UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილსა და დაღესტნელ უმარ ნურმაგომედოვს შორის 19 იანვარს დაგეგმილი ბრძოლა არა მხოლოდ სპორტული დაძაბულობისა და მონაწილეთა შორის კონფლიქტის გამო, არამედ ქართველი მებრძოლის ჰონორარის ოდენობის მხრივაც საინტერესოა.
იმის გამო, რომ ეს ბრძოლა ქართზე მეორე ხაზს იკავებს, მებრძოლები თანხას არა მხოლოდ ფიქსირებული საფასურიდან მიიღებენ ოქტაგონზე შესვლისთვის, არამედ PPV (pay-per-view), ანუ სამაუწყებლო გაყიდვებიდანაც პროცენტული წილი ეკუთვნით. ასეთი ბონუსები საგრძნობლად ზრდის მათ შემოსავალს, მით უმეტეს, თუ ტურნირი სამაუწყებლო გაყიდვების კუთხით კარგ შედეგებს აჩვენებს.
მაგალითად, შონ ო'მალისთან ბოლო ბრძოლისთვის მერაბ დვალიშვილმა 1.43 მლნ დოლარი გამოიმუშავა. აქედან 500 000 დოლარი მისი მონაწილეობის საფასური, 100 ათასი დოლარი მოგების ბონუსი, 800 000 დოლარი PPV-გაყიდვების პროცენტი, ხოლო 32 ათასი დოლარი სპონსორების მხრიდან წახალისება იყო.
მართალია, UFC 311-ზე ჰონორარის ზუსტი მონაცემები საჯაროდ არ მჟღავნდება, თუმცა საფუძვლიანი მოლოდინი არსებობს, რომ დვალიშვილის მთლიანი შემოსავალი სოლიდური იქნება, რაც მის, როგორც UFC-ის ჩემპიონის სტატუსსა და ბრძოლის დიდ რეზონანსს ასახავს.
კერძოდ, მოელიან, რომ UFC 311-ისთვის დვალიშვილის საბაზისო ხელფასი წინაზე მაღალი, პოტენციურად, 500 000-დან 600 000 დოლარამდე დიაპაზონში იქნება. გაზრდილი ფსონებისა და მაყურებლის მატების გათვალისწინებით, საბაზისო ხელფასის გარდა, დვალიშვილი მოგების შემთხვევაში, სავარაუდოდ, ბრძოლაში მონაწილეობის ბონუსსაც მიიღებს. მას, ასევე, წილი PPV-შემოსავლიდან და პირადი სპონსორობიდანაც გადაეცემა.
ცნობისთვის, მერაბ დვალიშივილსა და უმარ ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა, თბილისის დროით, 19 იანვრის დილას გაიმართება. ბუკმეკერები ფავორიტად ნურმაგომედოვს ასახელებენ და თვლიან, რომ მერაბ დვალიშვილს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნება გაუჭირდება.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა 2024 წლის 15 სექტემბერს ამერიკელი მებრძოლი, შონ ო’მალი დაამარცხა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალი ჩემპიონი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ დვალიშვილისთვის UFC-ში ეს გამარჯვება ზედიზედ მე-11 იყო. ამასთანავე, დვალიშვილმა შერეულ ორთაბრძოლებში გამართული 22 ბრძოლიდან 18 შემთხვევაში გამარჯვება მოიპოვა. ბოლოს ის 2018 წელს დამარცხდა.
რაც შეეხება UFC-ის საჩემპიონო ქამარს, ის დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის საჭირო მასალებით: ოქრო, ვერცხლი და ტყავის სარტყელი. Sportskeeda-ს ინფორმაციით, ქამრის დამზადებისთვის დაახლოებით 2 ფუნტი ოქროა საჭირო. აღსანიშნავია ისიც, რომ ფანებისთვის შესაძლებელია UFC საჩემპიონო ქამრების ასლის შეძენა, რომელთა ფასები განსხვავებულია. UFC Collectibles-ის მონაცემებით, ასლის ფასი 299 დოლარიდან იწყება და ხელმოწერილის შემთხვევაში 3 999 დოლარსაც კი აღწევს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