Numbeo აქვეყნებს იმ ქალაქების სიას, სადაც 2025 წელს ცხოვრების ღირებულების ინდექსი (Cost of Living Index) ყველაზე მაღალია. რეიტინგში ამჯერად მოხვდა 327 ქალაქი, სადაც საქართველოდან ორი ქალაქი - ბათუმი და თბილისი გვხვდება.
უფრო კონკრეტულად, ყველაზე ძვირი ქალაქების რეიტინგში თბილისი 236-ე ადგილზეა, ბათუმი კი 260-ე ადგილს იკავებს. ცნობისთვის, 2024 წლის დასაწყისში დედაქალაქი 255-ე და ზღვისპირა ქალაქი 286-ე ადგილზე იყო.
საქართველოში 4-სულიანი ოჯახის თვიური ხარჯი ქირის გარეშე 6 072 ლარია, ხოლო ერთი ადამიანის თვიური ცხოვრება ქირის გარეშე 1 683 ლარი ღირს. ამასთან, თბილისის ცენტრში ერთ საძინებლიანი ბინის ქირა საშუალოდ 1945 ლარი ღირს, ხოლო გარეუბანში 1 334 ლარი. ამასთან, 3-საძინებლიანი ბინის დედაქალაქის ცენტრში 3 845 ლარი, ხოლო გარეუბანში 2 194 ლარი ღირს. კვლევის მიხედვით, 1 კვ.მ ბინის ფასი დედაქალაქის ცენტრში 5 700 ლარი, ხოლო ქალაქგარეთ 3 074 ლარია.
რაც შეეხება ბათუმს, ზღვისპირა ქალაქში 4-სულიანი ოჯახის თვიური ხარჯი ქირის გარეშე საშუალოდ 5 403 ლარია, ხოლო ერთ სულიანი ოჯახის ხარჯი ქირის გარეშე 1 506 ლარი. კვლევის თანახმად, ბათუმში ცხოვრება ქირის გარეშე თბილისთან შედარებით 12.4%-ით იაფია, ხოლო ქირა 24.9%-ით იაფი.
ბათუმის ცენტრში 1-საძინებლიანი ბინის ქირა 1 482 ლარი, ხოლო გარეუბანში 1 027 ლარი ღირს. 3-საძინებლიანი ბინა ცენტრში 2 607 ლარი, ხოლო გარეუბანში 1 878 ლარია. ამასთან, 1 კვ.მ ბინის ფასი ბათუმის ცენტრში 3 667 ლარია, ხოლო გარეუბანში 2 478 ლარი.