„სიტუაცია დღეს ეკონომიკაში ასე ფასდება: არის სექტორები, სადაც უკვე სახეზე არის კრიზისი, არის სექტორები, სადაც შეინიშნება რყევები“, - ამის შესახებ „ბიზნესპრენიუსთან“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ეფექტი უკვე აისახა სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორზეც. ორთოიძის თქმით, მოთხოვნა შემცირებულია.
„ბიზნესი, როგორც წესი, პირველი ვამჩნევთ ეკონომიკურ პრობლემას იმიტომ, რომ ყოველდღიურად პულსზე გვიჭირავს ხელი. სტუმარ-მასპინძლობის სექტორს თუ ავიღებთ, იქ უკვე კრიზისთან გვაქვს საქმე, სასტუმროებში ჯავშნები გაუქმებულია, რესტორნებში ადამიანები არ დადიან. ეს ნიშნები უკვე სახეზეა. დანარჩენ სექტორში მათ შორის ჩვენთანაც საკმაოდ დიდი რყევები არსებობს, მოთხოვნა შემცირებულია. ჩვენ სექტორი ისედაც ძალიან მოწყვლადია ხოლმე მსგავსი პრობლემების დროს. გამომდინარე იქიდან, რომ ხარჯებთან არის დაკავშირებული უძრავი ქონების შეძენა და ამ დროს ადამიანები თავს იკავებენ უძრავი ქონების შეძენისგან ან მინიმუმ ხდება გადაწყვეტილების გადავადება. გვიწევს ამაზე სწრაფი რეაგირება მოვახდინოთ - თუნდაც ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ კრიზისის ნიშნები ეტყობა სექტორს, ეკონომიკას და საჭიროა სწრაფი რეაგირება“, - აღნიშნავს ბესო ორთოიძე.
23 დეკემბერს ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში 100-მდე მსხვილ ბიზნესს შეხვდა. იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნესი საუბრობს კრიზისი უარყოფით ეფექტზე საქმიანობაზე, დავინტერესდით, არსებული პრობლემის გადასაჭრელად შეხვედრაზე რაიმე ფორმით გაჟღერდა თუ არა კრიზისის დაძლევის გზები. როგორც ორთოიძე ამბობს, მსგავსი ტიპის საუბარი არ შემდგარა.
„შეხვედრის შემდეგ როგორც მოვისმინეთ ეკონომიკური გუნდიდანაც გაკეთდა განცხადება, რომ არის პირველი ნიშნები და არც თუ ისე კარგი მდგომარეობაა ეკონომიკაში და დაადასტურებს მოლოდინებიც, რომ თუ ასე გაგრძელდა იგივე სანქციებთან დაკავშირებითაც, ეს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. თუმცა, ამ შეხვედრაზე მსგავს საკითხებზე [მაგ. შეღავათებზე] არ ყოფილა საუბარი.
საუბარი იყო ზოგადად იმაზე, რომ დეესკალაცია არის მნიშვნელოვანი და თუ არაფერი შეიცვალა, უფრო რთული მდგომარეობა იქნება. ბუნებრივია, თუ კრიზისი გრძელდება 1 თვის პერიოდში შედარებით მარტივად ვუმკლავდებით, მაგრამ მაინც ძვირი უჯდება ეს სახელმწიფოს, თუ უფრო დიდხანს გრძელდება, მერე გაცილებით დიდი დრო სჭირდება ეკონომიკას რომ მდგომარეობიდან გამოვიდეს. ვამბობ, რომ კრიზისი არ უნდა იყოს დიდხნიანი, რადგან იქიდან გამოსვლას დიდი დრო და თანხები სჭირდება“, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.