ორპინგტონი, მუშკის იხვი, ჯერსის გიგანტი, ტეხასური მწყერი - ფერმაში, რომელიც თბილისიდან დაახლოებით 15 წუთის სავალზე მდებარეობს, მსოფლიოში ცნობილ და საუცხოო ჯიშის შინაურ ფრინველებს ნახავთ.
ამერიკიდან ინტერნეტით გამოწერილი კვერცხებით ფერმის მეპატრონემ აქ ოთხი სახეობის იხვი და ხუთი ჯიშის ქათამი მოაშენა - ზოგი ძალიან დიდი იზრდება, ზოგს გამორჩეულად გემრიელი ხორცი აქვს, ზოგი მოწითალო კვერცხს დებს, ზოგიც სხვებზე ძვირად ღირებულია...
კოტე ჯაოშვილი, ფერმის მეპატრონე: "პროფესიით იურისტი ვარ. გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორი ვიყავი. ყოველთვის მიყვარდა ძაღლები, ფრინველები - ჩემი ერთგვარი ჰობი იყო. 2010 წელს პროკურატურიდან წამოვედი და ბიზნესს მივყავი ხელი. ერთხელაც ინტერნეტით აღმოვაჩინე, რომ უცხოეთში ძალიან პოპულარულია მეურნეობები, ფერმები, სადაც შინაურ ფრინველს ბუნებრივ პირობებში ზრდიან. ასეთ ფერმებში საუცხოო, მაღალპროდუქტიული ფრინველი გამოჰყავთ და გარდა იმისა, რომ საჯიშე მეურნეობის დატვირთვა აქვს და ნამატს ყიდიან, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტსაც აწარმოებენ. მოკლედ ასეთი ფერმის გაკეთება გადავწყვიტე. სოფელ მუხრანში შევიძინე 3000 კვმ მიწა და დავიწყე უცხოეთში ნანახი ფერმების ანალოგის მშენებლობა, სადაც ფრინველს დახურული სათავსიც აქვს, ღია სივრცეც, საკვებური, რომელიც მიწას არ ეხება (რაც საკვების ხარჯს 15-30%-ით ამცირებს) და ყველა სხვა პირობა ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად. სხვათა შორის, ევროკავშირი უკვე მუშაობს იმ მიმართულებით, რომ გალიებში შინაური ფრინველების გაზრდა აიკრძალოს.
- როგორ შეარჩიეთ ფერმაში მოსაშენებელი ფრინველების ჯიშები?
- ფრინველებს მათი გამორჩეული თვისებების მიხედვით ვარჩევდი. ყველა ჯიშს თავისი ისტორია აქვს და უკეთესი პროდუქტიული თვისებები. მაგალითად, ქათამი ჯერსის გიგანტი 7 კილოგრამამდე იზრდება. მარანის ჯიშის ქათამი მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის კვერცხს დებს და ევროპაში ერთი ცალი დაახლოებით 1,5 ევრო ღირს. ბრესის ქათამს ყველაზე გემრიელი ხორცი აქვს და ევროპის ძვირად ღირებულ რესტორნებში ერთი ასეთი შემწვარი ქათამი 400 ევრო ღირს. ბრესის ხორცი მარმარილოსებრია, მაგრამ სპეციფიკურად გაზრდა სჭირდება. მაგალითად, ერთი ბრესის ჯიშის ქათმის წილად უნდა მოდიოდეს 10 კვმ მინდორი, 3 თვის ვარიკა უნდა მოთავსდეს ცალკე გალიაში და დღეში სამჯერ უნდა აჭამონ დაფქული სიმინდისა და ხორბლის ფაფა, რომელიც დამზადებული იქნება უცხიმო რძის ან შრატისგან. ასე გაზრდილი 4 თვის ქათამი უკვე შეგიძლია დაკლა, რადგან ის უკვე ნამდვილი ბრესის ქათამია.
მამლის შემთხვევაში კი იმავეს აკეთებ, ოღონდ მამალი გალიაში 7 თვის ასაკში გადაგვყავს. ყველაზე ძვირად სწორედ მამლები ფასობენ. ბრესი საფრანგეთში მეფრინველეობის ცენტრია, სადაც ყოველი წლის 17-18 დეკემბერს, შობამდე ერთი კვირით ადრე, ეწყობა როგორც დაკლული, ასევე ცოცხალი ქათმების გამოფენა, გამარჯვებულ დაკლულ ქათამს კი უგზავნიან საფრანგეთის პრეზიდენტს, რომელიც შობის დღესასწაულზე მიირთმევს მას.
