რამდენიმე წლის წინ დიდ ბრიტანეთში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, კაცობრიობის უდიდეს ტექნიკურ გამოგონებად, რომელიც 1800 წლის შემდეგ შეიქმნა, ველოსიპედი დასახელდა. მას ხმა გამოკითხულთა იმაზე დიდმა რაოდენობამ მისცა, ვიდრე ერთად აღებულ სხვა დანარჩენს. მართლაც, დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ველოსიპედია და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. ასეთად კი ის შედარებით დაბალმა ფასმა, მცირე ზომებმა და სიმსუბუქემ, საწვავის საჭიროების არარსებობამ, უსაფრთხოებამ და მოხერხებულობამ აქცია.
ფეხებზე მიბმული ბორბლები
ცნობილი გამონათქვამისა არ იყოს, ველოსიპედის ხელახლა გამოგონება დღეს საჭირო ნამდვილად არ არის, თუმცა ვინ და როდის გამოიგონა სინამდვილეში ის, ამაზე ზუსტი პასუხი ექსპერტებს აქამდე არ აქვთ. საქმეს ის ართულებს, რომ იმას, რაც დღევანდელი გაგებით ველოსიპედია, წინ არაერთი გამოგონება უსწრებდა, რომელიც მისი კონსტრუქციის ამა თუ იმ ელემენტს შეიცავდა. თუ მაინც ღრმად ჩავეძიებით გადაადგილების ამ ორთვალა საშუალების წარმოშობის ისტორიას, ათასწლეულებით წინ, ძველი ეგვიპტის ეპოქაში მოგვიწევს მოგზაურობა. მკვლევრებს აქვთ მონაცემები, რომ ეგვიპტელებს მართლაც ჰქონდათ ორბორბლიანი მექანიზმი, რომელსაც მძღოლი ფეხების საშუალებით ამოძრავებდა. ადამიანის დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის განკუთვნილი ორთვალა XV საუკუნის წყაროებშიც გვხვდება. მაგალითად, 1447 წლით დათარიღებულ მაინინგენის ქრონიკებში ნახსენებია მექანიზმი, რომელიც მოძრაობაში ადამიანს საკუთარი ძალისხმევით მოჰყავს. ერთნი პირველი ველოსიპედის შექმნას დიდ იტალიელ მხატვარსა და გამომგონებელ ლეონარდო და ვინჩის, სხვები კი მის მოსწავლე ჯაკომო კაპროტის მიაწერენ, თუმცა 1493 წლით დათარიღებული ნახატი, სადაც გამოსახულია ორთვლიანი მექანიზმი, საჭითა და ჯაჭვური გადაცემით, ბევრის აზრით, ფალსიფიკაციაა. ასევე შეთხზულია ვინმე გრაფ დე სივრაკის მიერ 1791 წლით დათარიღებული თვითმგორავის შექმნის ამბავიც, რომელიც ფრანგი ჟურნალისტის, ლუი ბოდრის ფანტაზიის ნაყოფია.
სხვა ლეგენდა გერმანელ მეურმე მიხაელ კასლერზე გვიამბობს, რომელსაც ერთი სოფლიდან მეორემდე მისასვლელად 2 კილომეტრი ორთვალათი თვალის დახამხამებაში დაუფარავს. კასლერის “მანქანას” ლითონის სალტეებიანი ხის ბორბლები ჰქონდა, რომლებით სავარძლით ყოფილა ერთმანეთთან დაკავშირებული. როგორც ვარაუდობენ, მისი წონა დაახლოებით 125 კილოგრამი უნდა ყოფილიყო... გადმოცემის თანახმად, მეურმე გამომგონებლად მთლად საკუთარი ნებით არ ქცეულა. თურმე ერთ დღეს, როდესაც კასლერს სამუშაოზე კვლავ დაუგვიანია, გაბრაზებულ უფროსს შეუძახია: “ბედოვლათო, ეგებ ფეხებზე ბორბლები მიგება?!” ჰოდა, როგორც ჩანს, კასლერმა შენიშვნა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო...
გამოგონება და სასჯელი
ველოსიპედის დასაბამი მაინც 1817 წლით უნდა დავათარიღოთ და ის გერმანელ გამომგონებელს, კარლ ფონ დრეიზს (1785-1851) დავუკავშიროთ. დრეიზი გერმანიის ქალაქ კარსლრუეს მკვიდრი იყო და მეტყევედ მუშაობდა. რადგანაც არცთუ ურიგოდ ერკვეოდა მექანიკასა და მათემატიკაში და თან მუდმივად უწევდა ცხენზე ამხედრებულს ვეებერთელა ტერიტორიის შემოვლა, ერთ დღესაც თავში ისეთი მექანიზმის შექმნის იდეა მოსვლია, რომელიც დიდი მანძილის დაფარვაში დაეხმარებოდა. მახვილგონიერმა მეტყევემ თავისი ორმეტრ-ნახევრიანი თვითმგორავის, რომელსაც 30-დუიმიანი ბორბლები ჰქონია, მოდერნიზება მოახდინა და წინა თვალი მართვადად გარდაუქმნა.
