შეღავათი ავტოიმპორტიორების ნაწილს - რა ახალი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ

2025 წლის იანვრიდან 2013 წლამდე გამოშვებული ზოგიერთი სატრანსპორტო საშუალება საქართველოში ვეღარ დარეგისტრირდება.

ცნობისთვის, ეს შეზღუდვა საქართველოს ევრო-5 სტანდარტზე გადასვლასთან დაკავშირებით წესდება. ევრო-5 არის ეკოლოგიური სტანდარტი, რომელიც ავტომობილის გამონაბოლქვის აირებში მავნე ნივთიერებების შემცველობას არეგულირებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსი“ უკვე წერდა, ეს შეზღუდვა 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა M3, N1, N2 და N3 კატეგორიების ავტომობილებისთვის, სატვირთო-სამგზავრო ძარას მქონე ავტომობილებისა და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებისათვის. შესაბამისად, მათი საქართველოში დარეგისტრირება ვეღარ მოხდება.

აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილება არ შეეხება როგორც ქვეყანაში უკვე მყოფ სატვირთო ავტომობილებსა, ავტობუსებს და სამედიცინო დანიშნულების ავტომობილებს, ასევე ამ კატეგორიის იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც ქვეყანაში რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნით შემოდის.

ამასთან, ხაზგასასმელია ისიც, რომ მთავრობამ საშეღავათო პერიოდი დაუწესა იმპორტიორებს. კერძოდ, ის სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ტრანსპორტირებაც 2025 წლის 1-ელ იანვრამდე დაიწყო, საქართველოში ჩვეულებრივ დარეგისტრირდებიან.

„შეზღუდვა არ შეეხება იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ტრანსპორტირება დაწყებულია 2025 წლის 1-ელ იანვრამდე, რაც დასტურდება კონოსამენტით (გემის მფლობელის მიერ გაცემული ხელწერილი (დოკუმენტი)), რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს საზღვაო გადამზიდავის მიერ ავტომობილის გემზე მიღების თარიღი ან საზღვაო გადამზიდავის მიერ გაცემული დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს ავტომობილის საზღვაო კონტეინერში ჩატვირთვას ან/და გამომგზავნ საზღვაო პორტში მიღებას 2025 წლის 1-ელ იანვრამდე.

ამასთან, ასეთი დოკუმენტი, სხვა მონაცემებთან ერთად, უნდა შეიცავდეს კონტეინერის ნომერსა და ავტომობილის საიდენტიფიკაციო (VIN) ნომერს,“- აღნიშნულია მთავრობის ახალ გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, რომ ავტომობილებისთვის ემისიის ევრო 5 სტანდარტი საქართველოში 2024 წლიდან ამოქმედდა. შესაბამისად, გასული წლის 1-ლი იანვრიდან ქვეყანაში ვეღარ რეგისტრირდება ძველი მსუბუქი ავტომანქანები, რომელიც ამ სატანდარტს ვერ აკმაყოფილებს.

თაია არდოტელი