იოსებ ჩახვაშვილი - საქართველოში წლიურად დაახლოებით 100 000 ირანელს ველოდებით

ინტერვიუ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იოსებ ჩახვაშვილთან.

- ირანს ბირთვული პროგრამის განვითარების გამო დაწესებული სანქციები მოეხსნა. რა პერსპექტივებს უხსნის ეს ქვეყანას, რამდენად გააძლიერებს მის როლს რეგიონში? ასევე, რას ცვლის ახალი რეალობა რეგიონში ეკონომიკური ურთიერთობისა და ენერგომატარებლების მიმართულებით?

- ირანის ისლამური რესპულიკისთვის სანქციების მოხსნა ნამდვილად დადებითად აისახება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკური ცხოვრების გამოცოცხლებაზე. ირანელები იმედოვნებენ, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ ქვეყანაში ინვესტიციებით შემოსვლის ძალიან ბევრი მსურველი იქნება. ირანი 80 მილიონიანი ქვეყანაა, უზარმაზარი რესურსებით, როგორც ნავთობისა და გაზის, ასევე, სხვა წიაღისეულით. ძალიან დიდია ინტერესი უცხოელი ინვესტორების მხრიდანაც, რომელთაც ახლა უკვე ხელ-ფეხი გაეხსნათ და თავისუფლად შეუძლიათ, ჩამოვიდნენ ქვეყანაში, მაგრამ როგორც თვითონ ირანელები აღნიშნავენ, მარტო სურვილი საკმარისი არ არის. ირანმა გარკვეული რეფორმები უნდა გაატაროს შიდა კანონმდებლობაში, რათა საინვესტიციო გარემო უფრო მიმზიდველი გახდეს. კანონებმა უნდა გაითვალისწონოს უცხოელი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციების უსაფრთხოება, გაცემულ იქნას გარკვეული გარანტიები. ეს სამუშაო პროცესია და ასე მალე, ალბათ, არ მოხდება. ამას გარკვეული პერიოდი დასჭირდება, თუმცა ვადასტურებთ, რომ ირანელებს ძალიან დიდი მზაობა და კეთილგანწყობა აქვთ, რათა უცხოელი ინვესტორები რაც შეიძლება მალე შემოვიდნენ ირანულ ბაზარზე და საკმაოდ ფართო ხასიათის ეკონომიკური თანამშრომლობა დამყარდეს. 60-მდე ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია უკვე ჩამოვიდა ირანში. იყო ძალიან საინტერესო გარიგებები და ნიადაგის მოსინჯვა. როგორც ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, ყოველწლიურად საჭიროა 50 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდეს, რათა ირანმა მიაღწიოს დასახულ მიზანს – ყოველწლიურ 8%-იან ეკონომიკურ ზრდას. ათეულობით წლების განმავლობაში სანქციების პირობებში მცხოვრებ ქვეყანას, რა თქმა უნდა, ბოლო წლებში ძალიან გაუჭირდა. ძალიან ბევრი საწარმო დაიხურა. გაიზარდა უმუშევრობის ინდექსი. მაგრამ ახლა ირანელები იმედოვნებენ, სანქციების ჩახსნის შედეგად, თანდათანობით ამ ჩიხიდან გამოვლენ. ეს უდავოდ წაადგება რეგიონს, მის უსაფრთხოებას, უშიშროებას, რეგიონში ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებასა და გაღრმავებას. ამიტომ მოიგებს ყველა რეგიონში, მათ შორის სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიც. საბოლოო ჯამში კი, სანქციების მოხსნით დადებითი იმპულსები გაჩნდება არა მარტო რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.

- სანქციების პერიოდში ირანმა შეზღუდა ნავთობის მოპოვება. ახლა ირანის კვოტის გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე როგორ აისახება ნავთობის ფასებზე? შეიძლება თუ არა ირანი გახდეს ალტერნატიული გზა ევროპისთვის ნავთობისა და გაზის მიწოდების კუთხით და რამდენად შეამცირებს რუსეთის როლს?