და აი, 1818 წლის 17 თებერვალს დრეიზმა დააპატენტა კიდეც თავისი წარმოსახვის ნაყოფი - ორიგინალური თვითმგორავი, რომელიც სკამითა და საჭით იყო აღჭურვილი. კონსტრუქცია ხის იყო და არ ჰქონდა სატერფულები, ამიტომ მასზე მჯდომს გასაგორებლად ფეხი მიწისთვის უნდა დაეკრა. მართალია, მას დრეიზმა Lauftmashcine (სასიარულო მანქანა) უწოდა, თუმცა ხალხმა ის ავტორის პატივსაცემად “დრეიზინად” მონათლა. ისე კი, ქალაქ კარსლრუეს მცხოვრებლებს “დრეიზინა” დაპატენტებამდეც ჰქონდათ ნანახი. იმდროინდელი გაზეთები იტყობინებოდნენ კიდეც, რომ 1816 წლის გაზაფხულზე დრეიზს თავისი ტრანსპორტით 14 მილი საათში 9 მილის სიჩქარით დაუფარავს. ცალკე აღნიშვნის ღირსია თავად კონსტრუქტორის სვე-ბედი - გამოგონების საქვეყნოდ ჩვენების შემდეგ, სატყეო სამმართველოს ხელმძღვანელობამ დრეიზი დაიბარა და სამსახურიდან დათხოვნით დაემუქრა. მეტიც, გამომგონებელი გააფრთხილეს, თუ კიდევ მსგავს “საფრთხობელას” გააკეთებ და მზის სინათლეზე გამოაჭენებ, ჩვენი უწყების მთელი გერმანიის მასშტაბით შერცხვენისთვის საგიჟეთში გიკრავთ თავსო. ხელმომჭირნედ მცხოვრები ფონ დრეიზი, რომლისთვისაც სამსახურის დაკარგვა შიმშილით სიკვდილს ნიშნავდა, მორჩილად დათანხმდა ხელმძღვანელობის მოთხოვნებს და ალბათ ვერავინ გაიგებდა გენიალური მეტყევის ქმნილების შესახებ, რომ არა 1816 წლის ამინდის ანომალია...
თურმე იმ ზაფხულს გერმანიაში ისე ციოდა, მოუთოვია კიდეც. შედეგად, თითქმის მთლიანად განადგურებულა მოსავალი და გლეხობაც იძულებული გამხდარა, პირუტყვი სრულებით გაეწყვიტა, რადგან ზამთარში მის გამოკვებას ვერაფრით შეძლებდა. რა თქმა უნდა, იგივე ბედი ეწიათ ცხენებსაც და სწორედ მაშინ ყველას ფონ დრეიზის “ხის ცხენი” გაახსენდა. “დრეიზინას” აღიარების ჯერიც მაშინ დადგა - ჯადოსნური-თვითმგორავით არა მხოლოდ მდაბიონი, თვით ბავარიის კრონპრინციც მოიხიბლა, რომელმაც მამას, იმჟამინდელ ბავარიის მეფეს სთხოვა, მეზობელ საჰერცოგოში მცხოვრები გამომგონებელი დაეჯილდოებინა. სწორედ სამეფო ოჯახის წევრთა კეთილგანწყობით შეგულიანების შემდეგ შეძლო ფონ დრეიზმა თავისი გამოგონების დაპატენტება და სატყეო მეურნეობის ბრიყვ ჩინოვნიკთა დადუმება. თუმცა დროებით. ამ უკანასკნელთ ბოღმა გულში ჩაიმარხეს და დაელოდნენ იმ დღეს, როდესაც რევანშის აღებას შეძლებდნენ. ამის საშუალება კი მათ კარგა ხანს არ მისცემიათ - ფონ დრეიზი, როგორც გამომგონებელი, ზეპოპულარული გახდა და არც მხოლოდ პირველი ველოსიპედის შექმნით დაკმაყოფილდა. დრეიზმა ასევე გააკეთა თავისებური ხორცის საკეპი მანქანა, 16-კლავიშიანი საბეჭდი მანქანა და ეტლი, რომელიც რელსებზე გადაადგილდებოდა. საქმე ის არის, რომ გამომგონებელი საკმაოდ თანაუგრძნობდა გერმანიის 1848-1849 წლების რევოლუციას. მართალია, მისი ჩახშობის შემდეგ პირადად ფონ დრეიზს არავინ შეხებია, მაგრამ დიდგვაროვანმა მფარველებმა მას ზურგი აქციეს. ამით კი ისარგებლეს ფონ დრეიზის მტრებმა და საბოლოოდ იმდენი ქნეს, გამომგონებელი სულით ავადმყოფად შერაცხეს. თანაც, ამ ვერდიქტის გამოტანისას მთავარ ნივთმტკიცებებად მისივე გამოგონებები დასახელდა!
