„საცობების პრობლემა მოგვარდება, თუ  კერძო ტრანსპორტის ყოველდღიურ მოხმარებას შევამცირებთ“

თბილისის მერიის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომდევნო 4 წლის განმავლობაში დედაქალაქის სატრანსპორტო ეკოსისტემის სრულყოფისთვის ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა (ITS) დაინერგება. პროექტში აღნიშნულია, რომ სისტემა გაზრდის გზებზე უსაფრთხოებას, შეამცირებს საცობებს და გააუმჯობესებს ეკოლოგიურ მდგომარეობას.

ამასთან, პროექტის ერთ-ერთი კომპონენტია ქუჩის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება თანამედროვე სტანდარტების საფეხმავლო სივრცეებით, ველობილიკებისა და საავტობუსე დერეფნების მოწყობით. პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება, ღირებულება კი 47 მილიონ ევროს შეადგენს.

„ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, რომ ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა ქალაქში საცობების პრობლემას მყისიერად ვერ მოაგვარებს.

„ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა თბილისისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტაა. ეს არის ის სისტემა, რომელიც ევროპულ ქალაქებშია. მისი საშუალებით შუქნიშნების ერთმანეთთან კონტაქტით ხდება სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილების რეგულირება. თუმცა, ილუზია არ უნდა შევიქმნათ, რომ ამით სწრაფად მოგვარდება საცობების პრობლემა.

საცობების პრობლემა მოგვარდება სხვადასხვა კომპონენტის სინქრონული მუშაობით, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, ავტობუსების ზოლების მოწყობით, კერძო ტრანსპორტის მოხმარების შემცირებით, ჭკვიანი სისტემის განვითარებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებითა და ა.შ.“, - აღნიშნა რესპონდენტმა.

როგორც ლალიაშვილი აღნიშნავს, საცობების საკითხის გადაჭრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი კერძო ტრანსპორტის მოხმარების შემცირებაა.

„საცობები მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ შევამცირებთ კერძო ტრანსპორტის ყოველდღიურ მოხმარებას და აქცენტირება იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ეს ყველაფერი ერთმანეთის პარალელურად დღეს მიმდინარეობს მეტ-ნაკლებად, მაგრამ შედეგს შედარებით მოგვიანებით დავინახავთ. მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლება, რადგან რაც არ უნდა აკეთოს სახელმწიფომ, ეფექტური შედეგი ვერ დადგება თუ გაკეთებულ საქმეზე მოქალაქეს არ აქვს მესკუთრეობის განცდა“, - დასძინა მან.

ამავდროულად, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მოქალაქეების ყოველდღიურობაში გადაადგილების დაგეგმვის ცნება უნდა შემოვიდეს.

„მოქალაქემ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა, თუ უწევს ნახევარ კილომეტრზე გადაადგილება, არ უნდა წავიდეს კერძო ტრანსპორტით და უნდა ისარგებლოს ალტერნატიული ტრანსპორტით. ხშირ შემთხვევაში მოქალაქეები რამდენიმე მეტრში შესაძლოა, ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ყოველდღიურობაში შემოვიდეს გადაადგილების დაგეგმვა. კერძოდ, ზოგჯერ შესაძლოა, არ არის გამოსავალი, მაგრამ თუ არსებობს ალტერნატივა, უმჯობესია არ გამოვიყენოთ კერძო ავტომობილი,“ - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მერი ტაბატაძე