- ბოლო წლებში ირანის წვდომა ნავთობის საერთაშორისო ბაზრებზე აკრძალული იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, შეზღუდული, იმიტომ რომ მას გარკვეული რაოდენობის ნავთობი მაინც გაჰქონდა აზიის ქვეყნებში – ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთ კორეაში. ბოლო პერიოდში ყოველდღიურად ირანს გაჰქონდა 1,3 მილიონი ბარელი ნავთობი მსოფლიო ბაზარზე. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საბანკო სისტემაში ეს გადარიცხვები ვერ მოხვდებოდა, ამდენად ანგარიშსწორება ხდებოდა ძალიან რთული სქემებით, ეს იქნებოდა ბარტერი თუ სხვა. ეს პერიოდი უკვე დამთავრდა. SWIFT-ში ჩართვის შემდეგ გადარიცხვები თავისუფალი იქნება. მე დავეყრდნობი ირანის ნავთობის მინისტრის ბიჯან ზანგანეს მრავლგზის გაკეთებულ განცხადებებს, რომ მიუხედავად ნავთობზე ფასების ვარდნისა, ირანი მაინც თავის კვოტას მოიპოვებს, OPEC-ში, მსოფლიო ბაზარზე და იგი მაქსიმალური დატვირთვით გაიტანს თავის კუთვნილ ნავთობს მსოფლიო ბაზარზე. თუ აქამდე ირანს შეზღუდულ ვითარებაში 1,3 მილიონი ბარელი გაჰქონდა ყოველდღიურად, ბიჯან ზანგანეს განცხადებით, მას სურვილი აქვს, რომ ეს ციფრი გაორმაგდეს. გაორმაგება სწრაფად, ცხადია, ვერ მოხდება და პირველ ეტაპზე ველოდებით ნახევარი მილიონი ბარელით მატებას ყოველდღიურად, მაგრამ სრულიად თავისუფლად შემიძლია გითხრათ, რომ ნახევარი წლიდან 1 წლის განმავლობაში ის სრულიად შეასრულებს თავის სიტყვას და 2,6-2,8 მილიონი ბარელი ის რეალური ციფრებია, რომლის გატანასაც ირანი ყოველდღიურად შეძლებს მსოფლიო ბაზარზე. საინტერესო გარემოებაა ისიც, რომ ირანს არ ეშინია ნავთობზე ფასების ვარდნისა, ვინაიდან ნავთობის მინისტრის თქმით, ირანში მოპოვებული ნავთობის ფასი ბარელზე 10 დოლარია. ამიტომ მან აღნიშნა, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 20 დოლარამდეც თუ დაეშვება, ირანი მაინც გააორმაგებს მოპოვების მაჩვენებელს. ირანს იმდენად სჭირდება რეალური ვალუტა, რომ მთავრობა უკან არ დაიხევს, მოინდომებს მაქსიმალურად გამოიყენოს მისთვის დაწესებული კვოტა და ამ საკითხზე არც რუსეთის ფედერაციასთან და არც სხვა ქვეყნებთან არავითარ შეთანხმებებში არ შევა. მსოფლიო ნავთობის ბაზარზე ახალი ძველი მოთამაშის გამოჩენა კი, რა თქმა უნდა, ყველა ეკონომიკური გაანგარიშებით კიდევ უფრო დაბლა დასწევს ნავთობის ფასს. პროპაგანდა, რომელშიც რუსებიც არიან ჩართული, მუშაობს, რომ ირანი მალე ვერ შეძლებს ნავთობის ექსპორტის გაორმაგებას, რომ მას არ აქვს ამის ტექნიკური და ტექნოლოგიური საშუალებები. შეიძლება ეს ძალიან მალე ვერა, მაგრამ აუცილებლად მოხდება. ირანი არავითარ შემთხვევაში უკან არ დაიხევს ამ საკითხში, ვინაიდან მისი ეროვნული ინტერესია, რაც შეიძლება მეტი ნავთობი გაყიდოს.

- რაც შეეხება საქართველოს-ირანის ურთიერთობებს, აღდგა უვიზო მიმოსვლა, დაინიშნა პირდაპირი ავიარეისები. კიდევ რა მიმართულებით ვაპირებთ ირანთან ურთიერთობების განვითარებას? რაიმე კონკრეტული პროექტები, თანამშრომლობის სფეროები თუ არის გამოკვეთილი?

- სახელმწიფოთა ვალია, რომ ხელი შეუწყონ კერძო სექტორს თანამშრომლობაში. საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როცა ჩვენი ქვეყანა კონომიკური სირთულეების წინაშე დადგა და ყოველდღიური მოხმარების პროდუქციის დეფიციტიც იყო, ირანის კერძო სექტორი საკმაოდ მოქნილი აღმოჩნდა და მან გააჯერა ქართული ბაზარი, ვიდრე სხვა მოთამაშეებიც გამოჩნდებოდნენ. დღეს ეკონომიკური თანამშრომლობის უფრო კარგი შესაძლებლობა გაჩნდა ქვეყნებს შორის. მაშინ კერძო სექტორი უფრო მეტად ყიდვა-გაყიდვაზე იყო დაფუძნებული და სავაჭრო ურთიერთოები იყო. ეს სულ სხვა ხასიათის ეკონომიკური ურთიერთობაა, თუმცა ძალიან საჭირო, მაგრამ ახლა დღის წერიგში დადგა მეორე საკითხი, რომ გადავიდეთ უფრო სერიოზულ და დიდ პროექტებზე, რომლებიც ჩვენ მოგვცემს საშაულებას, გამოვიყენოთ ირანის მიერ დაგროვილი გამოცდილება მრეწველობის სხვადახვა დარგების კუთხით, გამოვიყენოთ მათი ფინანსური შესაძლებლობები და მოვიზიდოთ ირანული ინვესტიციები საქართველოში, რათა დავძრათ უფრო დიდი მნიშვნელობის რეგიონული პროექტები. ამ საკითხებზე ვმუშაობთ, გარკვეული მონახაზები გვაქვს და უფრო კონკრეტულად დაახლოებით სამ თვეში გაცხადდება. უნდა ველოდოთ წინა ხელშეკრულებების გაფორმებას.