იმდროინდელი გერმანელი მოხელეების ლოგიკა დღეს კი გაუგებარია, მაგრამ მაშინ აშკარად რკინისებური იყო - ნორმალური ადამიანები არ აკეთებენ ამოუცნობ და გაუგებარ ნივთებს.
და რადგანაც ფონ დრეიზი ქმნის ასეთ რაღაცებს, ესე იგი, შეშლილია! სულით ავადმყოფად შერაცხულ გამომგონებელს შინაპატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მისი მთელი ქონება და ფინანსები განსაკარგავად სხვებს გადასცეს. ამან საბოლოოდ გატეხა კიდეც დრეიზი და 1851 წელს კაცს, რომელმაც კაცობრიობას პირველი ველოსიპედი აჩუქა, მარტოობასა და სიღატაკეში აღმოხდა სული.ველოსიპედის “ჩაცმა-დახურვა”
დაუზუსტებელია, ვინ გაუკეთა პირველად ველოსიპედს სატერფულები. ერთი ვერსიით, ამას შოტლანდიელ მჭედელს კირკპატრიკ მაკმილანს (1840 წ.) უნდა ვუმადლოდეთ, მეორით კი ფრანგ ინჟინერ პიერ ლალმანს (1863 წ.). კიდევ სხვა ვერსიით, 1860 წელს პარიზელმა მეეტლე პიერ მიშომ, რომელიც ძველი თვითმგორავის შეკეთებას ლამობდა, წინა ბორბალს ორი სატერფული გაუკეთა. იდეამ არათუ გაამართლა, მოლოდინს გადააჭარბა კიდეც - სულ რაღაც ორ წელიწადში პიერმა და მისმა ძმამ ერნესტმა ასეთი “მექანიზმის” სერიულად გამოშვება დაიწყეს და მას “ველოსიპედი” უწოდეს. როგორც ამბობენ, ძმების ბიზნესი ხელად აყვავდა - მათი წარმადობა წელიწადში 400 ველოსიპედს შეადგენდა.
ევროპაში ველოსიპედი სწრაფად აიტაცეს და მის სრულყოფასაც გამალებით მიჰყვეს ხელი. თუკი მანამდე ველოსიპედს ძირითადად ხისგან ამზადებდნენ, მომდევნო წლებში ბორბლებს რეზინი გადააცვეს, “ჩონჩხის” აწყობა კი ლითონის მილებისგან დაიწყეს. 1870 წელს ინგლისელმა ჰიმანმა ვეებერთელა ბორბლების მქონე, მთლიანად ლითონისგან დამზადებული ველოსიპედების გაყიდვით გაითქვა სახელი. წინა თვალი 54 დუიმს შეადგენდა (თანამედროვე ჩვეულებრივი ბორბალი ორჯერ პატარა - 27-დუიმიანია). ჯაჭვური გადაცემით პირველი ველოსიპედი 1879 წელს, ინგლისელმა ჰენრი ლოუსონმა შექმნა, 1888 წელს კი ჯონ ბოიდ დანლოპმა ის პირველი პნევმატური საბურავით დაამშვენა. ველოსიპედზე ამხედრებულ ადამიანებს მხოლოდ დანიშნულების ადგილამდე მისვლა აღარ აკმაყოფილებდათ და ერთმანეთთან შეჯიბრების სურვილიც აღეძრათ. ასე გაჩნდა ველოსპორტი - 1868 წლის 31 მარტს! ამ დღეს პარიზში, სენ-კლუს პარკში პირველი რეგისტრირებული ველორბოლა გაიმართა, რომელშიც გამარჯვებული ინგლისელი ექიმი ჯეიმს მური გახდა.
