”2030 წლისთვის 60 წელს გადაცილებულთა რაოდენობამ, შესაძლოა, 28%-საც გადააჭარბოს, რაც კატასტროფული მაჩვენებელია”
ქვეყანაში პენსიონერთა რიცხვი ყოველწლიურად და მუდმივად იზრდება. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ასაკით პენსიონერთა რიცხვმა 5,6%-ით მოიმატა. საერთო ჯამში, მათი რაოდენობა მთელი მოსახლეობის 15%-ს აჭარბებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ერის დაბერების პროცესი აქტიურად გრძელდება და თუ შობადობის მიმართულებით სიტუაცია არ გამოსწორდა, უახლოეს 10-15 წელში პენსიონერების წილი 28%-საც გადააჭარბებს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო აღწერის მიხედვით, საქართველოში სულ 4,5 მლნ ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2014 წლის მონაცემებით კი, ქვეყანაში სულ 694 572 ასაკით პენსიონერია, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით 15,4%-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ პენსიონერთა რიცხვი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განუხრელად იზრდება. მაგალითად, 2010 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობა 657 584 იყო, 2011 წელს - 662 350-მდე გაიზარდა, 2012 წელს ასაკით პენსიონერთა რაოდენობამ 682 886 ადამიანი შეადგინა, 2013 წელს კი ქვეყანაში 685 358 ასაკით პენსიონერი იყო. შესაბამისად, 2010 წლიდან დღემდე ქვეყანაში პენსიონერთა რაოდენობამ 5,6%-ით მოიმატა.
სპეციალისტთა აზრით, საგანგაშო არა პენსიონერების რიცხვის ზრდა, არამედ ისაა, რომ მათი წილი მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში ძალიან მაღალია. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბერების პროცესი აქტიურად გრძელდება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ავთანდილ სულაბერიძე ამბობს, რომ თუ 65 წელს გადაცილებული ადამიანების რიცხვი მოსახლეობის საერთო რაოდენობის 7%-ს შეადგენს, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა დაბერებულია.
”დაბერების მიჯნაა 4-დან 7%-მდე. ჩვენთან, ოფიციალური მონაცემებით, 65 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობა 15%-ს აჭარბებს, მათგან 11% მამაკაცია, 16,6% კი - ქალი; ანუ ჩვენი მონაცემი ორჯერ აღემატება დაბერების საწყის ნორმას. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 4,5 მლნ ადამიანია. ჩვენი, დემოგრაფების გათვლებით კი, ეს არის 3,8 მლნ ადამიანი. შესაბამისად, 2014 წლის მაჩვენებლით, დაბერება (ვგულისხმობ 65 წელს გადაცილებულ ადამიანებს) 15,8%-ის ტოლია, მამაკაცებში -12,8%-ია, ქალებში - 18,2%. თუ ჩვენ ვიანგარიშებთ 60 წელს გადაცილებულ მოსახლეობას, აქ უკვე დაბერების მაჩვენებელი 20%-ს გადააჭარბებს. გამოდის, რომ დღეს საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი არის დაბერებული”, - განუცხადა ”რეზონანსს” ავთანდილ სულაბერიძემ.
”პრობლემაა ისიც, რომ ქვეყანაში დაბერების პროცესი როგორც ”ზემოდან”, ასევე ”ქვემოდან” მიმდინარეობს. ”ქვემოდან” დაბერება იმაზე მიანიშნებს, რომ შობადობა მცირდება, ”ზემოდან” დაბერება კი იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ორმხრივ დაბერებას ემატება მიგრაციაც 10-დან 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში, რაც მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას და დაბერების მაჩვენებლის ზრდას იწვევს. თუ ამის საწინააღმდეგოდ არაფერი გაკეთდა, თუ არ გაიზარდა შობადობის მაჩვენებელი, მაშინ 2030 წლისთვის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობის რაოდენობამ, შესაძლოა, 28%-საც გადააჭარბოს. ეს კი კატასტროფული მაჩვენებელია”, - ამბობს სულაბერიძე.
დემოგრაფის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის დაბერება ახლა არ დაწყებულა. ”ამ სცენარით საპენსიო რეფორმის გატარება ძალიან რთულია, ვგულისხმობ დაგროვებით სისტემაზე გადასვლას. 90-იანი წლების ბოლოს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დაჟინებული მოთხოვნით ავწიეთ საპენსიო ასაკი ქალებისთვის 60 წლამდე, მამაკაცებისთვის 65 წლამდე. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ დაგვეწყო ფისკალური რეფორმა და თანაც დაგროვებით სისტემაზე გადავსულიყავით, მაგრამ ვერც ერთი გამოვიდა და ვერც მეორე. მივიღეთ მხოლოდ ის, რომ გაიზარდა საპენსიო ასაკი”, - დასძინა ავთანდილ სულაბერიძემ.
ექსპერტი სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ნოდარ კაპანაძე მოსახლეობის საერთო რაოდენობაში პენსიონერების რიცხვის ზრდას არასახარბიელო დემოგრაფიულ პროცესს უწოდებს და თვლის, რომ თუ ამის საწინააღმდეგოდ რაიმე ღონისძიება არ გატარდა, უახლოეთს მომავალში ქვეყანაში უფრო რთული დემოგრაფიული სურათი გვექნება.
”მიდის სტანდარტული დემოგრაფიული პროცესები, რაც მოსალოდნელი იყო, ანუ ხდება ერის დაბერება. შობადობის მაჩვენებელი არ არის ისეთი, რომელიც მოსახლეობის აღწარმოებას შეუწყობს ხელს. ეს კი მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა არაა, ძალიან რთული ამოცანაა და ამის გადაწყვეტა ერთ და ორ წელიწადში შეუძლებელია”, - მიაჩნია ექსპერტს.
საერთოდ, სტატისტიკის საწყისი არის დემოგრაფიული სტატისტიკა და მოსახლეობის აღრიცხვა, მაგრამ, როდესაც საუბარია ასეთ რთულ საკითხზე, აუცილებელია, რომ მისი მოგვარება რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინებით დაიწყოს.
”ერის დაბერების რამდენიმე მიზეზი არსებობს - ერთია ეკონომიკური ხასიათის, რაც უარყოფითად მოქმედებს შობადობაზე, მეორე - სოციალური ხასიათის, ასევე ინფრასტრუქტურული და მენტალური ხასიათის პრობლემები. იცით, რომ საქართველოში მიმდინარეობს ურბანიზაციის პროცესი, მაგრამ აქვს თუ არა ქვეყანას ურბანიზაციისთვის საკმარისი დემოგრაფიული რესურსი, ამაზე ვინმეს რამე უთქვამს? მე არ გამიგია. ასეთ საკითხებში მარტივი მათემატიკური ანალიზი საკმარისი არ არის. ძალიან რთული და კომპლექსური პრობლემაა და სიტუაციის გამოსწორებაც ასევე კომპლექსურად უნდა მოხდეს. მაგალითად, 90-იანებში დემოგრაფიული აფეთქება მოხდა. უნდა გაანალიზდეს, რატომ იყო მაშინ დემოგრაფიული აფეთქება და უნდა შევეცადოთ, რომ იმ მაჩვენებელს მივაღწიოთ. ასე რომ, ეს ისეთი თემაა, რომელიც კომპლექსურად უნდა იყოს გააზრებული და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვლილი”, - დასძინა კაპანაძემ.
ელზა წიკლაური
წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”