პირდაპირი ფრენები, ვიზების გაუქმება აუცილებლად წაადგება ეკონომიკის მნიშვნელოვან დარგს - ტურიზმის ინდუსტრიას. ირანელებისთვის საქართველო არის ევროპული ყაიდის ქვეყანა – სრულიად თავისუფალი, ძალიან კარგი კლიმატური პირობებით, მათთვის სასიამოვნო ატმოსფეროთი, ძირძველი კულტურით, სადაც თავს უცხოელად არ გრძნობენ. ზუსტი ციფრის განსაზღვრა ძნელია, მაგრამ წლიურად დაახლოებით 100 000 ირანელს ველოდებით საქართველოში. წლიურად 100 000 ირანელი და მათ მიერ დახარჯული ფული, მე მგონი, საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე საკმაოდ დადებითად აისახება. ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით და ვიზიდავთ ირანელ ტუროპერატორებს. საქართველოში ეს საქმე საკმაოდ მაღალ დონეზე არის აყვანილი. ტურიზმის დეპარტამენტი კარგად მუშაობს, გვყავს გამოცდილი ტუროპერატორები. ერთადერთი, გარემოებათა გამო, ჩვენ არ გვყოფნის სასტუმროები, მაგრამ ესეც გამოსწორებადია. მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს და ამ დარგს საკანონმდებლო დონეზეც წაახალისებს, რათა ხელი შევუწყოთ სასტუმროთა მომრავლებას საქართველოში. მთავრობის ხელშეწყობით, კერძო სექტორის დაინტერესებით, ინვესტიციების მოზიდვით ჩვენ შეგვიძლია, რამდენიმე წელიწადში სრულფასოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ საქართველოში.

პოლიტიკურ დღის წესრიგს რაც შეეხება, ვიზიტების ძალიან საინტერესო დინამიკა გვაქვს. აპრილში საქართველოში ველით ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის თავმჯდომარეს, შემდეგ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, ასევე, თეირანის მერს. ასევე, წინ გვაქვს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიწვევით. გარდა ამისა, ველით მის აღმატებულება ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში. რაც შეეხება, საქართველოდან ირანში დაგეგმილ ვიზიტებს, აქ ჩამოვა სოფლის მეურნეობის მინისტრი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს. ველით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის ოფიციალურ ვიზიტს თეირანში, თუმცა თარიღი ჯერ დაუზუსტებელია. ასევე, აუცილებლად შედგება ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი ორი ქვეყნის ურთიერთობაში, როდესაც ოფიციალური ვიზიტით ირანში ჩამობრძანდება საქართველო პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ეს, სავარაუდოდ, ივნისის პირველ რიცხვებში მოხდება. ასე რომ, როგორც ხედავთ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა პოლიტიკურ დონეზე საკმაოდ დინამიკურია. ვფიქრობ, მეგობრული ურთიერთობების გაღრმავება ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან, რომელიც საკმაოდ მძიმეწონიანი მეზობელია რეგიონში, გამომდინარე მისი პოტენციალიდან, მოსახლეობის რაოდენობიდან, ფართობიდან, მრავალი კუთხით ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას მოგვიხსნის. მე შეგახსენებთ, რომ ირანს დღემდე გააჩნია ძალიან პრინციპული პოზიცია არაღიარების მიმართულებით და იგი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ეს დასაფასებელია, იმიტომ რომ, მიუხედავად დიდი ზეწოლისა, რომელსაც ეს ქვეყანა რუსეთის ფედერაციის მხრიდან განიცდიდა, ირანმა პოზიცია არ შეცვალა. ეს არის უძველესი ცივილიზაციის ქვეყანა, მრავალსაუკუნოვანი, მათ შორის პოლიტიკური, გამოცდილებით და იგი სწრაფ და ემოციურ გადაწყვეტილებებს არასდროს იღებს. როცა გვიჭირდა, ირანმა გაზიც მოგვცა. ირანი მზად არის ჩვენთან თანამშრომლობისთვის და როდესაც ასეთი დადებითი იმპულსები მოდის, ჩვენ ვალდებული ვართ, ეს ვითარება სასარგებლოდ გამოვიყენოთ.

