„ბაკურიანი პარალიზებულია, ყაზბეგს კვლავ წყლის და გზის პრობლემა აქვს“ - რა ხდება მაღალმთიან კურორტებზე

სფეროს ექსპერტები ხშირად საუბრობენ იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა კურორტებზე ინფრასტრუქტურის მხრივ. ამის მაგალითია ბაკურიანიც, სადაც ბოლო პერიოდში დამსვენებლების გაზრდილი რაოდენობის ფონზე ადგილზე შექმნილი პრობლემები უფრო ნათელი გახდა.

სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, მოყინული და გასაწმენდია საავტომობილო გზები და ტროტუარები, საპარკინგე ადგილები პრაქტიკულად არ არსებობს, პრობლემურია მომსახურების სფერო და სხვა მიმართულებებიც.

გარდა ბაკურიანისა, ჩამოთვლილი გამოწვევების წინაშე დგანან სხვა საკურორტო ზონებიც, რის შესახებაც „ბიზნესპრესნიუსთან“ რესპონდენტებიც საუბრობენ. როგორც არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძე აღნიშნავს, ბაკურიანში, გუდაურში, ბახმაროსა და სხვა საკურორტო ტერიტორიებზე ადგილი აქვს მჭიდრო განაშენიანებას. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში განაშენიანება გენერალური გეგმით დამტკიცებულ კოეფიციენტებს აჭარბებს, რაც შემდგომ უკვე აისახება ადგილზე სოციალური ობიექტების სიმცირეში.

უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, ნებისმიერი სოციალურ ობიექტი, ეს იქნება ბავშვთა გასართობი სივრცე, კვების ობიექტები, საჯარო დაწესებულებები, სამედიცინო პუნქტები თუ მარკეტები, მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისად უნდა შენდებოდეს, დადგენილი უნდა იყოს მაგალითად ყოველ 1000 მოსახლეზე რამდენი მარკეტია საჭირო, თუმცა კურორტებზე და არამარტო კურორტებზე, ხშირად ეს მიდგომა უგულებელყოფილია.

„ჩვენთან საცხოვრებელი თუ დასასვენებელი ობიექტები ისე შენდება, რომ მას ჩამორჩება სოციალურიო ობიექტები და ინფრასტრუქტურა. რეალურად ეს ობიექტები პროპორციულად საცხოვრებლების რაოდენობას უნდა უსწრებდეს, ჩვენთან კი პირიქით არის“, - აღნიშნავს ბოლქვაძე.

მჭიდრო განაშენიანება, გარდა იმისა, რომ მას თან ახლავს სოციალური ობიექტების ნაკლებობა და მომსახურების ხელმისაწვდომობა, ბოლქვაძის თქმით, იწვევს ეკოლოგიურ პრობლემებსაც, რაზეც ადგილზე მცხოვრები პირები უკვე მიუთითებენ.

„თუ ზედმეტად დიდი მასშტაბისაა ტერიტორიის სიმჭიდროვე, რა თქმა უნდა, ეს ეკოლოგიასაც უქმნის პრობლემას, თუმცა, ეს ერთიანი პროექტით არის შესაფასებელი. უნდა შეფასდეს სოციალური და ეკოლოგიური საკითხები, ტრანსპორტი, პარკირება და სხვები. რაც თქვენ ბრძანეთ [ეკოლოგიური გამოწვევები], ეს არის პრობლემა და ამას უკვე მოსახლეობაც აღნიშნავს“, - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.

„ბიზნესპრესნიუსთან“ კურორტებზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებ საუბრობს Step Inn-Kazbegi-ს დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილიც. მისი თქმით, მაღალმთიან კურორტებზე ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია და ამ მიმართულებით საჭიროა შესაბამისი სამსახურების უწყვეტი მუშაობა.

„მაღალმთიანი კურორტები ინფრასტრუქტურული პრობლემების წინაშე დგას, ამას უკვე თვალნათლივ ვხედავთ და უფრო მტკივნეული ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რადგან იქ არსებული პრობლემები თვალში საცემია და უკვე ყველას ეხება. ბაკურიანი მთლიანად პარალიზებულია, ყაზბეგს კვლავ წყლის პრობლემა აქვს და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს საავტომობილო გზებიც. კურორტებს სჭირდებათ მხარში დგომა და შესაბამისი სამსახურების უწყვეტ რეჟიმში მუშაობა“, - განაცხადა ანი ალიბეგაშვილმა.

მერი ტაბატაძე