მაზუთით დაბინძურების პირველი კვალი საქართველოს სანაპიროზეც გამოჩნდა

შავ ზღვაში რუსული ნავთობის ჩაღვრის შედეგად ეკოლოგიური დაბინძურების პირველი კვალი სოფელ ურეკში დაფიქსირდა, სადაც მაზუთით შეღებილი ჩიტი იპოვეს.

ინფორმაციას “აგენტსტვო” ეკოლოგ გეორგი კავანოსიანის მიერ გამოქვეყნებულ 4 იანვრით დათარიღებულ სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ავრცელებს.

თუმცა კავანოსიანი ამბობს, რომ ეს შესაძლოა, სულაც არ მიუთითებდეს საქართველოში დაბინძურების გავრცელებაზე, რადგან მაზუთით დაფარულ ფრინველებს შემთხვევის ადგილიდან 300 კილომეტრამდე ფრენა შეუძლიათ.

რაც შეეხება ზოგად სურათს, ეკოლოგის ცნობით, მაზუთის ფირმა ყირიმში ფეოდოსიას, ალუშტასა და სუდაკის სანაპიროებს მიაღწია. კერძოდ, სურათებიდან ჩანს, რომ დაბინძურებამ ქერჩის სამხრეთით მდებარე ტაკილის კონცხთან ფეოდოსიას პორტს მიაღწია. ამასთან, მაზუთი სოფელ პარტენიტიდან სუდაკამდე, მათ შორის, ალუშტას მახლობლად სანაპიროს დიდ მონაკვეთზე დაფიქსირდა.

კავანოსიანი აღნიშნავს, რომ სატელიტური სურათები მხოლოდ ზედაპირულ დაბინძურებას აჩვენებს და გაურკვეველია, არის თუ არა მაზუთი ამ საკურორტო ზონებთან სიღრმეში. ეკოლოგის ცნობით, M100-მარკის მაზუთი, რომელიც ტანკერებიდან ჟონავს, ზამთრის დაბალ ტემპერატურაზე იყინება და ფსკერზე ილექება. ზედაპირზე მხოლოდ მას შემდეგ ამოდის, რაც წყალი 25 გრადუსამდე თბება. ამ ნიშნულამდე შავი ზღვა ზაფხულში 20 მეტრამდე სიღრმეზე თბება, ხოლო ანაპის სანაპირო ზოლსა და ქერჩის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში ზღვის სიღრმე 20 მეტრს არ აღემატება.

3 იანვარს მაზუთის ლაქები სევასტოპოლსა და იალტის რაიონშიც აღმოაჩინეს. მეორე დღესვე სევასტოპოლში რეგიონული დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ანექსირებული ყირიმის დანარჩენ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა 28 დეკემბრიდან მოქმედებს.

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ტანკერების ჩაძირვის შედეგად შავ ზღვაში, დაახლოებით, 2,4 ათასი ტონა მაზუთი ჩაიღვარა. საერთო ჯამში ორ ტანკერზე 9,2 ათას ტონამდე ნავთობპროდუქტი იყო ჩატვირთული.

კრასნოდარის ტერიტორიის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის თქმით, 2 იანვრის საღამოს ანაპისა და თემრიუკის რაიონის პლაჟებიდან 78 ათას ტონაზე მეტი დაბინძურებული ქვიშა ამოიღეს. ასევე, მოსკოვის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის დე ფაქტო გუბერნატორ მიხაილ რაზვოჟაევმა 5 იანვარს განაცხადა, რომ ქალაქის სანაპიროებზე, დაახლოებით, 18 ტონა მაზუთის გრუნტი შეგროვდა.

ცნობისთვის: 15 დეკემბერს, ქერჩის სრუტეში, კავკაზის პორტის მახლობლად შტორმის დროს ორი რუსული ნავთობტანკერი, Volgoneft-212 და Volgoneft-239 ჩაიძირა. გარემოსდაცვითი საერთაშორისო ორგანიზაცია Greenpeace-ის განცხადებით, ტანკერებიდან ზღვაში შესაძლოა, საწვავის, დაახლოებით, ნახევარი, ანუ 4,3 ათასი ტონა მაზუთი და ნავთობპროდუქტები მოხვედრილიყო, რაც, გარემოსდამცველების შეფასებით, შავ ზღვაში შესაძლოა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეკოლოგიურ კატასტროფად იქცეს და ფლორა-ფაუნას სერიოზულ შედეგებით დაემუქროს.

უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წინასწარი შეფასებით, დაზიანებული ავზებიდან 4,000 ტონაზე მეტი საწვავის ჩაღვრის შემთხვევაში შავი ზღვისთვის მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 14 მლრდ დოლარს მიაღწიოს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