უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შედეგად მოლდოვას ოკუპირებული ტერიტორია, დნესტრისპირეთის არაღიარებული რესპუბლიკა მძიმე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. „რესპუბლიკის“ მასშტაბით გამოირთო ცენტრალური გათბობა, შეჩერდა წარმოება, გათბობით მხოლოდ პირველადი დანიშნულების ობიექტები, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საავადმყოფოები მარაგდება. მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. „ხელისუფლებამ“ დენის ეკონომიის მიზნით ქუჩის ღამის განათებები გამორთო და მოსახლეობას შეშით მომარაგებისკენ მოუწოდა.
დნესტრისპირეთში ენერგოკრიზისი 2025 წლის 1-ლი იანვრიდან, სწორედ მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინამ რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტი შეწყვიტა.
როგორც დნესტრისპირეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ვადიმ კრასნოსელსკიმ „ტელეგრამზე“ დაწერა, „რესპუბლიკაში“ 500-მდე მაღალსართულიანი შენობა გათბობისა და ცხელი წყლის გარეშეა, გაზი არ მიეწოდება თითქმის 72 ათას კერძო სახლს.
გაზის გათიშვის შემდეგ, უკვე 3 იანვრიდან სეპარატისტულ რესპუბლიკაში დენის მოძრავი გრაფიკი ამოქმედდა, რაც გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია 18:00 საათიდან 22:00 საათამდე ეთიშებათ.
„ეს დაზოგავს საკმაოდ მნიშვნელოვან ელექტროენერგიას. შემდეგ, იმედი მაქვს, განვახორციელებთ სხვა რიგ ღონისძიებებს, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ მოძრავი გრაფიკის დრო პიკის საათებში შევამციროთ. მაგრამ სიტუაცია ისეთია, რომ ენერგოსისტემა ვერ უმკლავდება მოხმარებას, მისი სიმძლავრე არ არის საკმარისი“, - განმარტა დნესტრისპირეთის დე ფაქტო პირველმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკური განვითარების მინისტრმა სერგეი ობოლონიკმა.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მოლდოვაგაზმა" დე ფაქტო ხელისუფლებას გაზის ევროპის ბაზრებზე შესყიდვა შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო. „მთავრობაში“ განაცხადეს, რომ ეს შეთავაზება „მაღალ და არასტაბილურ ფასებს" გამოიწვევს. დე ფაქტო ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ რუსული "გაზპრომი“ აღადგენს მიწოდებას, რომელიც 1-ელ იანვარს შეწყდა. თუმცა, როგორ - ამაზე კონკრეტულად არავინ საუბრობს.