სადაზღვევო ინდუსტრიის ახალი პერსპექტივა

ჯანმრთელობის დაზღვევის ეს ოთხწლიანი სოციალური პროგრამა საკმაოდ მანკიერ სისტემად ჩამოყალიბდა, რამაც ბაზარზე მონოპოლიების შექმნას შეუწყო ხელი.

ქართული სადაზღვევო ინდუსტრია დიდი გარდატეხისთვის ემზადება. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და კერძო სექტორის მიერ განხორციელებული სოციალური ჯანმრთელობის დაზღვევის ოთხწლიანი პროგრამა, რომელმაც მისი ტენდერზე გატანის დღიდან უამრავი კითხვის ნიშანი დასვა და სადაზღვევო ინდუსტრიას ჯერ დიდი მოგება, შემდეგ კი დიდი ზარალი აჩვენა, წელს იწურება და სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ მომავალი წლიდან თავის ბენეფიციარებს თავად მოემსახუროს.

წლის ბოლომდე საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, სავარაუდოდ, სრულად მოიცავს კერძო სექტორის მიერ დაზღვეულ სახელმწიფო სოციალური პროგრამების ბენეფიციარებს და სადაზღვევო ინდუსტრია განვითარების ახალ, წმინდა კომერციულ ფაზაში გადავა. ანალიტიკოსები გაზრდილ კონკურენციას და ბაზრის გაჯანსაღებას ელიან, რადგან ჯანმრთელობის დაზღვევის ეს ოთხწლიანი სოციალური პროგრამა საკმაოდ მანკიერ სისტემად ჩამოყალიბდა, რომელმაც ბაზარზე მონოპოლიების შექმნას შეუწყო ხელი, მონოპოლიისთვის დამახასიათებელი დაბალი სერვისითა და მაღალი ფასებით.

გაუაზრებელი სატენდერო პირობების შესრულება, სადაზღვევო კომპანიებისთვის მძიმე აღმოჩნდა, როგორც ფინანსური, ასევე ადეკვატური მომსახურების განხორციელების კუთხით და რიგი კომპანიების ბაზრიდან გაქრობა გამოიწვია, ხოლო დანარჩენები მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა.

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა ნიკოლაძე მიიჩნევს, რომ კერძო სექტორისათვის სოციალური პროექტის ჩამოშორება მას განვითარების ახალ შანსს მისცემს. სადაზღვევო ინდუსტრიის პერსპექტივა რომ უფრო ნათელი გახდეს მკითხველისთვის, bpn.ge ლაშა ნიკოლაძეს ესაუბრა.

- ბატონო ლაშა, იმ შემთხვევაში, თუ სოციალური პროგრამების ადმინისტრირებას სრულად განახორციელებს სახელმწიფო, როგორ აისახება ეს კერძო სექტორზე?

- სადაზღვევო კომპანიებისთვის ფინანსურად მძიმე აღმოჩნდა სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს შეუმცირდებათ სადაზღვევო პრემია, ნებაყოფლობით სეგმენტზე ორიენტირება, მათ შორის ფასის და სერვისის ადეკვატურობა გაზრდის მომგებიანობას, შესაბამისად სტაბილურობასაც. რეალური სადამფუძნებლო ინტერესი მოგების არსებობაშია, და არა მაღალი სადაზღვევო პერემიის მოზიდვაში.

- მაგრამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სახელმწიფო, ფაქტობრივად, კონკურენტად შევიდა ბაზარზე. ამას როგორ გაუძლებს კერძო სექტორი?

- საყოველათაო ჯანდაცვის პროგრამების დაწყების მომენტში საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2.3 მილიონი გახლდათ დაზღვეული უკვე არსებული კორპორაციული და სოციალური დაზღვევის პროგრამების ფარგლებში (1,600,000 ბენეფიციარი სოციალური დაზღვევის პროგრამებით და 500,000 ბენეფიციარი კორპორაციული პროგრამით), შესაბამისად 2.2 მილიონი ადამიანი არ სარგებლობდა არც ერთი ტიპის დაზღვევით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განხორციელდა სწორედ აღნიშნული სეგმენტის უზრუნველყოფა საბაზისო პაკეტით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ვერ განიხილება კონკურენტად სადაზღვევო ბაზარზე.

- პირდაპირ არა, მაგრამ პოტენციური ბაზარი ხომ წაართვა?

- ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის არსებობის 18 წლის მანძილზე სადაზღვევო კომპანიებმა მხოლოდ ნახევარი მილიონი ადამიანის დაზღვევა შეძლეს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემოტანით სახელმწიფო კონკურენტად ვერ განიხილება. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისათვის სადაზღვევო კომპანიების მხრიდან, შესაძებელია, დამატებითი მომსახურების შეთავაზება უკვე არსებული საბაზისო პაკეტის ზემოთ. ამ მიმართულებით მუშაობს კიდეც რამდენიმე კომპანია. შესაბამისად, 2013 წლის 28 თებერვლის და 1 ივლისის შემდეგ [როცა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ამოქმედდა ეტაპობრივად] კორპორაციულად დაზღვეულთა რაოდენობა მომატებულია, თანაც, მნიშვნელოვნად.

- სადაზღვევო კომპანიების მიერ რეგიონებში აშენებული საავადმყოფოები დიდ წილად იმ სოციალურ პროგრამებზე იყო მიბმული, რომელიც სახელმწიფოს მიაქვს. ამ პროგრამების დაზღვეულებს გაუჩნდებათ თავისუფალი არჩევანი და საავადმყოფოები გაკოტრების საფრთხის წინაშე ხომ არ დადგებიან?

- რაიონში ფუნქციონირებს და სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს ძირითადად ერთი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას კვლავ უცვლელად მიიღებს სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფოსგან, ხოლო კორპორაციული დაზღვევის ფარგლებში - სადაზღვევო კომპანიებისგან. შესაბამისად, იცვლება გადამხდელი და არა ფინანსური პარამეტრები. რაც შეეხება თავისუფალი არჩევანის გაჩენას, ეს რა თქმა უნდა, კარგია.

- მომხმარებლისთვის კარგია, მაგრამ კომპანიისთვის, რომელსაც საავადმყოფოში ჩადებული ინვესტიცია ჯერ არ ამოუღია?

- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, არსებული 2,3 მილიონის ნაცვლად, ფინანსდება 4,5 მილიონი ბენეფიციარი. სამედიცინო დაწესებულებებისთვის იზრდება პოტენციური მომხმარებლის რაოდენობა. თავისუფალი არჩევანის პრინციპი კი ზრდის კონკურენციას და, შესაბამისად, მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს. თუმცა, გასათავლისწინებელია რამდენიმე მაღალმთიანი და მცირედ დასახლებული რაიონი. ასეთ ტერიტორიულ ერთეულებში სამედიცინო დაწესებულების არსებობა არ წარმოადგენს კერძო სექტორის ინტერსს, მაგრამ სახელმწოფო ვალდებულია უზრუნველყოს სამედიცინო სერვისების უწყვეტად შენარჩუნება. ამ მიმართულებით განიხილება ორი შესაძლო ვარიანტი, დოტაციური დაფინანსების ადეკვატური ოდენობა, ან სახელმწიფო საკუთრებაში გადატანა შემდგომი ადმინისტრირებით.

ნინო ფაცურია