როგორი იქნება და ვინ ააშენებს ახალ უბანს შინდისში (+ფოტო)

თბილისში, სოფელ შინდისში ახალი დასახლებული ზონის მშენებლობა იგეგმება. როგორც კომპანია „კანიო ვილიჯის“ მიერ მომზადებულ სკოპინგ ანგარიშში ვკითხულობთ, საპროექტო ტერიტორია მოიცავს 376 215 კვ.მ-ს, რომელიც ორ ზონად - ინდივიდუალური სახლებისთვის, და სპორტულ/გამაჯანსაღებელ/კომერციული ინფრასტრუქტურისთვის დაიყოფა. პროექტის განხილვა 30 იანვარს გაიმართება.

„საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქ. თბილისში, სოფელ შინდისის მიმდებარედ, შპს „კანიონ ვილიჯი"-ს საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, მიწის საერთო ფართი 376 215 კვ.მ-ია. საპროექტო ტერიტორიას გარშემო ესაზღვრება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც არსებული მდგომარეობით აუთვისებელი ტერიტორიებია. საპროექტო ტერიტორიის რელიეფის საშუალო დახრილობაა 10-15%, რელიეფის ცვლილება ხდება (დადაბლება) სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ნიშნულებს შორის სხვაობა შეადგენს 80-100 მეტრს. ტერიტორიაზე გვხვდება სეზონური ხევები.

საპროექტოდ დაგეგმილია ტერიტორიის გამიჯვნა სავარაუდოდ ორ ზონად - ინდივიდუალური სახლებისთვის, და სპორტულ/გამაჯანსაღებელ/კომერციული ინფრასტრუქტურისთვის. იგეგმება ტერიტორიის გამიჯვნა 224 ნაკვეთად, აქედან 147 იქნება ინდივიდუალური სახლებისთვის, დანარჩენი სპორტულ/გამაჯანსაღებელ/კომერციული, სარეკრეაციო და სატრანსპორტო დანიშნულებით. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, შენობების სიმაღლე არ იქნება 2-4 სართულზე მეტი, აღნიშნული საკითხი დაზუსტდება გზშ-ის ეტაპზე“, - აღნიშნულია „კანიონ ვილიჯის" განახლებული სკოპინგ ანგარიში, რომელიც კომპანიამ გარემოს ეროვნული სააგენტოს შენიშვნების შესაბამისად მოამზადა.

„კანიონ ვილიჯი“ სამეწარმეო რეესტრში 2023 წლის ივლისში დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-იან წილს შპს „სიგმა 2018“ ფლობს, დირექტორი კი მიხეილ მენთეშაშვილია. „სიგმა 2018“-ის მფლობელი კი გრიგორი გუდავაძეა.

shindi-1736409652.jpg

shinddd-1736409691.jpg

shindisi6-1736409696.jpg

shindisi5-1736409695.jpg

shindisi4-1736409694.jpg

shindisi2-1736409693.jpg

shindisi1-1736409692.jpg

shindisi-1736409692.jpg