ევროკავშირში სამუშაო პირობების გაუარესების გამო რუსული „გაზპრომი“ თურქეთში გადასვლისთვის აქტიურად ემზადება.
ადამიანები, რომლებიც Nord Stream-ისა და Turkish Stream-ის გაზსადენებზე მუშაობდნენ, ევროპა უკვე დატოვეს. მიზეზი სანქციებია, რომლებმაც კომპანიას საქმიანობა გაურთულა. ზოგიერთი თანამშრომელი უკვე გადავიდა თურქეთში, სადაც „გაზპრომი“ ახალი გაზის ჰაბის შექმნას გეგმავს. 2024 წლის მიწურულს მუშები სტამბოლში საცხოვრებელს ეძებდნენ და ოჯახებიც გადაიყვანეს - ამის შესახებ liga.net-ი წერს.
სანქციების გამო „გაზპრომმა“ ევროპაში რამდენიმე კომპანია დაკარგა - გერმანიაში - Securing Energy for Europe GmbH და დიდ ბრიტანეთში - Gazprom Marketing & Trading, რომელთა აქტივების ნაციონალიზაცია მოხდა. ამასთან, ლიკვიდირებული იქნა ორი კომპანია ნიდერლანდებში: Gazprom Sakhalin Holdings BV და Gazprom Finance BV. ეს სტრუქტურები გამოიყენებოდა დაბეგვრის ოპტიმიზაციისთვის, მაგრამ რუსეთსა და ნიდერლანდებს შორის ორმაგი დაბეგვრის შეთანხმების შეწყვეტის შემდეგ მათი ფინანსური უპირატესობა გაქრა.
ცნობისათვის, 2025 წელს უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ, ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების ერთადერთი გზა თურქული ნაკადი დარჩება. თუმცა, „გაზპრომის“ ექსპორტი ევროპაში უკვე 80%-ზე მეტით შემცირდა 2021 წელთან შედარებით. 2024 წელს კომპანიამ მხოლოდ 32 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა, რაც ახლოსაა 1970-იანი წლების მეორე ნახევრის მაჩვენებლებთან.