ისტორია, რომელიც თაობებს აერთიანებს! - გამომცემლობა ”პალიტრა L"-მა ცოტა ხნის წინს ”საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის” 24 ტომეულის პირველი ტომი გამოსცა.
საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბავს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. ეს წიგნები განკუთვნილია ყველა ასაკის მკითხველისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის - უმცროსიდან უფროს თაობამდე... გაცნობიდან - გახსენებამდე... აღნიშნული სერია მოიცავს განსხვავებულ თემებს, რომლებიც ერთმანეთს ებმის და ქმნის საქართველოს მატიანეს. თითოეული ტომი ამ მატიანის განსხვავებული ფურცელია, აქედან გამომდინარე, ყოველი ტომი ერთმანეთს ავსებს და ყოველი მათგანი თავისი უნიკალურობით არის მნიშვნელოვანი...
სერიის მეორე ტომი, რომელიც 1 დეკემბერს გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ერთად გამოვა, თბილისის ისტორიას ეძღვნება. წიგნში ერთ-ერთი თავი ძველ თბილისში არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს ეთმობა.
სავაჭრო რიგები
თბილისი ყოველთვის ასრულებდა ამიერკავკასიის პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. მთავარ სავაჭრო ცენტრს თათრის მოედანი და შუა ბაზარი წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელი კოტე აფხაზის (ყოფილი გენერალ ლესელიძის) ქუჩას მიუყვებოდა მეიდნამდე. ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული იყო სავაჭროები და სახელოსნოები. თათრის მოედნის გარშემოც დუქნების რიგი იყო. საიდან არ მოდიოდნენ თბილისში სავაჭროდ, რა საქონელს არ შეიძენდი! ყველა სავაჭრო უბანს თავისი სახელი ერქვა.
მენახშირეები
ძველ თბილისში გათბობის ძირითად საშუალებას ხის ნახშირი წარმოადგენდა, რომელსაც მენახშირეები ყიდდნენ. თბილისის გარშემო არსებულ ტყეებში საგანგებოდ გამართულ ორმოებში წვავდნენ შეშას, ვარგის ნახშირს ამოარჩევდნენ, სახედრებს ჰკიდებდნენ და თბილისში ჩამოჰქონდათ. თავდაპირველად ნახშირი თბილისში შეშის მოედანზე იყიდებოდა (დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიდამოებში). XIX საუკუნის შუა ხანებიდან ნახშირს უკვე თათრის მოედანზე ყიდდნენ.
ხელოსან-ვაჭართა უბნები
ძველი თბილისის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო უბანი – რასტაბაზარი, მდებარეობდა დღევანდელი ერეკლე II-ისა და სიონის ქუჩებზე. მათ სიახლოვეს იყო გადახურული სავაჭრო მოედანი, ”პატარა ჩორსუ”. მარცვლეულითა და ფქვილით მოვაჭრეთა (ალაფების) დუქნების რიგს ალაფხანა ეწოდებოდა. ფარჩით, ბამბით, მატყლითა და მაუდით მოვაჭრეთა დუქნების რიგს კი ბაზაზხანას ეძახდნენ (მეორენაირად, ბამბის რიგს). ბზის მოედანზე (რიყის სამხრეთ ნაწილში) ყიდდნენ თივის ზვინებს თბილისში შემოსული აქლემების, ცხენებისა და სახედრებისთვის. აქვე იყო პირუტყვის სადგომი. მექვაბეების რიგი ახლანდელ შარდენის ქუჩაზე იყო. მოგვიანებით აქ მაუდითა და ფარჩით მოვაჭრეები განლაგდნენ, მექვაბეთა დუქნები კი რიყეზე გადავიდა. ოქრომჭედელთა სახელოსნოებიც ერთ ქუჩაზე იყო ჩამწკრივებული, რომელიც დიღმის კარიდან იწყებოდა და დღევანდელ ვერცხლის ქუჩას მიუყვებოდა.
