„რის მოსკოვი, რა ჯობია რომს და პარიზს, მაგრამ იქ პური  4-5 ევრო ღირს - მოდით, ევროპა ჯერ პურიდან დავიწყოთ“ - მალხაზ დოლიძე

„თქვენ არ იცით, მუშებთან მიმართებით რა ხდება, ხელფასი მოგვიმატეთო. ვეუბნებით, ფასიდან გამომდინარეა შენი ხელფასი, არ უნდათ მუშაობა და ადარებენ ევროპას,“ - ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პურ-პროდუქტების კომპანიებს საკმარისი ხელშეწყობა არ აქვთ, იმ პირობებში კი, როდესაც პურის ფასი პროდუქტებს შორის ყველაზე დაბალია, საწარმოები სათანადოდ ვერ ვითარდებიან.

„2024 წელს ერთმა კომპანიამ პარკირების გამო მიიღო 30 ათასი ლარის, ხოლო მეორემ დაახლოებით, 27 ათასი ლარის ჯარიმა. მოდით, შევხედოთ გვერდიდან - კვების პროდუქტებში ყველაზე დაბალი ფასი აქვს პურს, საიდან მოიტანონ ახლა ამ ჯარიმების ფული კომპანიებმა?! ეს თვითღირებულებას ხომ დააწვება?!

თქვენ არ იცით, მუშებთან მიმართებით რა ხდება, ხელფასი მოგვიმატეთო ითხოვენ. თუ აცხადებენ, რომ კეთილდღეობაა და ეკონომიკური წინსვლაა, თქვენ რატომ არ გვიმატებთო. ვეუბნებით, რომ პროდუქტის ფასიდან გამომდინარეა მათი ხელფასი, არ უნდათ მუშაობა და ადარებენ ევროპას. მეც მინდა, ევროპა, რა ჯობია რომს და პარიზს, რის მოსკოვი და რა მოსკოვი, მაგრამ იქ პური ღირს 4-5 ევრო, ჩვენთან რა ღირს, აბა შევადაროთ. მოდით, ევროპა ჯერ პურიდან დავიწყოთ.

რაღაც საშუალო ხომ უნდა გამოვნახო?! საიდან მოიტანოს იმ საცხობმა ამხელა ჯარიმები?! ძალიან მწვავედ დგას კადრების დეფიციტი.

მხოლოდ ერთხელ მისცეს სესხი „იფქლს“, ესეც მაშინ მოხდა, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელი (სოფლის მეურნეობის მინისტრი), იყო დავითაშვილი, მაშინ მივიყვანე, ვანახე, ძალიან მოეწონა. ერთი-ორ ქარხანაში მართლა არის ჩადებული ინვესტიცია და ისეთი კარგია, გულს ესიამოვნება, მაგრამ, ბევრი პრობლემებიც არის. დაიჯერებთ? თბილისში არ არის მანქანა, რომელიც პირს ავტომატურად ჩააწყობს ცელოფანში, ხელით აწყობენ. ასეთი ერთი დანადგარი 6 კაცის საქმეს გამოათავისუფლებდა. მარტო ესეც ხომ არ არის, იქ ცომსაზელია, დასაგუნდავებელია, ორთქლის ქვაბებია და ა.შ.

მხოლოდ ხელის შეწყობაში ვხედავ გამოსავალს, ვიღაცამ უნდა გაიგონოს. ვგულისხმობ, დაბალ პროცენტიან სესხს ა.შ. ეს რომ ვითხოვეთ, გვიპასუხეს, ერთხელ ხომ მივეცით, ახლა სხვა დარგებს უნდა დავეხმაროთო. ალბათ, ცოტაა და ბევრს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ პური პირველადია და ჯერ ამას უნდა მიექცეს ყველაზე დიდი ყურადღება,“ - ამბობს მალხაზ დოლიძე.

ნინი ქეთელაური