„სახელმწიფომ შობადობის გასაზრდელად ახალგაზრდებს ხელი მაქსიმალურად უნდა შეუწყოს“ - რატომ ბერდება საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მთლიან მოსახლეობაში პენსიონერთა წილი ბოლო 5 წლის განმავლობაში 10.2%-ით გაიზარდა. 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მოსახლეობის 23%-ზე მეტი საპენსიო ასაკის მოქალაქეა. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 3.69 მლნ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, საიდანაც 864 ათასზე მეტი პენსიონერია. მონაცემები აჩვენებს, რომ მოსახლეობის დაბარების პროცესი მზარდია.

მთლიან მოსახლეობაში პენსიონერების წილის ზრდა ცხადია, ერის დაბერებას ნიშნავს, რასაც დემოგრაფი გიორგი მელაძე შობადობის შემცირებით, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით ხსნის.

„მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს მოსახლეობის დაბერების პროცესი, რასაც ვერც საქართველოს აუვლის გვერდს. 21-ე საუკუნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში მოსახლეობის დაბერება. მოსახლეობაში პროცენტულად საპენსიო ასაკის მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა გამოწვეულია შობადობის შემცირებითა და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობის ზრდით.

შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი თუ უდრის 2.1, ეს ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობა არც მოიმატებს და არც დაიკლებს. ევროპის ყველა ქვეყნის მაჩვენებელი ამ ნიშნულზე დაბალია. ჩვენთან, ბოლო მონაცემი რაც მაქვს, 1.9-მდეა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარგი მდგომარეობა გვაქვს, წახალისებაა საჭირო, რომ როგორმე 2.15-2.18-მდე მაინც გაიზარდოს.

ჩვენთან სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ისეთი მაღალი არ არის, როგორიც დასავლეთის ქვეყნებში, შობადობის მაჩვენებლები საქართველოში დაბალია და იზრდება საპენსიო ასაკის მოქალაქეების რაოდენობას. ამას თან ერთვის ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. ემიგრაციაში წასული ადამიანების ასაკი დაახლოებით 20-50 წლამდე მერყეობს, რაც სამწუხაროა, რადგან, ისინი თუ დარჩებიან ემიგრაციაში და ამ ასაკის მოქალაქეების რაოდენობა დაიკლებს, მაღალი ასაკის ადამიანების წილი გაიზრდება.

რაც შეეხება კიდევ ერთ მიზეზს: საპენსიო ასაკში შედიან ადამიანები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ დაიბადნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს შობადობა იყო კრიტიკულად დაბალი, ომის შემდგომ კი შობადობა საკმაოდ გაიზარდა. ახლა სწორედ ის თაობა შედის საპენსიო ასაკში, რომლებიც ომის შემდგომ დაიბადნენ“, - აღნიშნავს მელაძე.

დემოგრაფი აღნიშნავს, რომ არსებული სიტუაციის გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობა, რომ წაახალისოს მრავალშვილიანი ოჯახები და შექმნას სამუშაო ადგილები და შესაბამისი ეკონომიკური პირობები იმისთვის, რომ გაიზარდოს შობადობა.

„საპენსიო ასაკის მოქალაქეების რაოდენობის ზრდა დიდ დატვირთვას განაპირობებს სახელმწიფო საფინანსო სისტემაზე - პენსიები მეტია გასაცემი, ჯანდაცვაზე დატვირთვა იზრდება, რადგან ასაკოვან ადამიანებს გარკვეული შეღავათები სჭირდებათ. სახელმწიფომ ახალგაზრდებს მაქსიმალური პირობები უნდა შეუქმნას, იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს შობადობის ზრდას, პირობითად, მე-3 და მე-4 ბავშვზე გადასცეს ბინა დაბალი კრედიტით, მე-5 შვილზე საერთოდ უფასოდ და ა.შ. რაც ყველაზე მთავარია, ხელი უნდა შეეწყოს მოქალაქეთა დასაქმებას, რადგან ოჯახი არ უნდა იყოს დამოკიდებული სახელმწიფოსა და სხვა ადამიანის შემწეობაზე, ოჯახმა თავი თავად უნდა შეინახოს. რთულია ეს ყველაფერი, მაგრამ თუ მოვინდომებთ, მინიმალურად მაინც გამოსწორდება მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი მელაძემ.

მერი ტაბატაძე