“შემოვიდნენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებმაც შექმნეს არაჯანსაღი კონკურენცია”, - ამის შესახებ სილამაზის სალონების ფედერაციის ხელმძღვანელმა თამარ შარაშენიძემ bpn.ge-სთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მხრივ ბაზარი უკონტროლოა და არავითარი სტანდარტები არ არსებობს.
“პრობლემაა არის ის, რომ შემოვიდნენ უცხოელი სპეციალისტები, რომლებმაც შექმნეს არაჯანსაღი კონკურენცია. ძირითადად არიან უკრაინიდან, გახსნეს საკუთარი სალონები. არაერთხელ დახურეს და ისევ ახლიდან გახსნეს, რამაც ბაზარზე წარმოქმნა გაურკვეველი ვითარება.
ჩვენი მომხმარებლები რომ გაიგებენ უცხოელი სპეციალისტია, მიდიან ვითომდა, უფრო მაღალი ხარისხის სერვისის მისაღებად. რეალურად, არავინ იცის იმ უცხოელის წარმომავლობა, განათლება, პროფესიონალიზმი, სტაჟი და ვიდრე მიხვდება მომხმარებელი, რომ ჩვენი სპეციალისტი არაფრით ჩამოუვარდება უცხოელს და ხშირ შემთხვევაში, ჯობია კიდეც, მანამდე ჩვენი სალონები მომხმარებელს ხომ კარგავს?! აი ეს ქაოსური სქემაა და უკვე 10 წელია ვსაუბრობ, რომ არ გვაქვს ლიცენზიები, სტანდარტები, ამ ყველაფრის ბრალია. ვისაც როგორ უნდა, ისე ხსნის და ხურავს სალონებს.
განსაკუთრებით, ესთეტიკური მიმართულებით, ვიზაჟი (ასევე, წამწამების დაგრძელება, ტატუაჟი) ძირითადად ამ მიმართულებით შეინიშნება არაჯანსაღი კონკურენცია. ბათუმი განსაკუთრებით მძლავრად აქვთ მოცული. არაერთხელ მივმართეთ შესაბამის ორგანოებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეხედულებები, რაც მიზანშეწონილად მიგვაჩნია, უბრალოდ, არ ვართ კანონმდებლები, რომ შესაბამისი რეგულაცია დავწეროთ და მივიღოთ. ჩვენი პოზიცია დაფიქსირებული გვაქვს იქ, სადაც საჭიროა, მაგრამ პასუხს ველოდები რამდენი წელია”,- ამბობს თამარ შარაშენიძე.
მისი ინფორმაციით, სალონებს ძირითადად უკრაინელები ხსნიან, ასევე ბაზარზე ფუნქციონირებს ირანელებისა თუ თურქების “ბარბერ შოპები”, თუმცა ისინი საკუთარ მოქალაქეებს ემსახურებიან.
“სალონებს ძირითადად უკრაინელები ხსნიან. რუსები ძალიან მცირე რაოდენობით, ასევე, არიან ირანელები და თურქები, რომლებსაც ძირიღადად, “ბარბერ შოპები” აქვთ და თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ემსახურებიან და ვერ ვიტყვი, რომ ჩვენთვის კონკურენტები არიან”, - ამბობს თამარ შარაშენიძე.