უარესი ჯერ წინაა - ბიზნესთან კომუნიკაცია აუცილებელია, თუმცა არ ვიცი, ვინმესთან თუ აქვს დღეს მთავრობას დიალოგი - ზურაბ ლალაზაშვილი

„აუცილებელია კომუნიკაცია ისეთ ბიზნესთან, მათ შორის ისეთთან, რომელიც კრიტიკულად აფასებს მოვლენებს,“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ BDO-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, ადრინდელ სიტუაციებთან შედარებით სრულიად განსხვავებული მოცემულობა გაქვს, რადგან გაჩნდა კითხვა იმასთან დაკავშირებით თუ საით მიდის ქვეყანა და რამდენად გააჩნია მართვის უნარები იმ საზოგადოებას, ვინც ქვეყანას მართავს.

„მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ისევე, როგორც კონსტიტუცია, თანხმდება ერთ რამეზე, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, მაგრამ ამისი სურვილი და უნარი არ ჩანს იმ ხალხში, ვინც დღეს ქვეყანას მართავს. ჩემი აზრით, ბიზნესის განწყობაც სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა. ყველა არის გაურკვევლობაში, არ იციან, რა იქნება მომავალ წელს. მითუმეტეს, ახლა წლის ბოლოა და ბიზნესისთვის ეს ის პერიოდია, როცა ის გეგმავს, რა იქნება მომავალ წელს, რა მიმართულებით გაფართოვდეს, შეინარჩუნოს თუ არა თანამშრომლები, გაზარდოს თუ არა მათი ანაზღაურება და ა.შ. ზოგიერთ სექტორში, მაგალითად ტურიზმში თუ უკვე აისახა ეს ვითარება, დანარჩენ ბიზნესში, ვინც დიდწილად დამოკიდებულია ეკონომიკაზე, ეს მომავლის საკითხია, ანუ უარესი ჯერ წინაა,“ - აღნიშნა ლალაზაშვილმა.

მისი თქმით, აუცილებელია კომუნიკაცია ისეთ ბიზნესთან, მათ შორის ისეთთან, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში ხელისუფლება რეალობას ვერ დაინახავს.

„აუცილებელია კომუნიკაცია ბიზნესთან და მე არ ვიცი, ვინმესთან თუ აქვს დღეს მთავრობას კომუნიკაცია ამ თემაზე. ამასთან, აუცილებელია კომუნიკაცია ისეთ ბიზნესთან, რომელიც განსხვავებულად, კრიტიკულად აფასებს მოვლენებს. სხვა შემთხვევაში ხელისუფლება რეალობას ვერ დაინახავს. ზოგადად, ყველაზე მნიშვნელოვანია, კრიზისამდე არ მივიდეთ და თუ მაინც შევედით, ამ კრიზისის მართვის უნარი უნდა შეგვეძლოს,“ - განაცხადა მან.

ეკა დარჩიაშვილი