„ეს ადამიანები შვილების მომავლისთვის დგანან გარეთ - ეს უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ქარავანი, რომელიც უბრალოდ კარგი სარეკლამო კამპანიაა,“ - ამის შესახებ როგორც ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „მთავარი არხის“ ეთერში ისაუბრა.
ცნობისთვის, „კოკა-კოლამ“ ტრადიციულ საახალწლო ქარავანის პროექტზე, რომლის ჩატარებაზეც წელს უარი განაცხადა.
„მემგონი ეს პროტესტი ქარავანს სჯობს. მე მეამაყება, რომ ამდენი ადამიანი დგას გარეთ და დღეებს არ უნდა ვითვლიდეთ, რადგან სანამ შედეგს არ მივიღებთ, ის უნდა იყოს. ადამიანები მოტივაციის, შვილების მომავლისთვის დგანან გარეთ - ეს უფრო ამაღელვებელია, ვიდრე ქარავანი, რომელიც უბრალოდ კარგი სარეკლამო კამპანიაა,“- განაცხადა ბიზნესმენმა.
კითხვაზე, რატომ არ დაესწრო პრემიერის ბიზნესთან შეხვედრას, ჭყონიამ უპასუხა, რომ მას სიახლე უყვარს ნებისმიერ საკითხში. ამ შეხვედრაში კი სიახლე არ იყო.
„მე სიახლე მიყვარს და იქ, ერთსა და იმავე შენობაში, ერთი და იგივე სიტუაციით დაგეგმილი შეხვედრები, სადაც მრგვალი მაგიდის ორ რიგში სხედან ბიზნესმენები, ერთ რიგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მეორეში - ნაკლებად, ასეთი შეხვედრების შედეგი ყოველთვის 0-ია და ჩემი აზრით უშედეგო შეხვედრები მხოლოდ სუფრაზე შეიძლება დაიგეგმოს და არა მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე. რომ ვიცოდე ამა თუ იმ მოლაპარაკებას ნამდვილად ექნება აზრი, კი არ წავალ, დავრჩები იქ,“ - განაცხადა ჭყონიამ.
ბიზნესმენმა „კოკა-კოლას“ გარშემო ატეხილ პროპაგანდაზეც გააკეთა კომენტარი, თითქოს სასმელი ექსპორტზე საქართველოდან რუსეთში გადის.
„ის, რომ „კოკა-კოლას“ გაშავების აქტიური პროპაგანდა მიდის, თითქოს სასმელი ექსპორტზე რუსეთში გაგვაქვს, არ ვიცი რაში სჭირდებათ. მაშინ ვიტყვი ხმამაღლა, რომ ჩემი კომპანიების შენატანი ბიუჯეტში მთელი 2024 წლის მანძილზე იქნება 320 მლნ და დამიპირისპირდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინ იხდის ამდენს?! არ ვიტრაბახოთ?! ვიტრაბახებთ. საშუალო ხელფასი ჩვენთან არის ევროპის დონეზე. არ ვიტრაბახოთ?! ვიტრაბახებთ. ჩვენს კომპანიაში უფრო მეტი ქონების გადამხდელია, ვიდრე სხვაგან. ქონების გადასახადი განისაზღვრება 40 ათასი ლარის შემოსავლის ზევით და რაც უნდა ის მელაპარაკონ. ასე რომ, ჭორების დონეზე გავრცელებულ ინფორმაციებზე კომენტარის გაკეთება არც მიყვარს და არც მინდა,“ - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
მისი თქმით, ხელისუფლება ახლა წესით ბიზნესს ხელის გულზე უნდა ატარებდეს.
„იმ იზოლაციაში, საითაც ახლა ჩვენ მივდივართ და ამდენი უცხოური დაფინანსება ვარდება და ეს სიცარიელე ჩვენ, ბიზნესმა უნდა ამოვავსოთ, ხელისუფლებამ ხელის გულზე უნდა გვატაროს, რადგან ათმაგად მეტი შრომა უნდა ჩავდოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ცოტა მდგომარეობიდან გამოვიდეს. ხშირად ამბობენ, რომ თუ დამასანქცირებენ, გავძლებო. გაძლებით გაძლებ, კი ბატონო, მაგრამ ნუ იქნები სახელმწიფო სამსახურში და ქვეყანას ნუ დააზიანებ ამით.
ასე რომ, ნუ ვითვლით გარეთ მდგომ ადამიანებს, 1000 ადამიანიც რომ იდგეს, პატივისცემას იმსახურებს. ეს პერიოდიც გაივლის, ყველა ეტაპი მემგონი გავლილი გვაქვს, ყველანაირი პრეზიდენტი გამოვიცვალეთ და ალბათ ასეც იყო საჭირო, იმისთვის, რომ საბოლოოდ საქართველო მართლაც გაბრწყინდეს,“ - აღნიშნა თემურ ჭყონიამ.