როგორ შეიცვალა ლარის კურსი დოლართან და ევროსთან მიმართებით გასულ წელს

2024 წელს ლარის კურსი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ეროვნული ვალუტა დოლართან 12 თეთრზე მეტით, ევროსთან კი თითქმის 5 თეთრით გაუფასურდა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, თუ 2024 წლის 2 იანვრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6894 ლარი ღირდა, დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8138 ლარს შეადგენს. შესაბამისად, გამოდის, რომ წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.1244 ლარით დაეცა.

რაც შეეხება ევროს, დღეს ევროპული ცენტრალური ვალუტა 2.9292 ლარი ღირს, 2024 წლის 2 იანვრისთვის კი ერთი ევროს ღირებულება 2.9753 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, აქ გაუფასურება მხოლოდ 0.0461 ლარს შეადგენს.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო, გასულ წელს ეროვნული ვალუტა მკვეთრად რამდენჯერმე დაეცა, მათ შორის, მაისში და ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. იმისათვის, რომ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა არ მომხდარიყო, სებ-მა 2024 წლის განმავლობაში ბაზარს 917.4 მლნ დოლარი მიაწოდა, აქედან სავალუტო აუქციონების გზით 382.1 მლნ დოლარი გაყიდა, Bmatch პლატფორმის მეშვეობით კი (იანვარ-ნოემბრის ჩათვლით) 535.3 მლნ დოლარი.