- ამ გადმოსახედიდან, ფიქრობთ თუ არა, რომ 2013 წელს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის გაუქმება ირანის მოქალაქეებისთვის შეცდომა იყო? რეალურად, რა მიზეზი ედო ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად, იმიტომ რომ იყო არათანმიმდევრულობა საქართველოს ხელისუფლების განცხადებებში, რომ ეს გადაწყვეტილება უკავშირდებოდა ევროკავშირის მოთხოვნებს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. შემდეგ ითქვა, რომ ირანს სანქციები მოეხსნა და იმიტომ აღვადგინეთ უვიზო მიმოსვლა. ირანში თბილისის ამ გადაწყვეტილებას ერთმნიშვნელოვნად აშშ-ის ზეწოლას უკავშირებენ.

- შევთანხმდეთ, რომ სახელმწიფოს არ გააჩნდა საიმიგრაციო პოლიტიკა. პოლიტიკა იყო შესამუშავებელი, ეს დიდი საქმე გაკეთდა. შევქმენით შესაბამისი კანონმდებლობა; ხელი მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას; რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ნიუანსი გავითვალისწინეთ მეგობრების მხრიდან. ჩვენ შევზღუდეთ ირანთან უვიზო მიმოსვლა, მაგრამ ვიზები ხომ არ გაგვიუქმებია? ჩვენი საელჩო 24 საათის განმავლობაში მუშაობდა და ვიზებს გასცემდა. ამან შეიძლება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რაოდენობრივად შეამცირა ირანიდან ვიზიტორების რიცხვი, მაგრამ ეს დარგი დასარეგულირებელი იყო. დავარეგულირეთ და უკვე ახალი გადასახედიდან შევცვალეთ პოლიტიკა. ქვეყანას, რომელიც რეფორმირების პროცესში იმყოფება, ამ გზაზე ბევრი წინაღობა ექმნება - ძალიან ბევრი ისეთი, რომელიც საზოგადოებამ იცის და ძალიან ბევრი, რომელიც ბოლომდე არ იცის. შეიძლება ძნელად აღსაქმელი და გასაანალიზებელიც იყოს, მაგრამ როდესაც ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ, რომ ეს დარგები მოვაწესრიგეთ და ახლა ისევ დავუბრუნდით უვიზო რეჟიმს ირანთან, ეს ორმაგად გასახარელი აღმოჩნდა ირანელებისთვის. ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ და რაღაც ტაქტიკური მოსაზრებების გამო, იმის გამო, რომ დარგი იყო მოსაწესრიგებელი, ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდით და როცა გადავლახეთ გარკვეული საკითხები, ისევ დავუბრუნდით ძველ სისტემას. ჩვენ ხომ შეგვეძლო, რომ არ დავბრუნებულიყავით, მაგრამ გაიმარჯვა ისევ სწორმა მიდგომამ. ჩვენ ირანის მხარე თავიდანვე ოფიციალურად გავაფრთხილეთ, რომ ეს იყო დროებითი მოვლენა, რასაც რატომღაც არავინ ამბობს. ჩვენ შევასრულეთ ჩვენი პირობა ირანის მიმართ და ახლა ირანელებს თავისუფლად შეუძლიათ ჩვენს ქვეყანაში უვიზოდ შემოსვლა.

- ბოლო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი, რომ ირანს სურს საქართველოდან წყლის ექსპორტი ან გაზზე ბარტერი. რეალურად თუ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ამ საკითხზე და იგეგმება თუ არა მსგავსი რამ?

