„საქართველოში რეგისტრირებული სატვირთო კომპანიების მიერ საერთაშორისო გადაზიდვების რეისები იზრდება, თუმცა, ამის მიუხედავად ქართველი მძღოლი, ტოვებს საქართველოს და ეძებს სამსახურს ევროპაში,“ - ამის შესახებ ინფორმაციას სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ რეალობის პარალელურად საქართველოში მძღოლების დეფიციტი იქმნება.
გთავაზობთ, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის განცხადებას:
„მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე საქართველოში დარეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო კომპანიების მიერ, შესრულებული საერთაშორისო გადაზიდვების რეისები იზრდება, რაც სახელმწიფოს მიერ გაცემული ნებართვების რაოდენობით დასტურდება, ქართველი მძღოლი, ტოვებს საქართველოს და ეძებს სამსახურს ევროპაში. ადგილობრივ ბაზარზე კი მძღოლების დეფიციტი იქმნება.
ქართველი მძღოლი-გადამზიდავი (ხშირია შემთხვევა, როდესაც მძღოლი კომპანიის დამაარსებელი და სატრანსპორტო საშუალების მფლობელიცაა, ამიტომ იგი სარგებლობს მძღოლი-გადამზიდავის სტატუსით) ებმება, კონკურენტულ საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში, მაღალი საბანკო (ხშირად სალიზინგო) 20%-ით, ევროპაში შეძენილი რესურსამოწურული (მეორადი) სატრანსპორტო საშუალებებით. პრაქტიკულად ასეთი გადამზიდავი თავიდანვე არაკონკურენტუნარიან გარემოში იწყებს სამეწარმეო საქმიანობას.
ქართველი მძღოლის სამოქმედო არეალი, წინასწარ განსაზღვრულია დაბალ ტარიფიანი - თურქეთის, რუსეთის და ამიერკავკასიის ბაზრებით. შესაბამისად, მძღოლის ანაზღაურებაც დამოკიდებულია ფინანსურად არამომგებიან და არამიმზიდველ ბაზრებზე.
ევროპულ ბაზრებზე ქართველი საავტომობილო გადამზიდავის შეღწევადობა დაბალია, წელიწადში მხოლოდ 1300-მდე მრავალჯერადი ნებართვა გაიცემა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპულ მაღალ ტარიფიან ბაზარზე, მხოლოდ უმნიშვნელო 1300-მდე სატრანსპორტო საშუალება 8% შედის. (ცნობისათვის საქართველოში გადაზიდვებში ჩართული 16 000 ერთეული სატვირთო სატრანსპორტო საშუალებაა დარეგისტრირებული).
გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები სამუშაოს მაძიებელ ქართველ მძღოლებს, რომლებიც მათ ქვეყნებში, გადაზიდვების განსახორციელებლად შედიან, დამატებით შეღავათებს უუქმებენ. კერძოდ, 6 თვიდან 2 წლამდე იზრდება მუდმივი დასაქმების კონტრაქტი.
ამ სამ მიზეზს ემატება, ყველაზე მნიშვნელოვანი - გაუმჭვირვალე (მესამე ქვეყნების) ნებართვების გაცემის სისტემის არსებობა.
ქართველი გადამზიდავისათვის, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვებში ებმება, სალიზინგო პროცენტის შესამცირებლად, „აწარმოე საქართველოს“ მაგალითზე შეთავაზებული იყოს დაბალი საპროცენტო განაკვეთი. ანალოგიურად, როგორც სოფლად გლეხს განზრახული აქვს მექანიზაციის შეძენა, სახელმწიფო აძლევს გარკვეულ შეღავათს. მაგალითისათვის, თურქეთში სატრანსპორტო საშუალების შეძენისას სალიზინგო პროცენტი მერყეობს 3–5%-ის ფარგლებში.
ნებართვების გაცემის ელექტრონული სისტემის ამოქმედება, რაც დერეფნის გაციფროვნების ერთ - ერთ შემადგენელ კომპონენტს წარმოადგენს, აღნიშნული ინიციატივის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზეც გააჟღერა.
„აუცილებელია, კომფორტული სერვისების მიღების შესაძლებლობა შევუქმნათ ჩვენს კლიენტებს, მომხმარებლებს, ამიტომ გაციფრულება შუა დერეფნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ზუსტ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც რეგულარულად განახლდება ხოლმე და ბოლოს ჩვენ მართლაც ვიქნებით ძალიან კონკურენტუნარიანი მარშრუტი,“ - განაცხადა მაშინ ფორუმზე დავითაშვილმა.
ამ მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები დღემდე არ გადადგმულა. აღსანიშნავია, რომ ყაზახეთსა და ჩინეთს შორის ნებართვების გაცემის ელექტრონული სისტემა 2024 წლის ბოლოს უკვე დაინერგა.
ორმხივ დონეზე ნებართვების გაუქმება - რასაც საქართველომ მიაღწია 2006 წელს სომხეთთან, იმ პერიოდში, ქვეყნის კურსი აღებული იყო მეზობლებთან ნებართვების სისტემის გაუქმებაზე. აუცილებელია ამ პროცესის გაგრძელება და არა გაუქმება - სახეზეა ყაზახეთის მაგალითი.
საქართველომ თურქეთთან დამოკიდებულებაში უნდა აღადგინოს მრავალმხრივი ნებართვების დანერგილი პრაქტიკა, როდესაც გადამზიდავებზე ყოველწლიურად 10000 მრავალმხივი ნებართვა გაიცემოდა.
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიებისათვის დამატებითი პრეფერენციების შეთავაზება, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართველი მძღოლების საქართველოს ბაზარზე შესანარჩუნებლად,“ - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.