროფესორი. მთავარი ეკონომისტი პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოში. ენციკლოპედიის რედაქტორი.

თარგმნა ნინო გორგაძემ