სად ღირს ფინჯანი კაპუჩინო ყველაზე იაფი/ძვირი და როგორია საქართველოს მაჩვენებელი

ყავის ფასი 2024 წელს 70%-ით გაიზარდა და რიგ შემთხვევებში მისმა საფასურმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

დღესდღეობით, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ყავის ჯიშის - არაბიკას ფასი ბოლო 50 წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაჩვენებელთან შედარებით ყველაზე მაღალია. ექსპერტები ამბობენ, რომ ფასის შემცირებას შეიძლება წლები დასჭირდეს.

ფინჯანი ყავის ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნებში. Numbeo-მ სხვადასხვა ქვეყანაში ფინჯანი კაპუჩინოს ფასი დაითვალა.

ფასები დათვლილია 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, თუმცა მას შემდეგ ცვლილება არ მომხდარა.

რატომ იზრდება ყავის ფასი მთელ მსოფლიოში?

ბრაზილიასა და ვიეტნამში - მსოფლიოს ორ უმსხვილეს ყავის მწარმოებელ ქვეყანაში, ექსტრემალურმა ამინდებმა მოსავლიანობა შეამცირა.

სიდიდით მესამე მწარმოებელი ქვეყანა - კოლუმბია, მოსავლის ასაღებად იბრძვის. მზარდმა ხარჯებმა ფერმერები აიძულა შეემცირებინათ სასუქი.

ფასების ზრდის სხვა ფაქტორები მოიცავს ევროკავშირის მიერ შემოღებულ, ტყის გაჩეხის ახალ წესებს, შრომისა და ენერგიის გაზრდილ ხარჯებს, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებას და ვიეტნამელი მწარმოებლების მიერ უაღრესად მომგებიანი დურიანის ხილზე გადასვლას.

ყავასთან ერთად მსოფლიოში ძვირდება რძეც, შესაბამისად, მატულობს ფასი ყავის ისეთ სახეობაზე როგორიცაა კაპუჩინო, ლატე და ა.შ.

იმის გამო, რომ მსოფლიოში ყავაზე, როგორც სასმელზე მოთხოვნა მზარდია, Numbeo-მ შეადარა ფასები ყავის ისეთ სახეობაზე, როგორიცაა კაპუჩინო.

Numbeo-ს მიერ შეფასებული 96 ქვეყნიდან, ყველაზე იაფი კაპუჩინო ლიბიაშია, ყველაზე ძვირი კი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

5 ქვეყანა, სადაც ფინჯანი კაპუჩინო ყველაზე იაფი ღირს:

  • ლიბია - 0.60 დოლარი
  • ალჟირი - 0.71 დოლარი
  • ტუნისი - ფინჯანი კაპუჩინო 0.85 დოლარი
  • ირანი - 1.20 დოლარი
  • უკრაინა - 1.24 დოლარი

5 ქვეყანა, სადაც ფინჯანი კაპუჩინო ყველაზე ძვირია:

  • არაბთა გაერთიანებულ საამიროები: 5.69 აშშ დოლარი
  • დანია: 5.63 აშშ დოლარი
  • შვეიცარია: 5.42 აშშ დოლარი
  • ქუვეითი - 5.32 დოლარი
  • აშშ - 5.19 დოლარი

რაც შეეხება საქართველოს, ის Numbeo-ს რეიტინგში 44-ე ადგილზეა, სადაც ფინჯანი კაპუჩინო საშუალოდ 2.78 დოლარია. მეზობელი ქვეყნების მაჩვენებელი კი ასეთია: თურქეთი - 2.94 დოლარი; სომხეთი - 3.38 დოლარი; აზერბაიჯანი - 3.37 დოლარი და რუსეთი - 1.78 დოლარი.

თეონა რამაზაშვილი