- მომავალში არაფერი გამორიცხული არ არის. ეს არ არის შეუძლებელი პროექტები, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან მხოლოდ და მხოლოდ სურვილისა და ლაპარაკის დონეზეა. ეს არ არის მარტივი საკითხი, ვინაიდან ლაპარაკია ათასობით კილომეტრის მილსადენების გაყვანაზე, რაც პარტნიორებთან ერთად, მათი ფინანსური მონაწილეობით უნდა მოხდეს. ძალიან ბევრი საუბარია ამ თემაზე ირანის უმაღლეს სახელისუფლებო სტრუქტურებში. ის, რომ ირანელებს წყლის პრობლემა აქვთ, ნამდვილად ასეა. ირანს აქვს სურვილი, რომ მილსადენებით წყალი შემოიტანოს საქართველოდან, მაგრამ ასე ადვილად ეს საკითხი ვერ გადაწყდება, რადგან ჩვენ ჯერ შესასწავლი გვაქვს საკუთარი პოტენციალი. ვიცით, რომ წყლის რესურსით ერთ-ერთი მდიდარი ქვეყანა ვართ, მაგრამ ყველანაირ წყალზე ხელის ხლება არ შეიძლება. აქ მდინარის წყლებზე არის ლაპარაკი. ჰიდროლოგია, გეომორფოლოგია – ეს ის მეცნიერებებია, რომლებიც პასუხს გასცემენ კითხვებს. მარტო ამ შესწავლას წლები დასჭირდება და თუ დასკვნა დადებითი იქნება, რომ გარკვეული რაოდენობის წყლის მომზადება შეიძლება საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ამ მომზადების პერიოდში ძალიან ბევრი საინტერესო ჰიდროტექნიკური ნაგებობაც გაჩნდება საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მომზადებულ წყალს ჯერ ჩვენს ტერიტორიაზე გამოვიყენებთ და შემდეგ ვიფიქრებთ იმაზე, მილსადენით როგორ გავუშვათ ირანის ტერიტორიაზე. ამას სჭირდება შესწავლა, რაც ჯერ დაწყებული არ არის და თუ ეს შეწავლა იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ეს საკითხი დადებითად გადავწყვიტოთ, დარჩება მხოლოდ პროექტირების საკითხი და ინვესტიციების მოზიდვა, რაშიც ყველა დიდი სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას.

- საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ცოტა ხნის წინ ირანში იმყოფებოდა. როგორც ითქვა, მოლაპარაკებების თემა გაზის იმპორტი იყო, მაგრამ "სოკართან" მიღწეული შეთანხმების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, რომ ირანიდან გაზის მოწოდების საჭიროება აღარ არის. როგორ ფიქრობთ, ეს დროებითია და მომავალში შეიძლება განახლდეს დიალოგი? გვჭირდება თუ არა ირანიდან გაზის შესყიდვა?

- ბატონი კახი კალაძის ვიზიტი აბსოლუტურად სწორი იყო, გამართლებულია მისი სტრატეგიული ხედვა პერსპექტივაში, რომ ჩვენ არ ვიყოთ დამოკიდებული ერთ ან მეორე მომწოდებელზე და გვქონდეს მესამე ალტერნატივა ირანის სახით. ეს ვიზიტი იყო ნიშანსვეტი ირანთან ურთიერთობაში. ირანის ხელისუფლებამ დააფიქსირა მზაობა, რომ საქართველოს მიაწოდოს გაზი, მაგრამ თქვა, რომ ამას სჭირდება მომზადება, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ირანს გაზი გააჩნია სამხრეთის რეგიონებში - ჰუზისტანსა და რამდენიმე პროვინციაში და თვითონ უჭირს გაზი ჩრდილოეთით და თურქმენეთიდან ყიდულობს. ამიტომ დამატებითი მოცულობების მოზიდვა არცთუ ისე ადვილია. ამიტომ ამაზე მომავალი ენერგეტიკული პროექტები გაგვცემენ პასუხს. არ გამოვრიცხავ ამ დიდ ენერგეტიკულ თამაშში შემდეგ ირანის ჩართვასაც, თურქმენეთის ჩართვასაც ან რაღაც ფორმით კასპიის წყალქვეშა გაზსადენის გაყვანასაც. ძალიან ბევრი რამ იცვლება თანამედროვე მსოფლიოში: მიდგომები, საგარეო ვექტორები, ფასები. მაგალითად, რუსეთის ფედერაციას შეიძლება აღარ ჰქონდეს ისეთი ხისტი პოზიცია იმ პროექტის მიმართ, რომელსაც წლების განმავლობაში ებრძოდა, ვგულისხმობ თურქმენეთიდან წყალქვეშა გაზსადენის გაყვანა აზერბაიჯანის მიმართულებით. ასე რომ, მიდგომები იცვლება და ამ სივრცეში ძალიან ბევრ სიახლეს უნდა ველოდოთ. დღეის მდგომარეობით, ირანიდან გაზის მიღება, ბატონი კახას ხედვაც ეს არის, რომ ჩვენ "დავიბევოთ" კიდევ ერთი მეზობელი იმ შემთხვევაში, თუ კიდევ უფრო მეტი რაოდენობის გაზი დაგვჭირდება. ამის საფუძველი ჩაყრილია, სამუშაო შესრულებულია, სიტუაცია დაზვერილია, კარგი წინადადებები თბილისში წაღებულია, მხარეთა მზაობა ამ დარგში თანამშრომლობის თაობაზე დაფიქსირებულია, ხოლო როგორი მიმართულებით განვითარდება ეს თანამშრომლობა, მომავალი გვიჩვენებს.