თულუხჩები
თბილისში სასმელ წყალს წყლით მოვაჭრეები – თულუხჩები ეზიდებოდნენ. თულუხი ხარის ტყავისგან დამზადებული რუმბია. თულუხჩები წყალს რუმბებითა და კოკებით ეზიდებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც წყალს ცხენზე ან ვირზე აკიდებული რუმბებით დაატარებდნენ. ნარიყალასა და ისნის სასახლეს საკუთარი წყალმომარაგება ჰქონდა, მაგრამ საკუთრივ თბილისი წყალს მტკვრიდან და ქალაქის გარშემო არსებულ წყაროებიდან იღებდა. XIX საუკუნის II ნახევარში დაიწყო წყალსადენის გაყვანა. მოეწყო რამდენიმე გარე შადრევანი, რომლებიდანაც მოსახლეობა სასმელ წყალს იღებდა.
სირაჯები და სირაჯხანა
თბილისში ოდითგანვე არსებობდა ღვინისა და არყის სავაჭრო ადგილები, რომელსაც აღმოსავლური გავლენით სირაჯხანას უწოდებდნენ, ხოლო თავად ღვინით მოვაჭრეს სირაჯს ეძახდნენ. სირაჯი სპარსული წარმოშობის სიტყვაა და მეღვინეს ნიშნავს, სირაჯხანა კი – ღვინის სახლს. ღვინოს ხარის ტყავისგან შეკერილ რუმბებსა და ხის კასრებში ინახავდნენ. პირველი სირაჯხანა ძველ თბილისში, კალას უბანში, თათრის მოედნის სიახლოვეს მდებარეობდა, ახლანდელი სიონის, შარდენისა და კოტე აფხაზის ქუჩების შესაყართან. XIX საუკუნის მეორე ნახევარში სირაჯხანა მეტეხის ხიდის სიახლოვეს გადაიტანეს (დღევანდელ ღვინის აღმართზე).
თბილისური ქარვასლები
ქარვასლა სავაჭრო და სასტუმრო სახლს წარმოადგენდა. ძველად მას ფუნდუკსაც უწოდებდნენ. XIX საუკუნის თბილისში ორ ათეულზე მეტი ქარვასლა იყო. ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქარვასლა სიონის კათედრალის სამხრეთით მდებარეობდა. აქ ქარვასლა ჯერ კიდევ როსტომ მეფემ ააგო, ხოლო შემდეგ თბილელ ეპისკოპოსს უბოძა. მოგვიანებით ქარვასლას ერეკლე II-ის შვილიშვილი ფლობდა, XIX საუკუნეში კი – არწრუნთა შეძლებული საგვარეულო. არწრუნის ქარვასლის პირდაპირ მდებარეობდა თეკლა ბატონიშვილის ქარვასლა, მტკვრის მარცხენა ნაპირზე კი – იაკობ ზუბალაშვილისა. გარეთუბნის განაშენიანების შემდეგ თბილისელმა დიდვაჭრებმა აქაც ააშენეს ქარვასლები. დღევანდელ
თავისუფლების მოედანზე მდებარეობდა თამამშევის ქარვასლა, რომელიც XIX საუკუნის 40-იან წლებში ააშენეს. მასში განთავსებული იყო თეატრიც. ქარვასლის არქიტექტორი ჯოან სკუდიერი გახლდათ, ხოლო მოხატა გრიგოლ გაგარინმა. 1874 წელს ვინჩენცო ბელინის ოპერა ”ნორმას” წარმოდგენის წინ ქარვასლა ერთ-ერთ დუქანში გაჩენილი ხანძრის გამო დაიწვა. მოგვიანებით იგი აღადგინეს, ოღონდ თეატრის გარეშე. საბოლოოდ, შენობა საბჭოთა პერიოდში მოედნის გაფართოებას შეეწირა.
თევზის გამყიდველები
მდინარე მტკვარზე თბილისელები ოდითგანვე იჭერდნენ სხვადასხვა ჯიშის თევზს. ძირითადად თევზაობდნენ ბადით, მაგრამ იყენებდნენ ანკესს, ჩანგლებსაც, ფაცერს, გოდორს და სხვ. თბილისში თევზით ვაჭრობა ბაზრობაზე წარმოებდა, სადაც ვაჭრებს გამოტანილი ჰქონდათ როგორც ახალი, ისე დამარილებული თევზი.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ვიდეო: დაინახე შენი ისტორია! - საქართველოს ილუსტრირებული ისტორია უკვე გაყიდვაშია