როგორია დეპუტატების ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში

საქართველოში დეპუტატის ხელფასი საშუალოდ (დღევანდელი კურსით) 3 300 დოლარს შეადგენს, რაც მეზობელი ქვეყნების კანონმდებლების ანაზღაურებასთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ქართველი დეპუტატების ანაზღაურება უფრო მეტია, ვიდრე სომეხი, აზერბაიჯანელი და ნაწილი თურქი კანონმდებლებისა. ქართველებზე მეტს მხოლოდ რუსეთის დუმის დეპუტატები იღებენ.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ როგორია დეპუტატების ხელფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში.

საქართველო

შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2025 წლიდან სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასები გაიზარდა. მათ შორის ცვლილება შეეხო პარლამენტის წევრებსაც, რომელთა ანაზღაურებაც უკვე მიმდინარე წლიდან, თვეში 11 680 ლარი იქნება (საშემოსავლოს გამოკლებით 9 344 ლარს, რაც დღევანდელი კურსით 3 300 დოლარამდეა).

უფრო მეტი აქვს ხელფასი პარლამენტის თავმჯდომარეს, მის მოადგილეს, კომიტეტის თავმჯდომარეა და ა.შ. პარლამენტის თავმჯდომარის შემოსავალი ამ თანამდებობებზე წლიურად 175 200, ხოლო თვიურ ჭრილში 14 600 ლარი იქნება. თუ ამას გამოვაკლებთ 20%-იან საშემოსავლოს, გამოდის რომ ამ თანამდებობებზე წლიური სარგო 140 160 ლარი იქნება, თვეში 11 680 ლარი (დაახლოებით 4 120 დოლარი).

სომხეთი

სომხეთის პარლამენტის დეპუტატის ხელფასი (ყველა გადასახადის გამოკლებით) თვეში, დაახლოებით, 600 000 დრამი, ანუ 1 500 დოლარია, რაც ქვეყანაში არსებულ ოფიციალურ საშუალო თვიურ ხელფასს ორჯერ აღემატება.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის დეპუტატების ყოველთვიური ხელფასი 7 455 მანათია (4 385 დოლარია), თუმცა ხელფასიდან სხვადასხვა გადასახადისა და სადაზღვევო შენატანების გამოქვითვის შემდეგ მათ ხელზე ასაღები მხოლოდ 5.100 მანათი (3.000 დოლარამდე) რჩებათ. ამდენად, დაახლოებით, 2 355 მანათი (1 385 დოლარი), ანუ ხელფასის, თითქმის, მესამედი, სახელმწიფო ბიუჯეტს უბრუნდება.

რუსეთი

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატების ხელფასი 2024 წელს თვეში 800 000 რუბლამდე (7 600 დოლარამდე) გაიზარდა, რაც ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს, დაახლოებით, 20-ჯერ აღემატება. ამასთან, ერთ დეპუტატზე ყოველთვიური ხარჯი 1.5 მლნ რუბლის (14 273 დოლარის) ოდენობით არის დაგეგმილი.

თურქეთი

თურქეთის პარლამენტში 2024 წელს ყველა მოქმედ და პენსიონერ დეპუტატს ხელფასი 49,25%-ით გაეზარდა. მოქმედი დეპუტატის ხელფასმა 73 329 ლირადან 110 ათას ლირამდე (2 075-დან 2 827 დოლარამდე), ხოლო პენსიამ 51 970-დან 77 565 ლირამდე (1 470-დან 2 193 დოლარამდე მოიმატა). მეტიც, პარლამენტში მომუშავე დეპუტატების, თითქმის, ნახევარი, ანუ 300 წევრი უკვე პენსიონერია. ასეთი დეპუტატების ხელფასი 230 ათასი ლირას, ანუ 6 500 დოლარს შეადგენს. თურქეთის პარლამენტში სულ 599 დეპუტატია. შესაბამისად, თუ არ ჩავთვლით პენსიონერ დეპუტატებს, გამოდის, რომ თურქეთში დეპუტატების საშუალო ხელფასი 2 827 დოლარს არ სცდება.

იხილეთ ასევე:

მოქალაქეთა ნაწილს ხელფასები გაეზრდება

მდიდარი დეპუტატებისა და ღარიბი პენსიონერების ქვეყანა?! – „უთანასწორობაა, რომელიც უზნეობაში გადადის“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