2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალება საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება.
ცნობისთვის, ეს შეზღუდვა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით წესდება. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.
კერძოდ, ეს შეზღუდვა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა - M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის. ეს კატეგორიები მოიცავს შემდეგ სატრანსპორტო საშუალებებს:
აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებსა და ავტობუსებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.
შეგახსენებთ, რომ ავტომობილებისთვის ემისიის ევრო 5 სტანდარტი საქართველოში 2024 წლიდან ამოქმედდა. შესაბამისად, გასული წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ვეღარ რეგისტრირდება 2013 წლამდე გამოშვებული მსუბუქი ავტომანქანები. უკვე 2025 წლის 1-ლი იანვრიდან კი ეს რეგულაცია ვრცელდება სატვირთო მანქანებსა და ავტობუსებზე.
ცნობისთვის, "საქსტატის" 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია სულ 118 ათასი სატვირთო ავტომობილი, მათგან 92.4% ანუ 109 ათასი ერთეული 10 წელზე მეტი ასაკისაა. რაც შეეხება ავტობუსებს, მათი ცალკე რაოდენობა და წლოვანება არ აქვს საქსტატს გამოყოფილი, თუმცა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2023 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ მოძრაობდა 54 100 მიკროავტობუსი და ავტობუსი, აქედან 50 700 ერთეული ანუ 93.7% იყო 10 წელზე მეტი ასაკის.