იაფი და იორღა
XIX საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, მრავალი ქვეყნის საფოსტო სამსახურისთვის ველოსიპედი შეუცვლელი სატრანსპორტო საშუალებაა. დიდ ბრიტანეთში 37 ათასამდე ველოსიპედისტი ფოსტალიონია, გერმანიაში - 27,5 ათასი, უნგრეთში - 10,5 ათასი. ველოსიპედს არაერთი ქვეყნის პოლიცია იყენებს ქუჩების პატრულირებისთვის. სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან ველოპატრულის უპირატესობა საავტომობილო საცობებისგან თავის დაღწევის, ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ზონებში პატრულირებისა და ეჭვმიტანილთან უხმაუროდ მიახლოების შესაძლებლობაა. მრავალ ქალაქში, მათ შორის ლონდონსა და ტალინში, “სასწრაფო დახმარების” ექიმები გადაადგილებას ხშირად ველოსიპედით ამჯობინებენ. ველოსიპედს ბედმა მხოლოდ “მშვიდობისმყოფელობითი” ფუნქცია არ შესძინა. მან დიდი გამოყენება პოვა სამხედრო საქმეშიც. ველოსიპედს დაზვერვისა და შეტყობინების გადასაცემად ჯერ კიდევ ინგლის-ბურების ომის დროს (1899-1902) ორივე მხარე (დიდი ბრიტანეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკები) წარმატებით იყენებდა.
ველოსიპედს განსაკუთრებული როლი ჰქონდა პირველი მსოფლიო ომის დროსაც, როგორც დაზვერვისა და შეტყობინების გადაცემის, ისე დაჭრილთა ტრანსპორტირების მისიებში. ველოსიპედი წარმატებით გამოიყენა იაპონიამ 1937 წელს ჩინეთში, 1941 წელს კი სინგაპურში შეჭრის დროს. ვერმახტში ყველა ქვეითი დივიზიის დაზვერვის ბატალიონებში შედიოდა ველოსიპედისტთა დანაყოფები. ეს სატრანსპორტო საშუალება შეუდარებელი იყო ათასობით ჯარისკაცის ერთი ადგილიდან მეორემდე, მოწინააღმდეგისთვის შეუმჩნევლად გადასროლისთვის. თანაც ველოსიპედს არ სჭირდებოდა საწვავი. მეორე მსოფლიო ომის დროს მოკავშირეთა ოპერაციებში მონაწილეობდნენ პარაშუტისტები, რომელთა ეკიპირებაში დასაკეცი ველოსიპედები შედიოდა. ველოსიპედს ტვირთების გადასატანად იყენებდნენ პარტიზანები ვიეტნამის ომის დროს. შვედეთის შეიარაღებულ ძალებში ველოსიპედისტთა დანაყოფებმა 2001 წლამდე, შვეიცარიაში კი 2003 წლამდე იარსება. არსებობს ცნობები, რომ ამერიკული სპეცრაზმი ავღანურ კამპანიაში ველოსიპედსაც იყენებს.
რაც ყველაზე საინტერესოა, ფონ დრეიზის გენიალური ქმნილების პოპულარობას ვერაფერი დააკლო უფრო გვიანდელმა გადაადგილების საშუალებებმა - მოტოციკლმა და ავტომობილმა. სხვათა შორის, ზინდელფინგენში, “მერსედეს-ბენცის” ქარხანაში, მუშა-მოსამსახურეები საწარმოს ტერიტორიაზე დღემდე ველოსიპედებით გადაადგილდებიან. ყოველ განყოფილებას განსხვავებული ფერის ორთვალები ჰყავს. დღეისთვის შექმნილია ველოსიპედის სხვადასხვა ტიპები. უნიციკლს აქვს ერთი ბორბალი და ყველა დანარჩენი ნაწილი, რომლებიც ჩვეულებრივ ორბორბლიან ველოსიპედებს აქვთ. მის სამართავად ოთხმხრივი ბალანსირებაა საჭირო და მიჩნეულია, რომ უნიციკლის მართვის სწავლა ადამიანს 10-15 საათში შეუძლია. მონოციკლსაც ერთი ბორბალი აქვს, ოღონდ ის დიდია და მძღოლი ბორბლის შუაში ზის. მონოციკლი ზოგჯერ მოტორიზებულია. ორ- ან სამბორბლიანი ველოსიპედია ლიგერადი, რომელსაც ნახევრად მწოლარე მართავენ. ლიგერადი აეროდინამიკურია და მაღალ სიჩქარეს ანვითარებს, ამიტომ მათთვის ცალკე შეჯიბრებები ეწყობა. ტანდემი არის ველოსიპედი ორი ადამიანისთვის, თავთავიანთი პედლებით. ამზადებენ ველოსიპედებს სამი და მეტი ადამიანისათვისაც. ხოლო ტრიციკლით, სამბორბლიანი ველოსიპედით, ბავშვები ერთობიან.
ჟურნალი “ისტორიანი”, 2013 წლის იანვარი, #1/25