„როგორ უნდა გაგრძელოს ამერიკამ და ევროკავშირმა რეფორმის მხარდაჭერა, თუ ქვეყნის ხელისუფლების ხედვა, მათ ხედვას სცილდება“,- ამის შესახებ „მომავლის ფერმერის“ ხელმძღვანელმა რუსუდან გიგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საერთაშორისო დონორების ჩართულობით დაწყებული პროექტები ისევ მიმდინარეობს, თუმცა დაბალი ინტენსივობით. სამომავლოდ კი, მათი გაგრძელება, ან ახალი პროექტების დაწყება, სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე, წარმოუდგენელია.
ამასთან, რუსუდან გიგაშვილი იმ რესურსებსა და შესაძლებლობებზე ამახვილებს ყურადღება, რომელსაც ქვეყანა, განათლებული კადრების გადინებით დაკარგავს.
„ჩვენ ვმუშაობთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ამერიკის მთავრობასთან ერთად ვახორციელებთ სოფლის მეურნეობის განათლების მხარდაჭერას, მათ შორის, უმაღლესი, პროფესიული და საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების, ასევე, ფერმერებში უნარების განვითარების კუთხით. ასევე გვაქვს სხვადასხვა ტიპის მხარდამჭერი პროექტები, სკოლებს ვეხმარებით ახალგაზრდებში სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციაში, შევქმენით აგროპროექტები... მოკლედ, ძალიან ბევრი მიმართულება გვაქვს დაწყებული. ამ ეტაპზეც გრძელდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ასეთი გაურკვეველი ვითარება დიდხანს გვექნება, ცხადია, ეს აქტივობები იმ ინტენსივობით ვეღარ გაგრძელდება, რადგან შეუძლებელია, მთავრობა-მთავრობასთან თანამშრომლობის გარეშე განხორციელდეს. თუნდაც საგანმანათლებლო პროგრამები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი აქტივობა ითვალისწინებს სახელმწიფოს ჩართულობას, მათი მხრიდან მხარდაჭერას, მის თანამონაწილეობას და რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახდება ეს პროცესი. მინიმუმ, შესუსტდება შედეგიანობა, თუ საერთოდ არ გაჩერდება.
ჩვენ ახლა ვინარჩუნებთ პროექტებს, თუმცა ეს ინტენსივობა არის ძალიან დაბალი. პრინციპში, გარკვეული პროცესი რაღაც ინერციით მიდის, მაგრამ ეს ასე ვერ გაგრძელდება.
ასეთ ვითარებაში, ალბათ, პრიორიტეტების გადალაგება მოხდება დონორების მიერ. მიდის მუშაობა კერძო სექტორთან, თუმცა, თუ ჩვენ გვინდა, რომ საზოგადოებრივი ინსტიტუციები და ზოგადად, სამოქალაქო სექტორი (სოფლის მეურნეობის მიმართულებით) გახდეს უფრო ძლიერი, ეს მხოლოდ კერძო სექტორის მუშაობით შეუძლებელია. რაღაც გარდამავალ ეტაპზე შეიძლება, მაგრამ მდგრადი აქტივობების წარმოდგენა ამ მიმართულებით, უბრალოდ შეუძლებელია. ალბათ, ამ შემთხვევაში, ამ კუთხით, პროექტები გაჩერდება, ისევე როგორც ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია. პიროვნულად ყველა ვიპოვით ჩვენს გზებს, უბრალოდ სახელმწიფო დაკარგავს დიდ შესაძლებლობებს და რესურსს. კარგად იცით, როგორი კადრები მუშაობენ საერთაშორისო დონორებთან, ისინი, ვისაც კარგი განათლება აქვს, მათ შორის, საზღვარგარეთ მიღებული, ამიტომ, საკმაოდ დიდი ტვინების გადინება მოხდება, როგორც მინიმუმ. ალბათ, წავლენ ქვეყნიდან. ეს ძალიან ცუდი იქნება, რადგან დიდი რესურსი დაიკარგება.
ამ ეტაპზე, ჩვენც არ ვიცით, რა იქნება, ჩვენი დონორები გვეუბნებიან, რომ სამოქალაქო სექტორის მხარდაჭერას გააგრძელებენ, მაგრამ ეს ისეთი მასშტაბებით ვეღარ იქნება და ფუნდამენტურ რეფორმებს აღარ ექნება მხარდაჭერა. თუ სახელმწიფო არ იქნება ჩართული, შეუძლებელია, რეფორმა განხორციელდეს. ან როგორ უნდა გაგრძელოს ამერიკამ და ევროკავშირმა რეფორმის მხარდაჭერა, თუ ქვეყნის ხელისუფლების ხედვა, მათ ხედვას მას სცილდება“,- ამბობს რუსუდან გიგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ უკვე 49-ე დღეა საქართველოში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ამის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, რომლის მიხედვითაც მთავრობა ევროკავშირის მხრიდან ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს. ასევე კობახიძის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" გუნდი ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებების პროცესს არ დაიწყებს.