- და ბოლოს, არ შემიძლია ფერეიდნელ ქართველებზე არ გკითხოთ, როგორია მათი ყოფა, რა პრობლემებისა და საჭიროებების წინაშე დგანან? თქვენ რამდენად ხშირად ჩადიხართ ფერეიდანში? მესმის, რომ ფერეიდნელი ქართველები ირანის მოქალაქეები არიან, მაგრამ საქართველოს თუ შეუძლია, რაიმე ნაბიჯები გადადგას იქ მცხოვრები ქართველების ინტერესების დასაცავად? გვახსოვს, ქართული ანბანის ძეგლთან დაკავშირებული დაპირისპირება...

- რა თქმა უნდა, ჩვენ გვახსოვს, გვიყვარს ფერეიდნელი ქართველები. გვინდა, რომ უფრო ინტენსიური გახდეს ჩვენი ურთიერთობები მათთან, მაგრამ გეტყვით რამდენიმე გარემოებას სრული სურათის დასახატად. მათი ძალადობრივი გადმოსახლება მოხდა დაახლოებით 400 წლის წინ. კონცენტრირებულად ისინი დღეს წარმოდგენილი არიან ისპაჰანთან ახლოს, მთებში, 2700 მ სიმაღლეზე, ე.წ. ფერეიდნის პროვინციაში, სადაც ცენტრალური ქალაქი არის ფერეიდუნშაჰრი. ქართველები უმრავლესობაში არიან, მაგრამ ისინი იქ ცხოვრობენ სხვა ეროვნებებთან ერთად. ფერეიდუნშაჰრის შემოგარენშიც ქართული სოფლებია. მოსახლეობა იქ მიწათმოქმედებით არის დაკავებული, აქვთ მარცვლეული კულტურები, ხილი და განვითარებულია მეცხოველეობა. მიუხედავად იმისა, რომ მთელს ირანში ქალაქები დაწინაურებულია, სოფლებს ჯერ კიდევ ძალიან უჭრის. ფერეიდნელების ყოფა გამორჩეულია დანარჩენი ირანის სოფლებისგან. მათ გამართული კარგი სახლები უდგათ და კარგ ბინებში ცხოვრობენ. ისეთ პროდუქციას ქმნიან, რომელიც ბაზარზე იყიდება. ფერეიდნელ ქართველებს გამოეყო გარკვეული შტო, შვილები წამოვიდნენ ქალაქ ისპაჰანში, სადაც ასევე დაწინაურებული ქართველობა გვყავს. იქ არიან მეწარმეები, ბიზნესმენები, ქარხნის პატრონები, ექიმები, სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალი - საკმაოდ შეძლებული ფენა. რა თქმა უნდა, რთული იყო უცხო მიწაზე პირველი თაობების ცხოვრება, მოღვაწეობა. ფერეიდნელმა ქართველებმა ირანელებთან ერთად გაიარეს საუკუნეები, ლხინშიც და ჭირშიც მათთან ერთად იყვნენ, მაგრამ მოხდა ერთი გარემოება, რომ მათ შეიცვალეს სარწმუნოება, ეს არ არის დასაძრახი. გარემოებათა გამო მათ მიიღეს ისლამი და დღეს არიან შიიტი მუსლიმები. ამას გეუბნებით იმიტომ, რომ ისენი არიან ირანის მოქალაქეები და ამ მიზეზის გამო არ განიხილებიან ეროვნულ უმცირესობად. ირანის კონსტიტუციით, ირანში უმცირესობად განიხილებიან ისინი, რომელთაც გააჩნიათ თავიანთი სარწმუნოება. მათ კანონმდებლობით ერგებათ გარკვეული შეღავათები და 5 ადგილი ეროვნული უმცირესობისთვის პარლამენტშიც დაჯავშნილია. ასეთ რამეს ქართველები მოკლებულნი არიან, იმიტომ რომ თავის დროზე შეიცვალეს რელიგია. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, თვითონ 10 მილიონი ირანელი ცხოვრობს საზღვარგარეთ. ირანის ისლამური რესპუბლიკა დღეს არავის უკრძალავს ქვეყნის დატოვებას. მათ აქვთ თავისუფალი გასვლა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის საელჩოებში აიღებენ ვიზას. წინა წელს ირანში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გუბაზ სანიკიძის ვიზიტი გაიმართა. ჩვენ მაშინ ფერეიდანშიც ვიყავით და ქართველობას შევხვდით. 