10 საუკეთესო ტურისტული ქალაქი მსოფლიოში - რეიტინგის სათავეში პარიზია

კომპანია Euromonitor International-მა 2024 წლის მსოფლიოს 100 საუკეთესო ტურისტული მიმართულება გამოავლინა. რეიტინგში წარმოდგენილი ქალაქების ანალიზი ემყარება რამდენიმე ძირითად მიმართულებას: ეკონომიკა და ბიზნესი, ტურიზმის მაჩვენებლები, ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული პოლიტიკა და მიმზიდველობა, უსაფრთხოება, ჯანდაცვა და მდგრადობა.

Euromonitor International-ის განცხადებით, მიუხედავად მსოფლიო ტურიზმის პოზიტიური აღდგენისა, მუშახელის დეფიციტი, გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ეკონომიკური კუთხით არსებული გამოწვევები აფერხებს სექტორის განვითარებას. ანგარიშის თანახმად, გლობალური საერთაშორისო ვიზიტები 2024 წელს წლიურად 19%-ით გაიზარდა, რაც ტურისტების რაოდენობის ზრდით იყო განპირობებული. საანგარიშო პერიოდში ევროპა კვლავაც ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებად დარჩა. კერძოდ, გასულ წელს ევროპის ქვეყნებს ჯამში 793 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია.

რაც შეეხება გლობალურად ტურიზმზე გაწეულ ხარკებს, 2024 წელს 1.9 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ანგარიშის თანახმად, საშუალო ხარჯი ერთ ვიზიტზე 2030 წლისთვის 1,264 აშშ დოლარს მიაღწევს. ამასთანავე, Euromonitor International-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის აშშ-ს, თურქეთსა და ჩინეთს, სავარაუდოდ, საერთაშორისო ვიზიტების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ექნება.

2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად (ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორების მიხედვით) პარიზი დასახელდა. რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს მადრიდი, მესამეს კი ტოკიო. ათეულში მეოთხე ადგილი დაიკავა რომმა, მეხუთე მილანმა, მეექვსე კი ნიუ-იორკმა. ამსტერდამი მე-7 ადგილს იკავებს, მე-8 ადგილზე კი სიდნეია. მე-9 და მე-10 ადგილები კი სინგაპურსა და ბარსელონას ერგო.

დაბოლოს, კვლევის მიხედვით, გასული წელს ტურიზმის შემოსავლების ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი ჩატარებული სპორტული და კულტურული ღონისძიებები იყო. დოკუმენტში საუბარია „ჭარბი ტურიზმის“ შესახებაც, რაც არაერთი ქალაქის პრობლემას უკვე წარმოადგენს და აღნიშნულია, რომ კონტროლის მექანიზმი პრობლემის თავიდან ასარიდებლად შესაძლოა, იყოს ქალაქებში შესვლის საფასურისა და მაღალი გადასახადების დაწესება.

მერი ტაბატაძე