ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებს სოციალური ქსელით ეხმაურება.
„ბიზნესპრესნიუსი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ივანიშვილის სანქციებში არ მოხვდა ერთი პატარა ბიზნესსუბიექტიც კი, რომლის მესაკუთრე იყოს იგი ან მისი ოჯახის წევრი. სტანდარტული ჩანაწერი, რომ სანქციებს ექვემდებარება ისეთი საწარმო, სადაც აქვს 50 პროცენტზე მეტი წილი, გაბათილებულია სპეციალური ჩანაწერით, რომ ეს არ ვრცელდება ივანიშვილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კომპანიაში არის სხვა დასანქცირებული მეწილეც. ასეთი წარმოუდგენელია რომ იყოს. თუ იყო, გადაფორმებული იქნება სხვაზე.
სანქციები შეეხო პერსონალურად მას, როგორც ფიზიკურ პირს. ეს არ ამცირებს ამ სანქციის სიმძიმეს. საკმარისია ამ სასანქციო ბრძანებულებას დაემატოს თუნდაც ერთი სიტყვა “ოჯახის წევრები” და მთელი მისი ბიზნესი ჩამოენგრევა. დაინდეს დროებით.
ეს სანქცია არის გაფრთხილება, ყელზე ყულფის მოჭერა, მაგრამ არა დახრჩობამდე. ყელზე თოკგამობმული სიარული რომ დამამცირებელია და რეპუტაციულად გამანადგურებელი, ნათელია.
ახლა კარგად უნდა დაფიქრდეს, როგორ უნდა მოიქცეს“, - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ოფიციალური გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.