„მოლოდინი იმისი, რომ რაღაც დადებითი იქნება, ჯერ არ გვაქვს“ - როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსი ნონიაძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, 2023 წლიდან დაწყებული ნეგატიური ტენდენცია 2025-შიც გაგრძელდება.
„2023 წელს 60 ათასი ერთეულით მეტი მანქანა გვქონდა შემოყვანილი და მოთხოვნა იმდენი არ იყო, რაც ნიშნავს ჭარბ მიწოდებას. 2024 წლის 11 თვე, 2023 წელს რომ შევადაროთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 10 ათასი ერთეულით ნაკლები ავტომობილი გაიყიდა. ეს რაც შეეხება რეექსპორტს. რაც შეეხება იმპორტს, აქაც ნეგატიური ცვლილება გვაქვს და გვაქვს შემცირება.
სავაჭრო მოცულობის თვალსაზრისით გვაქვს მატება, ეს გამოწვეულია იმით, რომ ბიზნეს-კლასის ავტომობილები იყიდება ანუ მოთხოვნა არის უახლესი ტიპის ავტომობილებზე, შესაბამისად, მოცულობა ამის ხარჯზე იზრდება, რასაც ვერ ვიტყვით გაყიდული ავტომობილების რაოდენობაზე, სადაც კლება ფიქსირდება“, - აღნიშნავს ნონიაძე.
მისი თქმით, ეკონომიკურის გარდა, ბაზარზე პოლიტიკური არასტაბილურობაც მოქმედებს.
„2023 წლის ნეგატიური შედეგების, ანუ ჭარბი მიწოდების შედეგები 2024-შიც ვერ გაიწოვა, ველოდებით, რომ ეს ტენდენცია 2025-შიც გაგრძელდება, სანამ ის ავტომობილები არ ამოიყიდება, რომლებიც ჯერ კიდევ არის ბაზარზე. მოლოდინი იმისი, რომ რაღაც დადებითი იქნება, ჯერ არ გვაქვს. ეს არის ეკონომიკური ნაწილი. პოლიტიკურადაც ცუდი სიტუაციაა ქვეყანაში და ეს ნეგატივი ჩვენს ბიზნესზეც, რა თქმა უნდა, აისახება“, - განაცხადა ნონიაძემ.
ამასთან, ნონიაძე საექსპორტო ბაზრებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დროისთვის კვლავ ცენტრალური აზიის იმედად არიან, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ ეს ბაზრებიც დაიკარგოს.
„რაც შეეხება ბაზრებს, მომავალი წლისთვის არა მგონია, რამე შეიცვალოს, კვლავ ცენტრალური აზიის იმედად ვრჩებით. არ არის გამორიცხული, რომ ეს ბაზრებიც ადრე თუ გვიან დაიკარგოს, რადგან საკმაოდ აქტიურობს ჩინეთი.
ჩვენს რეექსპორტზე და ბაზრებზე მოთხოვნა იმდენად არ არის, რამდენადაც ცენტრალური აზიის ქვეყნებში დასავლური ქვეყნების წარმოების მანქანებზე. თუ დასავლური ქვეყნების ავტომობილებიდან მოთხოვნა ჩინურ ავტომობილებზე გადავა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საჭიროება ამ ქვეყნებისთვის აღარ იქნება, რადგან ჩინეთი უფრო ახლოსაა და ავტომობილები იქიდან შევა. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და წინასწარ პროგნოზების გაკეთება რთულია“, - განაცხადა ალექსი ნონიაძემ.
ცნობისათვის, საქართველოში ავტომობილების იმპორტი და ექსპორტი შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში 185 834 ერთეული (3.082 მლრდ აშშ დოლარი) ავტომობილი შემოვიდა, რაც თითქმის 8%-ით ნაკლებია წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე. 2023 წლის 11 თვეში ქვეყანაში 201 471 მსუბუქი (3.084 მლრდ აშშ დოლარის) მანქანა შემოვიდა.
რაც შეეხება ექსპორტს (რეექსპორტი), წელს საანგარიშო პერიოდში 97 831 ერთეული (2.218 მლრდ აშშ დოლარის გავიდა) ავტომობილი გავიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში - 98 209 ერთეული (1.946 მლრდ აშშ დოლარის.