„ცვლილებების გარეშე არც ავიაკომპანიები შემოვლენ და არც ტურიზმის წავა წინ“ - როგორ ხვდება ტურიზმის სექტორი 2025 წელს

2023 წლის რეკორდული შემოსავლების შემდეგ, 2024 წელი ტურიზმის სექტორისთვის დადებითი დინამიკით დაიწყო. 2023 წელს ტურიზმის შემოსავლებმა 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის სამ კვარტალში კი ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3.46 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კვლევითი ორგანიზაციების პროგნოზით, 2024 წელს ტურიზმის შემოსავლებს ახალი რეკორდული ნიშნული უნდა დაემყარებინა. მაგალითად, „გალთ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, შემოსავლები 4.5 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბებდა. მეოთხე კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, ეს პერიოდი სექტორისთვის გამოწვევებთან ასოცირდებოდა. პირველ რიგში, ეს უკავშირდებოდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს, შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და 28 ნოემბერს დაწყებულ უწყვეტ საპროტესტო ტალღას, ხელისუფლების განცხადების საპასუხოდ, რომ აჩერებს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის საჭირო მოლაპარაკების პროცესს.

პროტესტს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი შეუერთდა და მათ შორის იყო ტურიზმის სექტორიც, რომლის წარმომადგენელთა ნაწილმაც არაერთი მარში გამართა. სექტორის წარმომადგენლები საუბრობენ იმაზე, რომ ტურიზმის ის ეკონომიკური მიმართულებაა, რომელზეც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მყისიერად ისახება. ამის გამოძახილი იყო ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის კვლევაც, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში არსებული კრიზისის ეფექტი სექტორს უკვე შეეხო.

ამავე კვლევის მიხედვით, მხოლოდ 1-14 დეკემბერს ტურიზმის სექტორის საერთო ზარალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა. ტურიზმის სექტორში გამოიკითხა, ჯამში 221 ორგანიზაცია, რომელთა 34% ამბობს, რომ ჯავშნების 50-დან 80%-მდე გაუქმებულია.

მიმდინარე ფონზე, სფეროს ექსპერტებს უჭირთ იმის პროგნოზირება, თუ რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ტურიზმი მომავალ თვეებში (უფრო მკაფიო ეფექტს სწორედ ამ პერიოდში ელიან) და აღნიშნავენ, რომ კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში დადებითის მოლოდინი არ აქვთ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გამოწვევების წინაშეა ტურიზმის სექტორი 2025 წლის დასაწყისისთვის და როგორია საქართველოში ტურიზმის პერსპექტივები. როგორც ჩვენთან საუბარისას „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე აღნიშნავს, გასულ წელს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატმა ხელი შეუწყო საქართველოს შესახებ ცნობადობის გაზრდას.

მისი თქმით, სექტორს აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს შემოსავლები და ეფექტი ფართო ფენებს შეეხოს, თუმცა არა დღეს არსებულ სიტუაციაში. ჯაფარიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუ ქვეყანა არსებულ კურსს გააგრძელებს, მათ შორის, ავიაკომპანიებისთვისაც დამაზარალებელი იქნება აქ ოპერირება, ნაკლებად დაინტერესდებიან ავიაკომპანიები ქართული ბაზრით, რაც თავის მხრივ ტურიზმის შემოსავლებზეც აისახება.

„პოტენციალი გვაქვს ძალიან დიდი იმიტომ, რომ 2024 წელს ჩატარებული ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის გამო საკმაოდ გაიზარდა საქართველოს ცნობადობა ევროპაში. ვიყავი წასული და ჩემი თვალით ვნახე, როგორი პოპულარულები გავხდით.

ამას ემატება ისიც, რომ 1-ლი აპრილიდან საქართველოში შემოდის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კომპანია „ბრითიშ ეარვეისი“, რომელიც პირდაპირ რეისებს დაიწყებს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით, რაც არის ძალიან კარგი დაკავშირების გზას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და აშშ-დან ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

ასევე, შემოდის ერთ-ერთი მსოფლიოში დიდი კომპანია „იზი ჯეტი“, იფრენს სამი მიმართულებით (მილანი, ჟენევა, ლონდონი). ეს ყველაფერი გვაძლევს პოტენციალს, რომ საქართველოს ტურიზმის დიდი ნახტომით წავიდეს წინ, მაგრამ ქვეყანაში თუ არაფერი არ შეიცვალა (რასაც გამოვრიცხავ), არც ავიაკომპანიები შემოვლენ და არც ტურიზმის წავა წინ.

აზრი არ ექნება ფრენებს, რადგან შესაძლოა, სავიზო რეჟიმი დაწესდეს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ავიაკომპანიებისთვის დიდი ზარალს, რადგან ვერ იფრენენ ისე, როგორც აქამდე იყო. დარწმუნებული ვარ, იმ ავიაკომპანიებმა, რომლებიც შემოდიან, იმიტომ აიღეს ფრენის დაწყებამდე დიდი პერიოდი, რომ ელოდებოდნენ არჩევნების შედეგებს და მოვლენების განვითარების სცენარებს.

პერსპექტივა გვაქვს დიდი, ეს ქვეყანა შეიძლება ამოვიდეს გაჭირვებიდან და დიდი ფენას შეეხოს ის კეთილდღეობა, რომელსაც ქვეყანა თავისი რესურსების გათვალისწინებით იმსახურებს. ვიმედოვნებთ, რომ 2025 წლისთვის არსებული ცუდი სიტუაცია დამთავრდება და ქვეყანა დადგება განვითარების სწორ გზაზე“, - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის ფართო პროტესტის მიზეზი გახდა. მოქალაქეები თითქმის 40 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს და ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნეს სექტორი, რომელიც აქტიურად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო „რუსეთის გზაზე“ მიდის, რაც ქვეყნის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოქალაქეები და ბიზნესები მთავრობისგან მოითხოვენ ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებას.

მერი ტაბატაძე