2024 წელი მომგებიანი აღმოჩნდა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისთვის. „ბლუმბერგის“ მილიარდერების რეიტინგის თანახმად, გასული ერთი წლის განმავლობაში TOP 10 უმდიდრესი ადამიანი ათობით, იშვიათ შემთხვევაში კი ასობით მილიარდი დოლარითაც კი გამდიდრდა.
გასული ერთი წელი ყველაზე სარფიანი ილონ მასკისთვის გამოდგა. Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება წლიურად თითქმის გაორმაგდა. ის 2024 წელს გახდა პირველი ადამიანი, ვისმა ქონებამაც 400 მლრდ დოლარს გადააჭარბა, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად დასახელდა და აღნიშნულ სტატუსს ახლაც ინარჩუნებს.
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „ბლუმბერგის“ რეიტინგში 384-ე ადგილს იკავებს. 2024 წლის დასაწყისში მისი ქონება 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა, 2025 წლის დასაწყისისთვის კი ქონება 7.5 მილიარდამდე გაიზარდა. გამოდის რომ, ივანიშვილი ერთ წელში 0.9 მლრდ დოლარით გამდიდრდა.
შეგახსენებთ, 2024 წლის ბოლოს, კერძოდ, 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები დააწესა. სანქციების მომენტში ივანიშვილის ქონება 7.6 მლრდ-ს შეადგენდა, 30 დეკემბრის შემდეგ მილიარდერის ქონება იკლებს და 2025 წლის 1-ელი იანვრის მდგომარეობით 7.5 მილიარდამდე შემცირებას აჩვენებს.
რაც შეეხება Forbes-ის რეიტინგს, ივანიშვილი აქ 624-ე ადგილს იკავებს. Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 2023 და 2024 წელს 4.9 მილიარდი დოლარი იყო.
ამავე რეიტინგში ხვდება კიდევ ერთი ქართველი მილიარდერი, მიხეილ ლომთაძე, რომელიც 581-ე ადგილს იკავებს. Forbes-ის მონაცემების თანახმად, ყაზახური ფინტექ პლატფორმის „კასპის“ დამფუძნებლის ქონება 3.7 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, 2024 წელს კი 5.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ ლომთაძე ამ დროისთვის არ არის „ბლუმბერგის“ მილიარდერთა რეიტინგში, ის სიას 2024 წლის 10 ნოემბერს გამოეთიშა.