1 წლით ადრე, როცა ახალი ჩამოსული ვიყავი ქვეყანაში და ელჩად დავინიშნე, მე ცალკე წავედი ისპაჰანში, ქართული ენის კურსდამთავრებულთა დაჯილდოებაში მივიღე მონაწილეობა და ფერეიდანშიც ავედი. ქართული ენის შემსწავლელი კურსები ისპაჰანში დღესაც ფუნქციონირებს. მეორე კურსები თეირანის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს, ოღონდ როგორც თავისუფალ მსმენელთა კურსები. მსურველებს ყოველთვის ექნებათ იმის შანსი, რომ ქართული ენა აქ რამენაირად ისწავლონ – ისპაჰანშიც და თეირანშიც. რაც შეეხება წიგნებს, საქართველოს საელჩო თეირანში 21 წელიწადია ფუნქციონირებს და ამ წლების განმავლობაში ასობით წიგნი გადაეცათ ფერეიდნელ ქართველებს. დღეს კომპიუტერული ტექნიკის გათვალისწინებით, არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს საიტებზე, იქიდან ამობეჭდვა და გავრცელება. მაგრამ თუ მაინცდამაინც წიგნების გავრცელებაზე იქნება საუბარი, არც ეგ აკლიათ ფერეიდნელ ქართველებს. თუ უფრო მეტია გასაკეთებელი, ჩვენ მზად ვართ ამისათვის. ბევრი ქართველი ჩამოდის აქ, წიგნებს გადასცემს ფერეიდნელ ქართველებს, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს კანონმდებლობის გათვალისწინებით, იმიტომ რომ წიგნების შემოტანაზე აქ არ ვიტყოდი, რომ ცენზურაა, მაგრამ გარკვეულ კონტროლს გადის შინაარსობრივად. რაც შეეხება თავისუფალ გასვლას, მათ არავინ იჭერს, სპეციალურ პრობლემებს არავინ უქმნის. პრობლემა იცით სად იყო? - როდესაც ვიზები დავაწესეთ, ფერეიდნელმა ქართველებმა ჩათვალეს, რომ მათ, როგორც ქართველებს, გარკვეული შეღავათები უნდა ჰქონდეთ. აქ კი ჩვენ კანონის ფარგლებში არ შეგვეძლო ისინი გამოგვეყო ირანის სხვა მოქალაქეებისგან, ეს დაუშვებელი შეცდომა და დანაშაული იქნებოდა. საელჩო ვალდებულია, პატივი სცეს ადგილობრივი ქვეყნის კანონმდებლობას. ეს ასევე ევალება ირანის საელჩოს საქართველოში. მე მესმის ემოციები, ქართველებისადმი ჩვენი განსაკუთრებული გრძნობები, მაგრამ მათ ცალკე ვერ გამოვყოფდით, იმიტომ რომ ამით, რბილად რომ ვთქვათ, საყვედურს დავიმსახურებდით ირანის ოფიციალური სტრუქტურებისგან. ამან ძალიან ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია საქართველოში. როდესაც ქართველებმა იქ გადაწყვიტეს ე.წ. ქართული ანბანის ძეგლის დადგმა, ის არ ყოფილა ქართული ანბანის ძეგლი. ის იყო ალაჰისადმი მიძღვნილი ძეგლი. ერთადერთი განსხვავება ის იყო, რომ ალაჰი ეწერა ქართული ასოებით მაშინ, როდესაც ნებისმიერი მუსლიმისთვის ალაჰი იწერება არაბულ ენაზე და დაუშვებელია მისი ვარიაციებით წარმოდგენა. ეს არის ტრადიცია, რომელსაც ისლამური თემი მთელს მსოფლიოში მიჰყვება. ამ ძეგლის დადგმაზე ადგილობრივი ხელისუფლებისგან მოითხოვეს ნებართვა, თუმცა პასუხს არ დაელოდნენ. შეიტანეს განაცხადი და ჯერ პასუხი - არც დადებითი და არც უარყოფითი მიღებული არ ჰქონდათ. არაქართული მოსახლეობა აპროტესტებდა ამ ძეგლის დადგმას, რადგან ალაჰი მათთვის არის არაბულად აღსაქმელი. ანუ, ნებართვა არ იყო გაცემული, ქართული ანბანი დაარქვეს და ქართული ანბანი არ ყოფილა, ალაჰისადმი მიძღვნილი ძეგლი გააფორმეს ქართული ასოებით. მე ვერ გეტყვით, ვის დასჭირდა ეს და ვის მოუვიდა თავში აზრად ასეთი რამის გაკეთება, მაგრამ ამან გარკვეული სახის გაუგებრობები წარმოშვა. ხელისუფლებამ მეორე დღეს ძეგლი აიღო, რასაც მოჰყვა ლოკალური სახის მღელვარება. ძალიან დიდ ტრაგედიებში არ გადაზრდილა, მაგრამ სამწუხაროდ გავრცელდა ძალიან ცუდი ინფორმაციები Facebook-ით, რომ ქართველებს ჩაგრავენ, რომ ადგილი ჰქონდა დარბევას, მასობრივ დაპატიმრებებს. ასე ნამდვილად არ ყოფილა. ემოციურ ფონზე საქართველოშიც არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

- ფიქრობთ, რომ მიზანმიმართული პროვოკაცია იყო?

- ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება კი ჰგავდა. ვის რაში დასჭირდა, ამის გარკვევა ძალიან ძნელია. არ გაითვალისწინეს ისლამის ნორმები, არ გაითვალისწინეს, რომ არ აქვთ ნებართვა, არ გაითვალისწინეს მათი მეზობლების სურვილი, ბოლოს ამ ყველაფერს დაერქვა ქართული ანბანის ძეგლი, რაც არ ყოფილა ქართული ანბანის ძეგლი. ხედავთ, რამდენ სათუთ თემას შევეხეთ ერთი არასწორად დადგმული სპექტაკლის გამო და რა მრავალხმრივი გართულება მოჰყვა ამას, რაც არავისთვის არ იყო საჭირო და არავის ამ საქმემ არ არგო. ახლა ვუბრუნდები დავით უსუფაშვილის ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც შეხვედრა გვქონდა ირანის ყოფილ პრეზიდენტთან, ბატონ აკბარ ჰაშემი რავსანჯანისთან. რავსანჯანიმ პარლამენტის თავმჯდომარეს უთხრა, რომ მე პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესაც ვუთხარი და თქვენც გეუბნებით, რომ თუ ირანელ ქართველობას უნდა სამშობლოში დაბრუნება, ჩვენ არანაირ პრობლემას არ ვქმნითო; პირიქით, ხელს შევუწყობთ მათი ავლადიდების გაყიდვაში და ძმურად, მეგობრულად გამოვაცილებთ ისტორიულ სამშობლოშიო. თუ უნდათო, მაგრამ დღეს მე ასეთ სურვილს ვერ ვატყობ, ყოველ შემთხვევაში მასობრივად. ამას ბევრი მიზეზი აქვს, ასე მარტივი არ არის გადასახლება ერთი ქვეყნიდან მეორეში. დინამიკაც ამაზე მიგვითითებს. შევარდნაძემ ჯერ კიდევ მისი ცეკას მდივნობის დროს ჩამოასახლა პირველი ფერეიდნელი ქართველები საქართველოში, მაგრამ ძალიან ბევრი მათგანი უკან გამობრუნდა, მხოლოდ ათიოდე ოჯახი დარჩა. დავაბრალოთ ეს იმას, რომ საბჭოთა ცხოვრების წესი მათთვის მიუღებელი იყო, მაგრამ ასევეა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაშიც, როდესაც თავისუფალი მომოსვლაა, ვიზაც აღარ არის საჭირო, შეუძლიათ თანამემამულის სტატუსი აიღონ, იქ დაფუძდნენ. ეს საკითხი ჩვენი გადასაწყვეტი არ არის. თავად ფერეიდნელმა ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, რა სურთ მათ. ჩვენთვის ისინი წარმოადგენენ მეგობრობის ხიდს ირანსა და საქართველოს შორის. თუ უნდათ დარჩენა ამ ქვეყანაში, დარჩნენ და იცხოვრონ ირანის კანონმდებლობით, როგორც ირანის მოქალაქეებმა, თუ უნდათ წამოსვლა საქართველოში, წამობრძანდნენ, ოღონდ აქ უფრო მეტად კერძო ინიციატივა უნდა იყოს წინ წამოწეული, იმიტომ რომ მათი რისკი და შესაფასებელი გარემოებაა, გაყიდონ აქ ქონება და წამოვიდნენ თუ არა საქართველოში, სადაც მთავრობაც ხელს შეუწყობს, რაღაც ნაკვეთსაც გამოუყოფს, ალბათ. მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს მოსაგვარებელი იმისთვის, რომ ნაკვეთიც გამოვყოთ უფასოდ, სახლიც ავუშენოთ. ფერეიდნელი ქართველები დღესაც მიდიან საქართველოში, მაგრამ ბრუნდებიან ირანში. ჩემი მონაცემებით, ახლა საერთო ჯამში 100 ოჯახს არ აღემატება მათი რიცხვი, ვინც საქართველოში დარჩა, აქ კი 25-30 000 ქართველი ცხოვრობს. მე ისინი ძალიან მიყვარს, ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვმეგობრობ მათ წარმომადგენლებთან, მაგრამ გადაწყვეტილება მათ უნდა მიიღონ და ამ საქმეში ვერავინ ჩაერევა. ეს არის ჩემი, არა როგორც ელჩის, არამედ ერთი ადამიანის ნააზრევი, რომელმაც ღრმად ჩაიხედა ამ თემაში.

ნინო ჩიჩუა

"ინტერპრესნიუსი"