მდიდარი დეპუტატებისა და ღარიბი პენსიონერების ქვეყანა?! – „უთანასწორობაა, რომელიც უზნეობაში გადადის“

„არცერთ ქვეყანას არა აქვს ისეთი თანაფარდობა, რომ პენსიონერზე 30-ჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს დეპუტატს,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ყოფილმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა. მათ შორის ცვლილება შეეხო პარლამენტის წევრებსაც, რომელთა ანაზღაურებაც უკვე მიმდინარე წლიდან, თვეში 12 000 ლარს მიაღწევს (ამას გამოკლებული არ აქვს საშემოსავლო - 20%). აღნიშნულმა ცვლილებამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პროტესტის გრძნობა გააჩინა, მითუმეტეს იმის ფონზე, რომ ასევე იანვრიდან პენსია მხოლოდ 35 ლარით გაიზარდა. შედეგად 70 წლამდე პირთა ასაკობრივი პენსია 350 ლარი, ხოლო 70 წელს ზემოთ პირთათვის - 450 ლარი გახდა.

ცნობისთვის, თანამდებობის პირთა ხელფასებსა და პენსიის ასეთ უთანასწორობასთან დაკავშირებით, 11 იანვარს დაიგეგმა მარში სიღარიბის წინააღმდეგ, სახელწოდებით - „უთანასწორობა უსამართლობაა“.

როგორც რომან გოცირიძემ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, საქართველო ლიდერია ევროპაში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. მისივე შეფასებით, არც რეგიონში აქვს არცერთ ქვეყანას ისეთი თანაფარდობა, რომ დეპუტატის ხელფასი ფაქტობრივად 30-ჯერ აღემატებოდეს პენსიის ოდენობას.

„70-წლამდე პირების პენსია გაიზარდა 350 ლარამდე, რაც მის ნახევარს ნიშნავს იმ მსყიდველუნარიანობით, რაც იყო იგივე 12 წლის წინ. პენსიონერები საკუთარი პენსიის უდიდეს ნაწილს ისეთი პროდუქტის შესაძენად ხარჯავენ, რომლის ფასებიც მნიშვნელოვნად გაიზარდა, ვიდრე საშუალოდ ინფლაციის დონეა. შესაბამისად, ამის გათვალისწინებით, რეალური პენსია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეს 350 ლარია, ვინაიდან, სურსათი, მედიკამენტები, მგზავრობა, კომუნალური გადასახადები მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ჩვენ ახლა მხოლოდ პენსიაზე არ ვსაუბრობთ, ამაზე უფრო მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს. უცნაური და ამორალური ფაქტია, როდესაც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლითაც თანამდებობის პირთა ხელფასები კიდევ უფრო გაიზარდა. ცვლილების შემდეგ, მიმდინარე წლიდან რიგითი დეპუტატის ხელფასმა 12 000 ლარს მიაღწია. მაშინ როცა, რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩვენ ვიყავით დეპუტატები, პარლამენტის წევრის ხელფასი 4 000 ლარს აღწევდა.

საქართველოს პარლამენტს აქვს რამდენიმე უნიკალური ნიშანი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში უნდა შევიტანოთ. ერთი რეკორდი უკვე ნამდვილად მოხსნილია. აღსანიშნავია, რომ სახელფასო შემოსავლის გარდა, პარლამენტის წევრები კიდევ სხვა სახის ბენეფიტებსაც იღებენ, როგორიცაა მაგალითად, პირადი ავტომობილის მომსახურება. 32 პერსონალური ავტომობილი ემსახურება მარტო კომიტეტის თავმჯდომარეებს და მის ერთ მოადგილეს „ქართული ოცნებიდან“, რომელსაც მანქანიანი მოადგილე ჰქვია და რიგითი დეპუტატისგან განსხვავებული ფუნქცია არა აქვს. მთლიანად, უმრავლესობიდან ყოველ მეორე დეპუტატს ემსახურება პერსონალური ავტომობილი. ჯამში, 50 პერსონალური ავტომობილი ემსახურება საქართველოში დეპუტატებს, როდესაც მაგალითად, გერმანიაში, ჰოლანდიაში სპიკერს ერთი ავტომობილი ჰყავს,“- განაცხადა გოცირიძემ.

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდის შეფასებისას, რომან გოცირიძემ ისიც აღნიშნა, რომ თეორიულად ხელფასი არის კორუფციის პრევენციის ერთ-ერთი ფორმა, მაგრამ გააჩნია, რომელ ქვეყანაში ხარ და რამდენი გაქვს შემოსავალი.

„საქართველო ღატაკი ქვეყანაა, რომელიც ძირითადად უცხოური დახმარებითა და საერთაშორისო პარტნიორობით არსებობს. ამიტომ ხომ უნდა შეადარო რამდენი აქვს ხელფასი თანამდებობის პირს, რამდენია მოქალაქის საშუალო ხელფასი, რამდენია პენსია. საქართველო ლიდერია ევროპაში დეპუტატის ხელფასის პენსიის ოდენობასთან შედარებით. გარდა ამისა, რეგიონშიც არცერთ ქვეყანას არა აქვს ისეთი თანაფარდობა, რომ პენსიონერზე 30-ჯერ მეტი ხელფასი ჰქონდეს დეპუტატს. ეს არის უთანასწორობა, რომელიც უზნეობაში გადადის,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ გადაცემაში „საქმე“ სტუმრობისას.

მაგდა შენგელია