გაზრდილი ადმინისტრაციული ჯარიმები, საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი გამარტივება, დემონსტრანტების მიერ აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვის, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვა - ეს იმ კანონების ნაწილია, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეზე“ უკვე გამოქვეყნებულია და მოქედების ვადაც დღეიდან იწყება.
ჯამში, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი უკვე 28 კანონპროექტს მოაწერა.
შეკრება მანიფესტაციების დროს სახის ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა უკვე აკრძალულია, ისევე როგორც პიროტექნიკის, ლაზერული და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი საშუალების გამოყენება. აღნიშნულისთვის აქციის მონაწილე 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.
რეგულაციის თანახმად, იმ პირთა ნუსხას, რომელთაც პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე სახის დაფარვის უფლება ექნებათ, შინაგან საქმეთა მინისტრი დაადგენს. ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრი განსაზღვრავს ასეთ პირებზე შესაბამისი ნებართვის გაცემის წესსა და პირობებს.
პასუხისმგებლობა მკაცრდება დასახლებულ პუნქტში სატრანსპორტო საშუალებებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვის ან ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის, როდესაც გზის სავალი ნაწილი სრულად არის დაკავებული. აღნიშნული ჯარიმას 1000 ლარის ოდენობით და მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას ითვალისწინებს.
დღეიდან ცვლილებები ამოქმედდება საჯარო მოხელეებისთვისაც. კერძოდ, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელე შეაფასოს 6 თვეში ერთხელ, „პროფესიული საჯარო მოხელის შეფასების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული მოხელის შეფასების წესის შესაბამისად.“ თუ ჩაითვლება, რომ მოხელემ ვერ დააკმაყოფილა ყველა მოთხოვნა, მას დაუკავდება თანამდებობრივი სარგოს 20% მისი მომდევნო შესაფასებელი პერიოდის დაწყებამდე.
ამასთან, მოხელე შესაძლებელია სამსახურიდან გათავისუფლდეს საჯარო დაწესებულების ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოხელის მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას.
გარდა ამისა, ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 1000 -3500 ლარამდე იზრდება, ასევე შესაძლოა გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა.
კერძოდ, დღეიდან სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით (ქმედების განმეორებით ჩადენა ისჯება 2000 ლარით).
სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (განმეორების შემთხვევაში 3 000 ლარით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით).
აღნიშნული ქმედების „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით (განმეორების შემთხვევაში 3 500 ლარის ოდენობით).
ასევე, დღეიდან მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარესამეთვალყურეო კამერის, განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება - გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით (ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ჩადენა 2 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღემდე ვადით).
ცვლილებების მიხედვით, დღეიდანვე შეკრებებისა და მანიფესტაციების ნორმების დარღვევისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე იზრდება, ხოლო ორგანიზატორების შემთხვევაში 5 000 ლარიდან - 15 000 ლარამდე.
შსს-ს უნიფორმის უკანონოდ ტარებაზე კი, 2 000-ლარიანი ჯარიმა წესდება.