Frenemies – რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობის შესაძლებლობები

ჩარლზ ჯონსონი არის დამოუკიდებელი მკვლევარი და ანალიტიკოსი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს თბილისში, საქართველო. მის დაინტერესებაში შედის, რუსეთი, ევრაზია და პოლიტიკური ეკონომიკა. მას გააჩნია მაგისტრის ხარისხი ჯონ ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ეკონომიკის უნივერსიტეტიდან, და ბაკალავრის ხარისხი ისტორიასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში ბოისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

/სტატია მომზადდა კავკასიური სახლისათვის, "რეგიონალური დიალოგის" პლატფორმის ფორმატში. ორიგინალური ვერსია იხილეთ ინგლისურ ენაზე. მოკლე ქართული თარგმანი მომზადებულია ყოველკვირეული გამოცემა ,,კვირის პალიტრისთვის”/.

საქართველოსა და რუსეთს რთული ორმხრივი ურთიერთობები აქვთ. პოსტსაბჭოთა დროიდან მოყოლებული, თბილისი და მოსკოვი ვერ რიგდებიან ისეთ ძირეულად მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობა, ეთნიკური უმცირესობები და ასევე, თუ რა წესებით „ითამაშონ“ საერთაშორისო გავლენის სფეროების რთული „თამაში“. ამჟამად ქვეყნებს შორის ურთიერთობა ინერტულია. დიპლომატები ერთმანეთთან შეზღუდული ფორმით თანამშრომლობენ კომერციულ საკითხებზე, მოსახლეობის მიგრაციაზე და ზოგჯერ, ჟენევის მოლაპარაკებების დროს, საქართველოს მთავარ პრობლემაზე – კონფლიქტურ ზონებზეც ამბობენ ორიოდ სიტყვას. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური სარგებლისა და სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სტაბილურობის გაზრდის დიდი პოტენციალიდან გამომდინარე კოოპერაცია ორივე მხარის ინტერესებში შედის, არავინ ფიქრობს, რომ ქვეყნები მალე საუკეთესო მეგობრები გახდებიან. მთავარია, საქართველომ და რუსეთმა ისწავლონ, თუ როგორ გახდნენ ერთმანეთის ე.წ. frenemies.

Google-ის საძიებო სისტემაში სიტყვა frenemy-ს ძიებისას შემდეგ განმარტებას წავიკითხავთ: „ადამიანები, რომლებიც მიუხედავად ფუნდამენტური განსხვავებების ან მეტოქეობისა, ერთმანეთთან მაინც მეგობრობენ“. ამ შემთხვევაში, მომგებიანი ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის არ არის აუცილებელი ეფუძნებოდეს მათი უთანხმოებების მოგვარებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს თანამშრომლობა ამჟამად შეიძლება მიუღწევლად გვეჩვენებოდეს, არსებობს საერთო ინტერესები, რომელთა საფუძველზეც ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ პროდუქტიული ურთიერთობა დაამყარონ, თუნდაც ეს ურთიერთობა გულითად მეგობრობას, პარტნიორობასა თუ მოკავშირეობას არ ეფუძნებოდეს.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემების მიზეზი მხოლოდ თბილისისა და მოსკოვის პოლიტიკოსებში არ უნდა ვეძებოთ. ბრიუსელსა და ვაშინგტონიდანაც კი საქართველოს გაორებული ობიექტივით უყურებენ. „Washington Post“-ში გამოქვეყნებულ ბოლოდროინდელ სტატიებში საქართველოს შესახებ საუბრობენ სხვადასხვა კონტექსტში, მაგალითად – „რუსეთი საქართველოს „იგებს“ დასავლეთთან“ და პირიქით. ამ სტატიებში არაა ნაგულისხმევი, რომ საქართველოს თავად შეუძლია აარჩიოს საკუთარი კურსი; – ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მმართველები არ აღიარებენ თბილისის პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, კიდევ უფრო აძლიერებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ გაუგებრობას და ხშირად არც კი განიხილება მესამე გზის შესაძლებლობა. სწორედ ამ ფონზე განსაკუთრებით ფასეული ხდება არგუმენტი, რომ არ არის აუცილებელი, რუსეთსა და საქართველოს ერთმანეთი მოსწონდეთ, მაგრამ კრიტიკულია მათ შორის თანამშრომლობა რეგიონის სტაბილურობისა და მდგრადობისთვის, და ეს შედის ორივე მხარის ინტერესებში.

