„გაიღვიძეთ და იბრძოლეთ ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოგვაკითხავენ და მერე გვიანი იქნება,“ - ამის შესახებ ბიზნესმენი, „აი სი არ ჯგუფის“ დირექტორი კახა ხაზარაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე 15 იანვარს დაანონსებულ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო მოგესალმებით. ამჯერად თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო 15 იანვარს ბიზნესის მიერ დაანონსებულ 3 საათიან გაფიცვაზე. როგორც ვხედავ ბევრი ყოყმანობს თუ რა პოზიცია უნდა ჰქონდეს ბიზნესს. კომპანიების ნაწილი უერთდება გაფიცვას, ნაწილი აცხადებს რომ თანამშრომლებს ხელს არ შეუშლის გაფიცვაში მონაწილეობაზე. ნაწილი საერთოდ ვერ ხვდება რასთან გვაქვს საქმე.
ამიტომაც გადავწყვიტე რომ განვმარტო იმ კომპანიებისთვის ვინც ვერ ხვდება რასთან გვაქვს საქმე.
ეს გაფიცვა პირველ რიგში არის სოლიდარობა იმ 51 უსამართლოდ დაჭერილი ახალგაზრდის მხარდასაჭერად, ვინც რეჟიმის ტყვეებად რჩებიან. ეს არის ის მინიმალური სოლიდარობა რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. ეს არის თანადგომა მათი მშობლების და ოჯახის წევრების მიმართ, ეს არ არის ტრენდი მეგობრებო!
ეს არის ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა, ეს არის გაბრაზება და სიგნალი იმ რეჟიმის მიმართ, ვინც ჯერ კიდევ ვერ ხვდება რომ ქართველი არ დაიჩოქებს და ბოლომდე იბრძოლებს თავისუფლებისთვის.
გაიღვიძეთ და იბრძოლეთ ბოლომდე, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას მოგვაკითხავენ და მერე გვიანი იქნება. დაიბრუნე ღირსება საქართველო,“ - წერს კახა ხაზარაძე.