„საქართველოს ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა პროფესიული კავშირის“ თავმჯდომარის გიორგი თეთრაძის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ტურიზმის განვითარებას აფერხებს.
როგორც მან „ბიზნესპრესნიუსთან“ აღნიშნა, ზოგადად, ზამთრის სეზონი ნაკლები აქტიურობით გამოირჩევა, თუმცა, ამის გათვალისწინებითაც კი, ამჟამად ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობა შეინიშნება.
„სანამ ქვეყანაში დაიწყებოდა ეს არეულობა, მოლოდინები კარგი გვქონდა, იქიდან გამომდინარე, რომ გასული წელი საკმაოდ წარმატებული იყო. ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ 2025 წელი უნდა ყოფილიყო გამორჩეული, თუმცა, დღევანდელი მოვლენები აფერხებს ტურიზმს და პროგნოზის გაკეთებაც არ შეგვიძლია. ამ წუთას ბათუმში ვარ, მყავს ტურისტები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სექტორის მდგომარეობა ნორმალურია, რადგან გარშემო ძალიან ბევრი კოლეგა უმუშევარია,“ - ამბობს თეთრაძე.
მანვე აღნიშნა, რომ არსებული მოვლენების გამო ტურისტების ნაწილი ჯავშნებს აუქმებს. მათი უდიდესი ნაწილი კი ევროპის ქვეყნებიდან იყო.
„სეზონიც ნაკლებად აქტიურია, მაგრამ ამის ფონზეც კი ტურისტების ნაკლებობა იგრძნობა. მაქვს ინფორმაცია კოლეგებისგან, რომ ძალიან ბევრს ტურისტულმა ჯგუფმა თუ ინდივიდუალურმა ტურისტმა უარი უთხრა ჩამოსვლაზე, გააუქმეს მოგზაურობა, რადგან უყურებენ ტელევიზორით მოვლენებს და ჰგონიათ, რომ ის სიტუაცია, რაც შუქდება ტელევიზიებით საერთაშორისო ასპარეზზე, ვრცელდება მთელ ქვეყანაზე.
ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან გაუქმდა ჯავშნები. რუსეთიდან, ისრაელიდან ან არაბეთიდან მხოლოდ მცირე რაოდენობა ჯავშნები უქმდებოდა. ვიცი, რომ რუსეთის მოქალაქეებმაც გააუქმეს ჯავშნები, ეს ვიცი ჩემი მეგობრების მხრიდან, რადგან რუსეთში ისეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ აქ რუსეთის საწინააღმდეგო აქციებია, აქვთ წარმოდგენა რომ აქ შესაძლოა ხიფათი შეექმნათ და ამიტომ თავს იზღვევენ,“ - განაცხადა გიორგი თეთრაძემ.
შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 43 დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ეს ადამიანები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.
პროტესტს გამოხატავენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც და აღნიშნავენ, რომ მათ სფეროზე კრიზისი ყველაზე მალე ისახება. მაგალითად, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის კვლევით, ქვეყანაში არსებული მოვლენების ეფექტი სექტორს მომენტალურად შეეხო. კერძოდ, მხოლოდ 1-14 დეკემბერს ტურიზმის სექტორის საერთო ზარალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა. ტურიზმის სექტორში გამოიკითხა, ჯამში 221 ორგანიზაცია, რომელთა 34% ამბობს, რომ ჯავშნების 50-დან 80%-მდე გაუქმებულია.