უსარგებლო ეკონომიკური კინკლაობა

მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი ოცდახუთი წლის წინ დაიშალა, თხუთმეტი ყოფილი რესპუბლიკა ისევ ინარჩუნებს მჭიდრო ადამიანურ და ეკონომიკურ ურთიერთობას. რუსეთი კვლავ ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისათვის, იმის მიუხედავად, ისინი რუსოფობები არიან, თუ არა. რუსული ინდუსტრიები, რომლებიც ფინანსდებოდა საბჭოთა კავშირში არსებული სამთავრობო ფირმებიდან, კვლავ ფუნქციონირებს რეგიონში და რუსეთი კვლავ რჩება გასაღების მთავარ ბაზრად ქართული პროდუქციისთვის, როგორიცაა ღვინო და მინერალური წყალი. მიუხედავად წარსული უთანხმოებებისა და საქართველოს ევროპული ბაზრისკენ სწრაფვისა, რუსეთი რჩება ბაზრად, სადაც მომხმარებელი ჯერ კიდევ სცნობს ქართულ მარკას და მომწოდებლების ჯაჭვს. ქართველი მიგრანტების დიდი რაოდენობაც სწორედ ისევ რუსეთს მიიჩნევს სამუშაოს პოვნისთვის ოპტიმალურ ადგილად, მათ მიერ ოჯახებისთვის გამოგზავნილ ფინანსებს კი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართულ ეკონომიკაში. ამ და სხვა მრავალი მიზეზის გამო, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მნიშვნელოვნადაა (თუმცა არა სრულად) დამოკიდებული მოსკოვზე. ამის დანახვა შეგვიძლია რუსეთის ეკონომიკურ შოკებზე დაკვირვებით, რომელთაც სარკისებური ეფექტი აქვთ ქართულ ეკონომიკაზე. ამ პროცესს თვალსაჩინოდ წარმოსახავს 2014 წლიდან მოყოლებული ლარისა და რუბლის ურთიერთპროპორციული გაუფასურების დინამიკა (იხილეთ მარჯვნივ მოცემული დიაგრამა). Untitledამ კუთხით, შთამბეჭდავი იყო ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი პოლიტიკა, რომლის მიზანი იყო ფასების სტაბილურობისა და ზრდის უცვლელობის შენარჩუნება. შედეგად, მოხდა პოტენციური კრიზისის თავიდან არიდება. რუსეთის ცენტრალურ ბანკს შეუძლია საქართველოს ეკონომიკის მენეჯერებისგან არა მხოლოდ ისწავლოს, მეტიც, ორივე ქვეყნის ფინანსური სექტორის და რიგითი მომხმარებლების ინტერესებში შედის იმის გააზრება, რომ ორმხრივად ხელსაყრელი პირობების შექმნა და მდგრადი სტატუს ქვოს შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.

ბოლო ათი წლის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას კონსტრუქციულს, ანდაც პროდუქტიულს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. პოლიტიკური დაპირისპირების წყალობით, 2006-2012 წლებში ქართულ პროდუქტზე რუსული ემბარგო არსებობდა, რამაც საგრძნობლად აზარალა ქართული სოფლის მეურნეობა. დღესდღეობით ეს პრობლემა გადაიჭრა, თუმცა ორივე მხარე იმუქრება სავაჭრო ომების განახლებით პოლიტიკური ურთიერთობების გაუარესების შემთხვევაში. ეკონომიკის ექსპერტობა სულაც არაა საჭირო იმის მისახვედრად თუ რა მავნებელია ვაჭრობის ბუნებრივი დინების ხელოვნურად შეჩერება საზღვრების ორივე მხარეს მყოფი მეწარმეებისა თუ მომხმარებლებისათვის. თუ რუსეთი და საქართველო ყოველი პოლიტიკურ კინკლაობის ეკონომიკურ სიბრტყეში გადატანას არ მოეშვებიან, ორივე ქვეყანა პირველ რიგში საკუთარ მოსახლეობასვე დააზარალებს.

