თუ ქარმა დაუბერა რუსეთის მხრიდან, წამოვიდა ეს თხევადი ფენა და ჩვენთან შემოვიდა, ჩათვალეთ, რომ ვერც იხტიოფაუნა და ვერც რეკრეაცია ვერ გაიხარებს - ასე ეხმაურება ოკეანოლოგი ნოდარ წივწივაძე 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერის ჩაძირვის შედეგად შავი ზღვის აკვატორიის გარკვეული ნაწილის დაბინძურებას. მისივე თქვით, ეს იქნება ქვეყნის ეკონომიკის კოლაფსი.
ცნობისთვის: 15 დეკემბერს ქერჩის სრუტეში შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა, რის გამოც ქერჩისა და ლენინსკის რაიონებში, ასევე ანექსირებულ ყირიმში რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით კი, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.
მართალია, ამ დროისთვის შავი ზღვის საქართველოს აკვატორიას რაიმე ტიპის ეკოლოგიური საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ ოკეანოლოგმა, ეროვნული აკადემიის აკადემიკოსმა, ნაპირდაცვის პრობლემების შემსწავლელმა მეცნიერმა ნოდარ წივწივაძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ დაბინძურება ჩვენს სანაპირომდე მოაღწევს, ეკონომიკურ კოლაფსს ვერ ავცდებით.
„საქმე იმაშია, რომ დინების ნაკადი საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით მიდის, უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, მარცხენა ხელიდან მარჯვენისკენ, მაგრამ სამწუხაროდ, შესაძლოა, მეტეოროლოგიური პირობები აღმოჩნდეს ისეთი, რომ ჩვენს სანაპიროებამდეც მოვიდეს, რადგან ძალიან ახლოს ვართ. უფრო გასაგებად რომ ავხსნა, თუ ქარმა დაუბერა რუსეთის მხრიდან, წამოვიდა ეს თხევადი ფენა და ჩვენთან შემოვიდა, ჩათვალეთ, რომ ვერც იხტიოფაუნა და ვერც რეკრეაცია ვერ გაიხარებს. იმიტომ, რომ არავის არ ენდომება ასეთ დაბინძურებულ წყალში ბანაობა, მითუმეტეს, როდესაც იქ გაჩნდება ტოქსიკური ციანობაქტერიები, ჩათვალეთ, რომ ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ეკონომიკური კოლაფსი.
ერთ-ერთი ტანკერი დაახლოებით 3-5 მეტრის სიღრმეზე დაიძირა. ეს მონაცემები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დავადგინოთ, თუ რა რაოდენობის მაზუთი დაიძირა ფსკერზე, კატასტროფის დროს, ჰაერისა და წყლის არსებული ტემპერატურების შემთხვევაში რომ გამოითვალოს შტორმული რეჟიმის პირობებში ნავთობ-კოშტების წარმოქმნისა და ტრანსპორტირების ვადები ჩვენს ნაპირებამდე;
რასაკვირველია, ანაერობული ბაქტერიები თავის როლს შეასრულებენ ფსკერზე დაღვრილი ნავთობპროდუქტის შემცირებაში, რასაც რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება. მაგრამ მეტეოროლოგიური პირობები ხომ ვერ დაუცდიან ბაქტერიების საკვები ტრაქტის „აქტივობას“, რომლებმაც მთელი ფსკერი უნდა მოასუფთაონ, ანუ მაზუთის გარკვეული რაოდენობა მაინც მოაღწევს საქართველოს სანაპიროს ათწლეულის განმავლობაში“, - განაცხადა ნოდარ წივწივაძემ.
ოკეანოლოგმა მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ 1 ტონა ნავთობით წყლის 42 კვ კმ-ზე ჰაერაცია აღარ ხდება.
„რომ წარმოიდგინოთ, 1 ტონა ნავთობით იფარება 42 კვ კმ წყლის აკვატორია, რომელიც ხელს უშლის წყლის ჰაერაციას. ანუ, პრაქტიკულად მთელი ფიტოპლანქტონი, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში ჟანგბადის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, მისი უნარი დაითრგუნება. ის არღვევს სითბოსა და სინოტივის მიმოცვლას ატმოსფეროსა და ზღვას შორის, სპობს ლიფსიტებს და ზღვის ყველა ცოცხალ ორგანიზმს პრაქტიკულად მასიური დაღუპვის საფრთხის წინაშე დგება.
ეს კი ნიშნავს, რომ თუ ქარისმიერი ტალღები წამოვიდა ჩვენკენ, იგივე მოხდება ჩვენს სანაპიროზეც. ეს კი წარმოქმნის ამოქსიის ზონებს ანუ მკვდარ ზონებს, სადაც ყველაფერი დაიღუპება და შექმნის საკვებს ციანობაქტერიებიისთვის. ეს არის ე.წ. წყალმცენარეები, რომელთა მოქმედება ცოცხალ ორგანიზმზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს - თვალისა და კანის სერიოზული გართულებებით დაწყებული, სიკვდილიანობით დამთავრებული. მისი მეტაბოლიტები, კვდომის დროს გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლის სუნთქვაც ადამიანზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, გააჩნია რა რაოდენობით წარმოიქმნება.
ზოგადად, ასეთ კრიტიკულ სიტუაციებში არსებობს საშუალებები, რამაც შეიძლება ეს ზარალი მინიმუმამდე დაიყვანოს, მაგრამ ჩვენ ამისი საშუალება არ გვაქვს და თუ ეს დაბინძურება ჩვენამდე მოაღწევს, კატასტროფულ სიტუაციაში ჩავვარდებით“ - აღნიშნა ოკეანოლოგმა.
ნოდარ წივწივაძე განმარტავს, რომ ამჟამად, მსოფლიო ოკეანის დაცვა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად იქცა, ის ეხება ყველა ქვეყანას, მათაც კი, ვისაც ოკეანეში უშუალო გასასვლელიც კი არ აქვს.
„ამის გათვალისწინებით გაერომ შეიმუშავა და მიიღო რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც არეგულირებს ნაოსნობას, თევზჭერას, ზღვით სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას და ა.შ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის შეთანხმება, რომელიც ხელმოწერილია მსოფლიოს უმეტესი ქვეყნის მიერ 1982 წელს ”ზღვის ქარტია“. გარდა ამისა, მსოფლიო აღიარება მოიპოვა პოსტულატმა - „ დამაბინძურებელი იხდის“, რასაც დიდი ალბათობით, ვერც რუსეთის ფედერაციის აღნიშნული სატრანსპორტო კომპანიები გაექცევა, მითუმეტეს, რომ ერთ-ერთ მათგანს ნავთობის ტრანსპორტირების უფლება არ ჰქონია“, - განაცხადა ოკეანოლოგმა.
იხილეთ ასევე: შავი ზღვის დაბინძურების გამო საგანგებო მდგომარეობა ანექსირებულ ყირიმშიც გამოცხადდა