„დილერები არ არიან კმაყოფილები, გართულდა რეალიზაცია - ვერ გეტყვით, რომ კარგი გაყიდვები გვაქვს“

5-წლიანი ზრდის შემდეგ, 2024 წელს საქართველოდან ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მსუბუქი მანქანების (რაოდენობა) ექსპორტის წლიურად კლებამ 0.38% შეადგინა, აღნიშნულ პერიოდში ექსპორტზე გავიდა 97 831 ავტომობილი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 2.2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. წინა წლის 11 თვეში კი ექსპორტირებული 98 209 მსუბუქი ავტოტრანსპორტი (ჯამური ღირებულებით 1.94 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების).

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის 11 თვეში წლიურად მსუბუქი ავტომობილების რაოდენობის იმპორტი 7.7%-ით შემცირდა. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში იმპორტირებულია 3.084 მილიარდი აშშ დოლარის 185 834 ერთეული მანქანა, ხოლო 2023 წლის იმავე პერიოდში 3.082 მილიარდი დოლარი 201 471 ავტომობილი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა გამოწვევების ფონზე ხვდებიან 2025 წელს ავტოდილერები. როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარეს ლაშა დარბაისელმა განაცხადა, შემცირებულია გაყიდვები, ავტოიმპორტიორები კი გართულებულ რეალიზაციაზე საუბრობენ.

„თუ შევხედავთ რეექსპორტსა და შიდა ბაზარზე ავტომობილების გაყიდვებს, ვერ ვიტყვით, რომ ყველაფერი წესრიგშია და კარგი გაყიდვები გვაქვს. ავტოიმპორტიორები არ არიან მაინც და მაინც კმაყოფილები ამ კუთხით. ამბობენ რომ გართულდა რეალიზაცია. დამოკიდებული ვართ რეექსპორტზე, ის ასახავს ჩვენს მდგომარეობას, იყო რაღაც პერიოდი წინსვლის ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით, მაგრამ უკვე თავად იწერენ ავტომობილებს, რაც ჩვენთვის პრობლემას წარმოადგენს. შიდა ბაზარზე არასდროს არ ვიყავით დამოკიდებული და დღესაც ეს ტენდენცია გრძელდება. ვერ გეტყვით, რომ უახლოეს პერიოდში გაყიდვების ზრდის მოლოდინი გვაქვს.

თითოეულ წელს პოზიტიურად ვხვდებით ხოლმე, შევეცდებით, რომ მაქსიმალურად გავზარდოთ გაყიდვები, მოვიძიოთ ახალი პარტნიორები, ახალი ბაზრები ავითვისოთ. თუმცა, ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რომ ვინმე ახალ პარტნიორს მოვიძიებთ, რადგან სომხეთის ბაზარზე წვდომა ვერ მოხერხდება, აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი დაკეტილი გვაქვს, რაც ართულებს მდგომარეობას. თუ აზერბაიჯანთან საზღვარი გაიხსნებოდა, დიდ შეღავათს მისცემდა ეს ავტოიმპორტიორებს. ამჟამად აზერბაიჯანიდან მყიდველები თითქმის აღარც არიან. პორტით ავტომობილები შემოდის და შემდეგ ტრანზიტით გადის აზერბაიჯანში“, - განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

მერი ტაბატაძე