როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში საშუალო ნომინალური ხელფასი სომხეთსა და აზერბაიჯანზე მეტია, რუსეთსა და თურქეთზე ნაკლები.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორია საშუალო ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში. (მონაცემები აღებულია ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების მიერ გამოქვეყნებული ბოლო ანგარიშებიდან).

საქართველოში 2024 წლის მესამე კვარტალში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 10.9%-ით (201.3 ლარით) გაიზარდა და 2 056.7 ლარი შეადგინა, დღევანდელი კურსით დაახლოებით, 724 დოლარი. ამასთან, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 182.9 ლარით (9.1%) გაიზარდა და 2 190.1 ლარი (771 დოლარი) შეადგინა.

აზერბაიჯანში ბოლო მონაცემებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 997.1 მანათს (586 დოლარი) შეადგენს. ცალკე დედაქალაქ ბაქოში 1 258.9 მანათია (740 დოლარი).

სომხეთში საშუალო თვიურმა ნომინალურმა ხელფასმა 726 დოლარს მიაღწია. კერძო სექტორში 2024 წელს წლიურმა ზრდამ 5.9% შეადგინა, სადაც საშუალო ხელფასი 783 დოლარამდე გაიზარდა. საჯარო სექტორმა უფრო სწრაფი, 7.8%-იანი ზრდა აჩვენა, სადაც საშუალო თვიური ნომინალური ხელფასით 576 დოლარი გახდა. იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფო სექტორმა უფრო ძლიერი ზრდა დააფიქსირა, ის საშუალო ხელფასის მხრივ კერძო სექტორს მაინც ჩამორჩება, თუმცა სხვაობა თანდათან მცირდება.

რუსეთში საშუალო ხელფასი 2024 წელს 84 324 რუბლს (807 დოლარს) შეადგენდა, მაშინ, როცა 2023 წლისთვის 73 709 რუბლი (705 დოლარი) იყო. მისი ოდენობა წელიწადში 18%-ით გაიზარდა. ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოსკოვია, სადაც საშუალო ხელფასი 153 ,322 რუბლს (1500 დოლარამდე) შეადგენს. ყველაზე დაბალი საშუალო თვიური ხელფასი ჩრდილოეთ კავკასიაში, კერძოდ, ინგუშეთში (39 512 რუბლი - 378 დოლარი), ჩეჩნეთში (40 751 რუბლი - 390 დოლარი) და დაღესტანში (43 058 რუბლი - 412 დოლარი) ფიქსირდება. ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, 2025 წელს საშუალო თვიური ხელფასი 99 952 რუბლამდე (956 დოლარამდე), 2026 წელს 110 169 რუბლამდე (1 054 დოლარამდე), ხოლო 2027 წელს 35%-ით, ანუ 119 296 რუბლამდე (1 141 დოლარამდე) გაიზრდება.

თურქეთში საშუალო ხელფასი, დაახლოებით, 1 000 დოლარია. ეს თანხა ორი ადამიანის თვიური უზრუნველყოფისთვის არის საკმარისი. ქვეყანაში საშუალო ხელფასი რეგიონის, პოზიციისა და გამოცდილების მიხედვით მერყეობს. საშუალო ხელფასის დიაპაზონში ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესიები არის მშენებელი (930 დოლარი), ელექტრიკოსი (720 დოლარი) და მძღოლი (670 დოლარი). ქალაქების მიხედვით, მაგალითად, ექიმების, მასწავლებლებისა და ინჟინრების საშუალო ხელფასი ასეთია: სტამბოლი – 620, 880 და 2440 დოლარი (შესაბამისად); ანტალია – 830, 760 და 620 დოლარი; ანკარა – 1660, 880 და 1100 დოლარი; ბურსა – 880, 880 და 1900 დოლარი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