„როგორც კი ოდნავ დასტაბილურდება სიტუაცია, ძალიან დიდი პროცენტით დაიწყება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა“ - Geo Realty

„უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირებულია“ - ამაზე საუბრობენ სფეროს წარმომადგენლები და ბაზარზე არსებული ტენდენციას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ.

უძრავი ქონების სექტორში ყურადღებას ამახვილებენ იმაზეც, რომ გასულ კვირებში მოთხოვნასთან ერთად შემცირებულია გაყიდვები და გადაწყვეტილების მიღების პროცესიც. კერძოდ, მოქალაქეებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ უძრავი ქონება გაიაფდებოდა და ამ მოლოდინებიდან გამომდინარე, უძრავი ქონების შეძენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გადადეს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გამოწვევების ფონზე ხვდება უძრავი ქონების სექტორი 2025 წელს და აღნიშნულთან დაკავშირებით Geo Realty-ის დამფუძნებელ მაია გამზარდიას ესაუბრა. რესპონდენტი ელოდება, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლოა, მომდევნო პერიოდებში უძრავი ქონების ყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი კვლავ გახანგრძლივდეს, რაც სექტორისთვის გამოწვევა იქნება.

„უძრავი ქონების სფერო ბიზნესში ყველაზე მგრძნობიარე სექტორია. გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წელს ადამიანები ხვდებიან დიდი სტრესით, ეს სტრესი აისახება ჩვენს ბიზნესზე. მოსალოდნელია, რომ გამოწვევები იქნება გარკვეულ მომენტში და უძრავი ქონების შეძენის კუთხით გადაწყვეტილების მიღება ისევ გაუჭირდებათ ადამიანებს. თუმცა, როდესაც მიხვდებიან, რომ ის მოლოდინები, რაც ჰქონდათ არ გაუმართლებთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესსაც დააჩქარებენ“, - აღნიშნავს Geo Realty-ის დამფუძნებელი.

ამასთანავე, გამზარდია აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იჯარაზე მოთხოვნა შემცირდება. მანვე ისაუბრა ფასებთან მიმართებაშიც და აღნიშნა, რომ როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, უძრავი ქონება კვლავ გაძვირდება.

„გამომდინარე ყველა იმ გამოწვევისა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს პოლიტიკური თვალსაზრისით და იმ ასპექტებით, რასაც ჩვენ ახლა გავდივართ, ცხადია, გარკვეულ პერიოდში ისეთი ფონდებისგან, როგორებიცაა USIAD, UNICEF და საერთაშორისო კომპანიებიდან, მოგვაკლდება დამკვეთი მოიჯარის ნაწილში.

მიუხედავად ამისა, არ უნდა დავთესოთ პანიკა. უძრავი ქონების ბიზნესი ყველა შემთხვევაში ვითარდება, დეველოპერები საკმაოდ დიდი რაოდენობით აშენებენ შენობებს და მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ვიყოთ მზად მისთვის, რომ როგორც კი ოდნავ დასტაბილურდება სიტუაცია ძალიან დიდი პროცენტით დაიწყება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა“, - აღნიშნავს მაია გამზარდია.

მერი ტაბატაძე