„5-დან იცლება გუდაური - ევროპელმა ტურისტებმა პირდაპირ გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა“

საახალწლო დღეებია და საქართველოს ზამთრის კურორტებზე, როგორც წესი, ტურისტების სიმრავლე უნდა იყოს. ტრადიციულად, ეს არის პერიოდი, როდესაც სასტუმროებში ან საოჯახო ტიპის დაწესებულებებში ადგილის პოვნა ჭირს ან თადარიგი უნდა დაიჭიროთ და სასურველი თარიღი თვეებით ადრე დაჯავშნოთ.

თუმცა, წლევანდელი ზამთარი გამონაკლისია. გუდაური ტურისტების სიმცირეს განიცდის და ამას აღნიშნავენ თითქმის ყველა ადგილობრივი სასტუმროში.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმრო „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, 5-დან გუდაური იცლება, გაუქმებულია ჯავშნების 80%, ხოლო ევროპელი ტურისტები, რომლებზეც ჯავშნების დიდი ნაწილი მოდიოდა, აცხადებენ, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა.

„ახლა საახალწლო დღეებია და ასე თუ ისე არის ხალხი, მაგრამ 5-დან იცლება გუდაური. დეკემბერში ჯავშნების 80% გაუქმდა, ასევე გაუქმდა თებერვალიც. ჯავშნების დიდი ნაწილი გააუქმეს ევროპელებმა, რომლებსაც, როდესაც ვკითხეთ, პირდაპირ გვიპასუხეს, რომ მიზეზი ქვეყნის ევროპული კურსის ცვლილებაა. კონკრეტულად საუბარი მაქვს ჩეხებზე და ესტონელებზე.

წინასაახალწლოდ ჯავშნები გააუქმეს ასევე რუსებმა, რომლებსაც 2-3 დღით ჰქონდათ დაჯავშნილი. ამ შემთხვევაში საუბარია საქართველოში მცხოვრებ რუსებზე, რომლებიც ასე 2-3 დღით ამოდიდოდნენ ხოლმე გუდაურში. მათი მიზეზი არ ვიცი. იყო გაუქმება ბელარუსებისგანაც“, - განაცხადა „გუდაური ჰათ“-ის წარმომადგენელმა.

იგივე სიტუაცია აქვს ადგილობრივი მცირე საოჯახო სასტუმროს მეპატრონეც, რომელიც ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ასეთი ცუდი სეზონი კოვიდის დროსაც არ ყოფილა: „ჯავშნები არაა და რაც იყო, იმასაც აუქმებენ“.

შედარებით კმაყოფილია სასტუმრო „ედელვაისის“ წარმომადგენლობა, რომელიც აცხადებს, რომ სასტუმროს დატვირთულობა დაახლოებით 85%-ია და ტურისტების უმეტესობა ადგილობრივებთან ერთად ევროპელებს, ინდოელებს, უკრაინელებს, რუსებს და გალფის ქვეყნებს წარმოადგენენ.

„რადგან ჩვენი სასტუმრო წელს გაიხსნა, ამიტომ წლევანდელ სეზონს ვერ შევადარებ გასულ წელს, მაგრამ წელს ნორმალური სეზონი გვაქვს. ჯავშანი ჯერ არ გაუქმებულა. იმედია, ასე გავაგრძელებთ“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ სასტუმროს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები 2028 წლის ბოლომდე და უარი თქვას ფინანსურ დახმარებაზე, მოსახლეობის ფართო პროტესტის მიზეზი გახდა. მოქალაქეები თითქმის 40 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ მიმდინარე მოვლენებს და ითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებასა და დაკავებულების გათავისუფლებას.

პროტესტს უერთდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნეს სექტორი, რომელიც აქტიურად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო „რუსეთის გზაზე“ მიდის, რაც ქვეყნის ეკონომიკას კრიზისამდე მიიყვანს. მოქალაქეები და ბიზნესები მთავრობისგან მოითხოვენ ევროინტეგრაციის კურსზე დაბრუნებას.

ეკა დარჩიაშვილი