ფერმაში მყავს ასევე ორპინგტონის ქათმები და იხვები, რომლებიც XIX საუკუნეში გამოიყვანა ლორდმა უილიამ კუკმა. ორპინგტონის იხვებს ძალიან ნაზი ხორცი აქვთ, ადვილია გასაპუტად და ძალიან მალე მზადდება. მყავს ასევე ინდური მორბენალი იხვები, რომლებიც უქოლესტერინო კვერცხს დებენ და მისწრებაა ალერგიული ადამიანებისთვის. გემოთი კი მათი კვერცხი არაფრით გამოირჩევა ქათმის კვერცხისგან, თუმცა მასზე ბევრად დიდია. მუშკის იხვი კი ფრანგული სელექციის არის, ცხიმიანობა 16% აქვს და 8 კგ-მდე იზრდება.
- როგორც ვხედავ, ქართული ჯიშის ქათამი არ გყავთ.
- მოსკოვში არსებობს გენოფონდი, სადაც ჰყავთ ქართული ჯიშის ქათმები: ნაცარა, ქოჩორა და მეგრულა. სამივე ერთად რომ აწონო, იმდენი არ გამოვა, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშების ერთი ქათამი იწონის. სამწუხაროდ, ჩვენთან ხშირად ფიქრობენ, რომ თუ ფრინველი დიდი და ლამაზია, ის არ უნდა დაკლა და მიირთვა. ზოგსაც ჰგონია, რომ ასეთი ჯიშის ფრინველს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. არადა, როგორც სოფლად უვლიან ფრინველს, ისეთივე მოვლა სჭირდებათ ამათაც. ბაზარში რომ მიდის ადამიანი და ფერად წიწილას ყიდულობს იმ იმედით, რომ შინაური გამოდგება, დიდია ალბათობა, რომ ე.წ. ბროილერი შეაპარონ. ასეც რომ არ იყოს, არ იცის, რა ჯიშის წიწილას ყიდულობს, არ იცის, რამხელა გაიზრდება, რამდენ კვერცხს დადებს და სხვ. ფერმაში რომ მოდის, ხედავს დედალსაც, მამალსაც და იცის, მათი წიწილა როგორი გაიზრდება.
ახლო მომავალში ბიოლოგიურად სუფთა ტეხასურ მწყერს და მწყრის კვერცხს შევთავაზებთ მომხმარებელს. ტეხასურ მწყერს მეტი ხორცი და უფრო დიდი ზომის კვერცხი აქვს და გასაოცრად სწრაფად იზრდება. ჩემს მეგობარს ბიომეურნეობა აქვს აქვე, 10 კილომეტრში და ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე აწარმოებს ხორბალს, სიმინდს, ქერსა და იონჯას. სწორედ ის მამარაგებს ფრინველისთვის აუცილებელი საკვებით.
ახლა ფერმაში დაახლოებით 1000 ფრთა ფრინველი მყავს. რა თქმა უნდა, მათი რაოდენობის გაზრდასა და ჯიშების კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაზე ვფიქრობ. სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, თუ ზოგადად მიდგომებს არ შევცვლით და მაღალპროდუქტიული ჯიშების წარმოებაზე არ გადავალთ.
***
უინძორების საქათმე
"ლორდი კუკი დედოფალ ვიქტორიასთან იყო მიწვეული სადილზე, სადაც სტუმრებს ფრანგული ჯიშის შემწვარი ქათამი მიართვეს. დედოფალს უთქვამს: ამხელა იმპერიის პატრონებმა როდემდე უნდა ვჭამოთ ფრანგული ქათამიო. სწორედ ამის შემდეგ ლორდმა, რომელსაც მამულებში ბევრი ფრინველი ჰყავდა, მათი სელექცია დაიწყო და ორპინგტონები გამოიყვანა. ამ ჯიშის ქათამი გამორჩეულია დიდი ზომის მკერდით და შესაბამისად, ბევრი თეთრი ხორცი აქვს. სულ თოთხმეტი შეფერილობის ორპინგტონის ქათამი არსებობს და პირველი, რომელიც კუკმა გამოიყვანა, ოქროსფერი იყო. სწორედ ოქროსფერი ორპინგტონები მყავს ფერმაში. სხვათა შორის, ოქროსფერები ჰყავს ინგლისის დედოფალსაც. დედოფალი ელისაბედი თავის მამულებში თავად ზრდის ამ ქათმებს და 1972 წლიდან მისი გაზრდილი ქათმები გამოფენებშიც მონაწილეობენ და ხშირად იმარჯვებენ კიდეც".ემა ტუხიაშვილი
წყარო გაზეთი ”კვირის პალიტრა”