ადგილები არ გვაქვს, სრულად დატვირთულია სასტუმრო, უმეტესობა ისრაელიდან და ემირატებიდან არიან - New Gudauri View Hotel

„სრულად დატვირთულია სასტუმრო, იანვარი და თებერვალიც“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ გუდაურში მდებარე New Gudauri View Hotel-ის დამფუძნებელმა ნინო გაბეჩავამ განაცხადა.

როგორც გაბეჩავამ აღნიშნა, სასტუმროს ძირითადად უცხოელი დამსვენებლები სტუმრობენ. ტურისტების უმეტესობა ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან არიან.

„სრულად დატვირთულია სასტუმრო, ახალი წლის პერიოდისთვისაც მსგავსი სიტუაცია იყო. ზოგადად, სეზონის დაწყებიდან დღემდე სრული დატვირთვით ვმუშაობთ. სრულად დატვირთულია იანვარი, თებერვალი და ამ პერიოდში ადგილები არ არის. მარტის ჯავშნები შედარებით გვიან შემოვა.

ძირითადად ჩვენთან უცხოელები არიან; გვყავს ადგილობრივი დამსვენებლებიც, თუმცა მცირე პროცენტულობით. ზოგადად, გუდაური ყოველთვის უცხოელი ტურისტებით იყო დატვირთული. ჩვენთან ძალიან ბევრი ებრაელი დამსვენებელია, ასევე არიან ტურისტები ემირატებიდან და გვსტუმრობენ ემირატებში მცხოვრები ევროპელებიც. თებერვალში უმეტესად ამ ქვეყნებიდან ველოდებით ტურისტებს.

გარდა ამისა, არიან რუსებიც, მაგრამ არა ის რაოდენობა, რაც რამდენიმე წლის წინ იყო, მათმა პროცენტულობამ დაიკლო. ამასთან, დეკემბერში ინდოეთიდანაც იყო ხშირად ჯავშნები,“ - აღნიშნავს ნინო გაბეჩავა.

შეგახსენებთ, 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არ აპირებს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესის დაწყებას, ასევე მთავრობა უარს ამბობს მათ საბიუჯეტო დაფინანსებაზე. მთავრობის აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. რომელიც უკვე 45-ე დღეა უწყვეტად გრძელდება და საზოგადოების თითქმის ყველა სფერო მოიცვა. ეს ადამიანები თვლიან რომ არსებული კრიზისი გაცდა პარტიული პოლიტიკის საზღვრებს და გარდაუვალი სოციალური და ეკონომიკური საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყანას. პროტესტის მონაწილეები დაკავებულების გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩანიშვნას ითხოვენ.

პროტესტს გამოხატავენ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც და აღნიშნავენ, რომ მათ სფეროზე კრიზისი ყველაზე მალე ისახება. მაგალითად, ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის კვლევით, ქვეყანაში არსებული მოვლენების ეფექტი სექტორს მომენტალურად შეეხო. კერძოდ, მხოლოდ 2024 წლის 1-14 დეკემბრის პერიოდში, ტურიზმის სექტორის საერთო ზარალმა 5 მლნ ლარს გადააჭარბა.

მერი ტაბატაძე