საქართველომ 2024 წელს 90 მლნ დოლარის შოკოლადი იყიდა - მთავარი იმპორტიორი რუსეთია

საქართველოში შოკოლადის იმპორტი იზრდება. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში ქვეყანაში 90.057 მლნ დოლარის შოკოლადის მზა პროდუქტი შემოვიდა, რაც 2009 წლიდან მოყოლებული რეკორდული მაჩვენებელია. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე აღნიშნული მონაცემი ხელმისაწვდომი სწორედ მაგ პერიოდიდან არის). 2009 წელს ქვეყანაში 34.642 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი შემოვიდა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში კი 76.252 მლნ დოლარის შოკოლადი ვიყიდეთ.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, სხვა წლების ანალოგიურად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერშიც საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის ნაწარმის უდიდესი წილი რუსეთზე მოდიოდა. შარშან ჩრდილო მეზობელ ქვეყანაში 25.553 მლნ დოლარის შოკოლადი ვიყიდეთ, რაც მთლიანი იმპორტის 28.4% იყო.

ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ 2024 წლის იანვარ-ნოემბერში შოკოლადის ნაწარმი იყიდა:

  • რუსეთი - 25.553 მლნ დოლარი
  • უკრაინა - 14.834 მლნ დოლარი
  • თურქეთი - 11.460 მლნ დოლარი
  • პოლონეთი - 6.711 მლნ დოლარი
  • ხორვატია - 6.653 მლნ დოლარი

გარდა ამ ქვეყნებისა, საქართველოში 2024 წელს შოკოლადი შემოვიდა ბელგიიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან და ა.შ.