დღევანდელი მსოფლიოს ენერგოთანამშრომლობისა და დიდი ბიზნესების რეალობაში, რუსეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა თითქმის არ არსებობს. ბოლოდროინდელი სტატიები კავკასიის რეგიონში საქართველოსა და გაზპრომის დაძაბულ მოლაპარაკებებს შეეხება, სადაც საუბარია გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ მონეტარული ნიხრის დაწესებაზე, იმის სანაცვლოდ, რაც აქამდე ხდებოდა, როცა საქართველო სომხეთში გაგზავნილი გაზის 10%-ს იღებდა. ჯეიმსთაუნის ფონდის კვლევის თანახმად, საქართველო არაა მონეტიზაციის წინააღმდეგი, მაგრამ ალექსი მილერი, გაზპრომის აღმასრულებელი დირექტორი, ამ მოლაპარაკებებს კრემლის გეოპოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს, რაც რუსეთის მხრიდან პოლიტიკისა და კერძო გარიგებების გამიჯვნის სურვილის არქონაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს. რაც ყველაზე მთავარია, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ერთ-ერთ ყველაზე სიცოცხლისუნარიან შეთანხმებას ორივე მხარის დამოუკიდებლობიდან მოყოლებული, რომელმაც ომსა და დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტასაც კი გაუძლო. რუსეთის მოქმედებები ამ შემთხვევაში რეგიონის არც ერთ აქტორს არ აძლევს ხელს.

ქართული პერსპექტივიდან გამომდინარე, ბევრს მიაჩნია, რომ ევროპულ ბაზართან ინტეგრირება ჯერ კიდევ მოქმედ პოსტსაბჭოთა ეკონომიკისგან თავის დახსნას ნიშნავს. უცხოეთში მომსახურების სფეროში მომუშავე ბევრ ქართველს უკვე აქვს გააზრებული თუ როგორ მუშაობს ფულადი გზავნილების სისტემა იტალიიდან და საბერძნეთიდან. არ უნდა დაგვავიწყდეს საქართველოს მთავრობის ბოლო ხანების ყველაზე გახმაურებული პოლიტიკური გამარჯვება – ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებაზე (AA) ხელმოწერა, რომელიც ასევე მოიცავს და ევროკავშირთან ღრმა ყოვლისმომცველ თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებას (DCFTA). მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთაზროვნად წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით, ძალიან ცოტა თუ ხვდება რეალურად, რას ნიშნავს ეს შეთანხმება საქართველოსთვის. ქართული წარმოების უმეტესობას ბევრი უკლია ბრიუსელის სტანდარტებამდე, და იმ პროდუქტსაც კი, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მოუწევს ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ, კარგად ცნობილ ევროპულ პროდუქციას გაუწიოს კონკურენცია. კიდევ უფრო უარესი ისაა, რომ ქართველებს, როგორც იტყვიან, ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ თუ რა პოლიტიკური შედეგები შეიძლება ქონდეს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამიტომაც, ქართველმა მომხმარებლებმა და ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებმა არ იციან ევროპულ ბაზარზე სწრაფი ინტეგრაციის ეკონომიკური შედეგები, და სავარაუდოდ გაკვირვებულები დარჩებიან, როდესაც ნახავენ, რომ ევროპის ბაზარზე ინტეგრაციის შემდეგ მომხმარებლებისთვის ფასები აიწევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ მიზნისკენ მიდის და მორგებულია პოლიტიკური პოზიციაც, ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჩრდილოელ ეკონომიკურ პარტნიორს ხელი ჰკრას თუ არ უნდა, რომ საკუთარ ეკონომიკას ძლიერი ზიანი მიაყენოს.

განაგრძეთ კითხვა