One way-ბილეთი მარსზე
მსოფლიოს მასშტაბით 200 000-ზე მეტმა ადამიანმა ისურვა წითელ პლანეტაზე საცხოვრებლად სიცოცხლის ბოლომდე გადასვლა. მათგან ჟიურიმ ჯერჯერობით 100 აპლიკანტი შეარჩია - 50 ქალი და 50 მამაკაცი. საბოლოო სია კი წლის ბოლოს გახდება ცნობილი. შერჩეული პირველი 4 კანდიდატი 225 მილიონ კილომეტრში მდებარე პლანეტაზე 2024 წლისთვის გაემგზავრება. ისინი დედამიწაზე აღარასდროს დაბრუნდებიან. მათ მომდევნო ყოველ 2 წელიწადში სხვა ჯგუფები დაემატებათ. ასე კი მარსზე ადამიანების მუდმივი დასახლება შეიქმნება. მისია ჰოლანდიური პროექტის - Mars One-ის ფარგლებში ხორციელდება.
Mars One მარსზე ადამიანების მუდმივი დასახლების შექმნას ისახავს მიზნად. არსებული ტექნოლოგიებით, წითელ პლანეტაზე ადამიანების ცხოვრება შესაძლებელია. პროექტის ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ მარსზე პირველი დელეგაციის გაგზავნის შემდეგ, ადამიანების კიდევ უფრო დიდი ნაწილი მოისურვებს ამ პლანეტაზე გადასახლებას.
წინასწარი გათვლებით, პირველი 4 ადამიანის გამგზავრება დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი დაჯდება. მისიის ფარგლებში იგეგმება ე.წ რეალითი შოუს გადაღებაც, სადაც ასახული იქნება მონაწილეების გამგზავრება და ცხოვრება მარსზე. “ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სიკვდილის შემდეგ დატოვო შენი მემკვიდრეობა. უამრავი ადამიანი აკეთებს ამას ბავშვების გაჩენით, ოჯახის შექმნით. ჩემი მემკვიდრეობა კი მარსზე გამგზავრება იქნება”, - ამბობს მისიაში მონაწილეობის ერთ-ერთი მსურველი.
შერჩეულ 100 კანდიდატს შორის 39 ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის კონტინენტებიდანაა, 31 - ევროპიდან, 16 - აზიიდან, 7 - აფრიკიდან, 7 კი ოკეანეთიდან. მათგან ერთ-ერთი, ბრიტანელი მოხალისე, 23 წლის ჰანა ერნშოუ, რომელიც დარემის უნივერსიტეტში ასტრონომიის სადოქტორო პროგრამაზე სწავლობს, ამბობს, რომ კაცობრიობის მომავალი კოსმოსშია. ”ვიყო ამ მისიის ერთ-ერთი მონაწილე განსაკუთრებულია ჩემთვის. ჩემს ოჯახს ცოტათი ეშინია. ნათელია, რომ ერთგვარი გამოწვევაა, დატოვო დედამიწა და უკან აღარასდროს დაბრუნდე”, - ამბობს ერნშოუ.
შერჩეული 100 კანდიდატი სპეციალურ გადამზადებას გაივლის. მათ ექსპერტები სტრესულ ვითარებაშიც გამოცდიან. საბოლოოდ კი 24 ადამიანს შეარჩევენ, რომლებიც დედამიწას ეტაპობრივად დაემშვიდობებიან. თუმცა, მანამ ვიდრე ადამიანები მარსზე გაემზავრებიან, პროექტის ავტორები შეეცდებიან საჭირო თანხის მოპოვებას იმისათვის, რომ წითელ პლანეტაზე რობოტი და კომუნიკაციების სატელიტი გაგზავნონ, რასაც შემდეგ მოჰყვება სხვა იმ აღჭურვილობის გაგზავნა, რაც წითელ პლანეტაზე ადამიანების ცხოვრებისათვის საჭირო გარემოს შეისწავლის და შექმნის.
ექსპერტთა ნაწილი სკეპტიკურადაა განწყობილი მარსზე დაგეგმილი მისიის განხორციელების მიმართ. გასულ წელს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ მარსზე გამგზავრებული ადამიანები მხოლოდ 68 დღის განმავლობაში იცოცხლებენ. თუმცა, მისიის ორგანიზატორებს და მასში მონაწილეობის მსურველებს სჯერათ, რომ ისინი მისიის შესრულებას შეძლებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეულ რისკებს უკავშირდება.
თამთა ჯიჯავაძე