2025 წელს ბიუჯეტიდან ხელფასებზე 3.035 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც წინა წლის გეგმასთან შედარებით 17.7%-ით მეტია. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს სახელფასო ფონდი 2.577 მლრდ ლარს შეადგენდა.
ამასთან, ბიუჯეტის მიხედვით, 2025 წელს იზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც და 117 004-ს შეადგენს, ეს კი წინა წელთან შედარებით მხოლოდ 1.4%-ით მეტია. შარშან საბიუჯეტო ორგანიზაციებში 115 339 ადამიანი იყო დასაქმებული.
აღსანიშნავის, რომ სახელფასო ფონდის ასეთი ზრდა დაკავშირებულია „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონთან, რომლის მიხედვითაც იანვრიდან ხელფასები 10%-ით გაეზრდება საჯარო სამსახურში დასაქმებულ ყველა პირს.
ამასთან, 1-ლი იანვრიდან ხელფასები 10%-ით ეზრდებათ, პოლიციელებს და ჯარისკაცებს. გარდა ამისა, 2025 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა; ასევე დაგეგმილია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების მატებაც.
მომავალი წლიდან გაიზრდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურებაც. იმ თანამდებობის პირებს შორის, რომელთა ანაზღაურებაც ყველაზე მეტად გაიზრდება, არიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, კომიტეტის თავმჯდომარეები; პარლამენტის წევრები და ა.შ.
იხილეთ ასევე: მოქალაქეთა ნაწილს ხელფასები გაეზრდება