„ორჯერ ორი ვერ იქნება 17 - თუ მიზიდულობის ცენტრს აჩენ, პირველ რიგში, უნდა იფიქრო გზებზე“ - მელაძე ბაკურიანის საცობებზე

წლევანდელ სეზონზე, ბაკურიანში ყველაზე დიდი უკმაყოფილება გზაზე შექმნილმა საცობებმა გამოიწვია. დამსვენებლები წერენ, რომ ქუჩა დღის ნებისმიერ მონაკვეთში ავტომობილებით პარალიზებულია, გართულებული და საფრთხის შემცველია ფეხით მოსიარულეების გადაადგილებაც.

აღნიშნული ვითარების გამომწვევ მიზეზებზე bpn.ge-სთან საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი მევლუდ მელაძე საუბრობს.

მისი თქმით, ეს გამოიწვია კურორტის განაშენიანების ინტენსივობამ, რასაც შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყოლია საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით.

„ძალიან მარტივია, ორჯერ ორი ვერ იქნება 17, არის - 4. აქაც ეს ამბავია. როდესაც მიზიდულობის ცენტრს აჩენ და გზებს არ ავითარებ, მეტიც გაფართოების ნაცვლად, ავიწროებ, ეს შედეგი ლოგიკურია. ბაკურიანში შიდა გზები არის ძალიან ძველი, სულ გათვლილი იყო რამდენიმე კომლზე, ოდესღაც, მიხვიდოდი, წამოხვიდოდი. ახლა არის სასტუმროების მშენებლობის ნაწილში ბუმი, რაც ცუდი არ არის, მაგრამ თუ მიზიდულობის ცენტრს აჩენ, მაშინ პირველ რიგში, უნდა იფიქრო გზებზე. მაგალითად, ჩინელები, ჩემთვის სამაგალითოები არიან ამ მიმართულებით, ასეთი გამონათქვამიც კი აქვთ, „თუ გინდა, რომ იშოვო ფული, გააკეთე გზა“. ამერიკაშიც, პირველი, რაც გააკეთეს იყო გზები, იქ ვინმე შტერი ხომ არ არის, რომ ამდენ ზოლიან გზებს აკეთებენ?! თუ მიზიდულობის ცენტრს აჩენ, შესაბამისი ინფრასტრუქტურაც უნდა გააკეთო.

ბაკურიანში, იმ გზებზე, სადაც 20 მანქანის მაგივრად, დღეს ათასობით ავტომობილი მოძრაობს, რა თქმა უნდა, შეიქმნება საცობი. ვიღაცას შეიძლება საბურავი დაეშვას, ვიღაც სწრაფად ვერ მოძრაობდეს, ან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდეს და გვერდის ასავლელი ხომ უნდა იყოს?! მთელ ბაკურიანს აქვს ერთი გზა, ერთმანეთის საპირისპირო თითო ზოლია...“, - ამბობს მევლუდ მელაძე.

ნინი ქეთელაური