რუსეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა - რამდენი ვიყიდეთ და რამდენად

რუსეთიდან საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 43%-ით შემცირდა. 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 158 (3 მილიონი აშშ დოლარის) ავტომობილის იმპორტი განხორციელდა, 2023 წლის იმავე პერიოდში კი 280 ავტომობილის (5.9 მილიონი აშშ დოლარის).

მონაცემების თანახმად, 2024 წელს ერთი ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 19 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობდა, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში კი 21 ათასი დოლარის ფარგლებში იყო. შენიშვნა: დათვლილია საშუალო მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე, ზოგი ავტომობილის იმპორტი შესაძლოა, უფრო ძვირი, ან იაფი დაჯდა.

რაც შეეხება ექსპორტს, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 11 თვეში რუსეთში საქართველოდან 7 ავტომობილის ექსპორტი განხორციელდა, ჯამურმა ღირებულებამ კი 143 ათასს აშშ დოლარს მიაღწია. ცნობისთვის, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, რუსეთში ამერიკიდან ან ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტი და რეექსპორტი აკრძალულია.

ცნობისთვის, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში იმპორტირებულია 185 834 მსუბუქი ავტომობილი, რომელთა ღირებულებამაც 3.08 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აქედან კი რეექსპორტზე 2.21 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების 97 831 ავტომობილი გავიდა.

მერი ტაბატაძე